ზაფხული დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება. ამ დროს ყველა ცდილობს, მთელი წლისთვის საკმარისი ენერგიით დაიმუხტოს და დრო განსაკუთრებულად გაატაროს. ვნახოთ, როგორია დალი ჩიტალაძის საზაფხულო არდადეგები.
დალი ჩიტალაძე: საოცნებო არდადეგები სხვანაირია, მაგრამ ნათქვამია, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიფარეო (იცინის). ოცნებით ძალიან მინდა, ახლა კაპრიზე ან საბერძნეთის რომელიმე კუნძულზე ვიყო, მაგრამ მერე რა, რომ არ ვარ?! ოცნებები კარგია, იმიტომ რომ ისინი აუცილებლად რეალიზდება. ოცნებაც არ დავარქვათ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო და ის აუცილებლად აგისრულდება. ადრე უფრო მეტს ვმოგზაურობდი, ახლა – ნაკლებად, იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ. სხვა პასუხისმგებლობები მაქვს – მოხუცი მშობლები, საკუთარ ჯანმრთელობასაც ცოტა მივხედე და ამ მომენტში ნაკლებად ვიცლი მოგზაურობისთვის, თუმცა, წინ კიდევ დიდი დროა. საერთოდ, ცხოვრება მაშინ არის საინტერესო, როდესაც ბევრს მოგზაურობ. სხვა არაფერს ვნატრობ, იმდენი საშუალება მქონდეს, რომ სადაც მინდა, იქ წავიდე. მინდა, მთელი ჩემი დედამიწა მოვიარო, თავის ყველა საინტერესო კუთხით. თუმცა, მოგზაურობა და დასვენება ორი სხვადასხვა რამ არის. ჩემთვის დასვენება პლაჟთან და გრიგოლეთთან ასოცირდება. ეს არის ადგილი, სადაც არ ვფიქრობ, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები, როგორი მაკიაჟი მაქვს (იცინის). მთელი დღე ვცურავ, ვამზადებ გემრიელ ვახშამს და იქ საკუთარი თავიცა და ოჯახის დანარჩენი წევრებიც, ყველა თევზის დიეტაზე მყავს. ასე გემრიელად ვისვენებთ.
– დასასვენებლად რომ მიდიხართ, მთელი გარდერობი მიგაქვთ თუ ამ საკითხს ძალიან პრაქტიკულად უდგებით?
– ბევრი რამ მიმაქვს, მაგრამ უფრო საზღვაო სარაფნები, ქუდები, გადმოსაცმელები. საღამოს ზოგჯერ აცივდება, წვიმაც ხშირია და ამ ყველაფერისთვის მომზადებული მივდივარ. ზედმეტი და ზღვისთვის შეუსაბამო არაფერი მიმაქვს.
– ზღვისთვის მზადება ქალებისთვის საკმაოდ შრომატევადი პროცესია. კანი, კილოგრამები, თმა – ბევრი საზრუნავია.
– ჩემი თავის მოვლის რუტინა მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია. ვუვლი როგორც სახის, ისე ტანის კანს. მაგრამ, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ზედმეტი კილოგრამები მოვიშორო. ზამთარს და ადრეულ გაზაფხულს ახასიათებს კალორიების დაგროვება და შედეგად მიღებული ზედმეტი კილოგრამები აუცილებლად უნდა მოიცილო. ჩემთვის ის 2-3 კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელი ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის აკრეფა დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატნია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ (იცინის). რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში.
– და როგორ აღწევთ შედეგს?
– ყველაფერს ვჭამ რაც გემრიელია, მაგრამ როგორც კი დოზას გავზრდი, ვიმატებ. თუ ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ცოტ-ცოტას, გამორიცხულია მოვიმატო. ეს არის ჩემი ოქროს წესი – შეამცირეთ დოზა. თუ გინდათ, საგრძნობლად დაიკლოთ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბურღულეული და უნდა მიიღოთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი. თევზი, კვერცხი, ყველი, ბოსტნეულთან ერთად. ამ პროდუქტის მიღება აუცილებელია, ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის, თუმცა, ხანდახან განტვირთვის დღეებიც, ანუ მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაც კარგია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ქუჩები, სადაც წყალი შეწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი
წყარო: tbiliselebi.ge