აუტიზმი არის ნეიროგანვითარებითი აშლილობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ ურთიერთობებზე, კომუნიკაციასა და ქცევაზე. ის არ არის დაავადება, არამედ ტვინის განსხვავებული ფუნქციონირებაა.
აუტიზმზე დღეს ბევრი ადამიანი საუბრობს, თუმცა როგორ გამოიყურება აუტიზმი ზრდასრულ ასაკში, ამაზე სულ რამდენიმე ინტერვიუს წააწყდებით. ერთ-ერთი ვინც აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ მსჯელობს ამერიკაში მცხოვრები კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძეა.
როგორც კლინიკური ფსიქოლოგი აღნიშნავს, საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი ის მითი, რომ თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკის მდგომარეობაა და შემდეგ რაღაცნაირად ქრება:
„ქართულ კულტურაში - და არა მხოლოდ, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ღრმად არის გამჯდარი მითი, თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკის მდგომარეობაა; თითქოს ეს არის რაღაც, რაც ბავშვობაში იჩენს თავს და შემდეგ რაღაცნაირად ქრება. ამ ინფორმაციას ხშირად ვხვდებით პოსტერებზე, კლინიკების მისაღებ ოთახებში... საინფორმაციო კამპანიების უმრავლესობაში აუტიზმის სახე ყოველთვის ბავშვია.
მე მინდა დავსვა ერთი კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად არ ვსვამთ: სად მიდიან აუტიზმის მქონე ბავშვები, როდესაც იზრდებიან? ნუთუ ისინი 18 წლის შესრულებისთანავე ცდებიან საკუთარ ნეირობიოლოგიას? პასუხი ძალიან მარტივია: არა, ეს ასე არ ხდება.
თქვენს ირგვლივ, ალბათ, არიან ადამიანები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში აუტიზმით ცხოვრობენ და ეს დიაგნოზი დასმული არ აქვთ. დადიან სამსახურში, ზრდიან შვილებს, მართავენ ურთიერთობებს, იხდიან გადასახადებს და შეიძლება თვითონაც არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ მათი ტვინი სრულიად განსხვავებულად არის მოწყობილი.
ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის იდენტიფიცირების მთელი კლინიკური სისტემა აგებული იყო ერთი კონკრეტული პროტოტიპის გარშემო - ახალგაზრდა, თეთრკანიანი, სოციოეკონომიკურად პრივილეგირებული მამრობითი სქესის წარმომადგენელზე. ეს არ ყოფილა შემთხვევითი. თითქმის ყველა საწყისი კვლევა ექსკლუზიურად ბიჭებზე იყო დაყრდნობილი; დიაგნოსტიკური კრიტერიუმებიც, რომლებიც ცოტა მოგვიანებით შეიქმნა, სწორედ ბიჭების გარშემო დაიწერა. სისტემა ისე კი არ შექმნილა, რომ გოგოები და ზრდასრულები შეგნებულად გამოეტოვებინათ, უბრალოდ თავიდანვე ამ სისტემას მათი გამოკვლევა არც კი დაუწყია. ციფრებმა და კვლევებმა კი დაგვანახვა, თუ რამხელა ზიანი მოგვაყენა ამ მიდგომამ.
გლობალური მონაცემებით ვიცით, რომ 36 ბავშვიდან ერთს აქვს აუტიზმის სპექტრის კრიტერიუმები. როდესაც დიაგნოსტიკას სქესთა მიხედვით შევხედავთ, ვხედავთ თანაფარდობას - 3-4 მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოდის 1 მდედრობითზე.
თაობების განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება ამ დისბალანსს ბიოლოგიურ ფაქტად განიხილავდა. უბრალოდ ვამბობდით, რომ აუტიზმი კაცებში უფრო ხშირია და ამით ყველაფერს ვამთავრებდით. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ ეს ვარაუდი ფაქტობრივად გაანადგურა და შედეგები შეიცვალა, რეალური თანაფარდობა კაცებსა და ქალებს შორის უფრო გაწონასწორდა.
აუტიზმის მქონე გოგოების 80% 18 წლის ასაკს ყოველგვარი დიაგნოზის გარეშე აღწევს. ეს კატასტროფული მონაცემია! შვედეთში ჩატარებულმა გრძელვადიანმა კვლევამ, სადაც 20 წლის ქალებსა და კაცებს ადარებდნენ, აჩვენა, რომ პროპორცია თითქმის ერთი-ერთზე დადგა. აუტისტი ქალები გამოგვრჩა არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ სახელმძღვანელოებში არასდროს ეწერნენ.
აქ მინდა გიბიძგოთ კრიტიკული აზროვნებისკენ: ეს არ არის მხოლოდ მედიცინის ჩამორჩენილობის პრობლემა, ეს არის სისტემური, ათწლეულების განმავლობაში არსებული მარცხი, რომელსაც სერიოზული შედეგები ჰქონდა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე - მათ შორის იმ ადამიანებზეც, რომლებიც თქვენ გვერდით ცხოვრობენ. მინდა, დავფიქრდეთ არა იმაზე, თუ როგორ გამოგვრჩნენ ისინი, არამედ ბევრად უფრო უხერხულ კითხვაზე: ვინ ისარგებლა დიაგნოსტიკური სისტემით, რომელიც მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანებს ეძებდა?
როდესაც ადამიანი საქართველოში ისე იზრდება, რომ აქვს აუტიზმი და არასდროს ეძლევა საკუთარი თავის გაგების ჩარჩო, საზოგადოება ამ სიცარიელეს ასე არ ტოვებს, იგი მიეშურება, რომ იარლიყები მიაკროს მას. საქართველოში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს: „აუ, ცოტა უხეშია“, „ძალიან კომპლექსიანია“, „ცოტა ამაყია“... ან მეორე უკიდურესობა: თუ ძალიან ნიჭიერები არიან რომელიმე სფეროში, ამბობენ, „გენიოსია, მაგრამ ცოტა გიჟი“. ისინი არიან ბრწყინვალე, მგრძნობიარე, ღრმად ეთიკური ინდივიდები, რომლებმაც 30-40 წელი გაატარეს იმის მოსმენაში (ახლობლებისგანაც კი), რომ რაღაცნაირად ფუნდამენტურად არასწორები არიან.
შევხედოთ, რას აკეთებს დაუდგენელი დიაგნოზის მქონე ზრდასრული ადამიანი ასეთ გარემოში - იგი ატარებს ნიღაბს. „მასკინგი“ მათთვის არის ბუნებრივი ნევროლოგიური რეაქციების შეგნებული, დამქანცველი და უწყვეტი ჩახშობა. ეს გამოიხატება, მაგალითად, თვალით კონტაქტის ძალდატანებაში (მაშინ, როცა ეს ფიზიკურ ტკივილსაც კი იწვევს) ან თითოეული საუბრის სცენარის დღეებით ადრე გაწერაში. ეს ნიშნავს გარშემომყოფებზე დაკვირვებას და მათი სიცილის, სხეულის ენის, მეტყველების მანერისა თუ სახის გამომეტყველების „კოპირებას“. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სამსახური, დარჩნენ ურთიერთობებში და გარშემომყოფები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი რიგზეა. საბოლოოდ, ამ ადამიანებში სისტემა ითიშება. კლინიკურ ენაზე ამას აუტისტურ გამოფიტვას (Autistic Burnout) ვუწოდებთ“, - აცხადებს მინდია გაბიჩვაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დავით ლომიძემ „საბავშვო ევროვიზიის“ სცენაზე რეპეტიცია გაიარა - ექსკლუზიური კადრები