ცნობილი ფილოლოგი და პედაგოგი, გია მურღულია, სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და დაფიქრების მომცემ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად იგი ადამიანურ ურთიერთობებზე, საზოგადოების მხრიდან არსებულ განწყობებზე და იმაზე საუბრობს, თუ ვის უნდა დავუთმოთ ჩვენი ცხოვრების მთავარი დრო.
გია მურღულია ადამიანებს პირობითად 3 კატეგორიად ყოფს: იმათად, ვისაც ვუყვარვართ; იმათად, ვისთვისაც სულ ერთია, ვარსებობთ თუ არა და იმათად, ვისაც ვძულვართ. მისი თქმით, ხშირად არცერთ ამ განწყობას არ სჭირდება კონკრეტული მიზეზი.
„არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ.
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთია, ცხოვრობ თუ არა.
არიან ადამიანები, რომლებსაც სძულხარ და მუდმივად ცუდად მოგიხსენიებენ.
ამ სამიდან, უპირატესად, არც ერთს არც აქვს და არც სჭირდება თავისი განწყობის მიზეზი - მისგან შენი ხედვაც საკმარისია.
შენ რა უნდა გააკეთო?
ეცადო, მეორენი გადმოიბირო?
ან - მესამეთ ჭკუა ასწავლო და შენი ჭეშმარიტება შეასმინო?
დიდწილად არაფერი შეიცვლება.
გააკეთე შენი კეთილი საკეთებელი და ეცადე, ისინი არ დაკარგო, ვისაც უყვარხარ.
მთავარი დრო სწორედ მათ დაუთმე.
„სხვას ყველას მახე უგია - თავისა გასაყოფელი". (დავით გურამიშვილი)
შეგიძლია სცადო, რომ ნეიტრალური განწყობა ან სიძულვილი სიყვარულად აქციო.
თუ ამას მოახერხებ, გაუკვირდებათ, მაგრამ ძალიან შეგაქებენ.
გიღირს? - გააკეთე.
თუმცა გახსოვდეს, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ამ სურვილის აღსრულებას უშედეგოდ შეალიო.
ასე იქცევიან გმირები და წმინდანები.
ისინი მიზანს აღწევენ, თუმცა ძალიან ცოტანი არიან.
ვინც ვერ აღწევს?
ისინი შესაძლოა სულელებად მონათლონ.
დიდი ალბათობით ასეც იქნება.
ღმერთმა დრო მოგცა. შენი პასუხისმგებლობაა, მას როგორ დახარჯავ - მარადისობას იყიდი, თუ ამაოებას გადააყოლებ.
დღესაც შეგიძლია ამაზე იფიქრო. შენ გვერდით სიყვარულის ყვავილს მორწყავ, თუ მოშორებით ამოსულ სარეველას გადააქცევ მომხიბვლელ და სურნელოვან მცენარედ?
ჩვეულებრივ კეთილგონიერ ადამიანად დარჩები, თუ რისკის გზას დაადგები და გმირობასა თუ წმინდანობას
შეეცდები?
ხანდახან კითხვის დასმაც კი ძნელია.
არადა, პასუხს მოძებნა უნდა.
მას იქ ელოდებიან, სადაც დიდხანს მოცდა არ უყვართ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მამა, როცა მენატრება, ხშირად ვტირი, ბოლოს 5 წლის წინ ვნახე“ - ლიზა დარასელია
⭕როგორ აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან