
გამოცემა „უოტფორდ ობსერვერის“ რეპორტიორმა, ადამ დრურიმ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ჩაკვეტაძესთან, რომელიც ამბობს, რომ კლუბში ძალიან ბედნიერია.
სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე „უოტფორდმა“ მსურველებს უარი უთხრა.
„ჩაკვეტაძე გასულ სეზონში ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, მისი დრიბლინგები „უოტფორდის“ გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ კლუბმა ისინი უარით გაისტუმრა. გუნდის იტალიელი მფლობელი ჯინო პოცო საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებას ცდილობს, რადგან ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა სურს. ეს ხელს აძლევს ჩაკვეტაძეს, რომელმაც „უოტფორდ ობსერვერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბში რჩება“ - აღნიშნულია ინტერვიუს შესავალში.
გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი:
„უოტფორდში“ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან და ომახიანად გვიჭერენ მხარს. მათ წინაშე გამოსვლა მსიამოვნებს და ძალიან მიხარია, რომ თამაშს აქ გავაგრძელებ. მიზანს უნდა მივაღწიოთ და პრემიერლიგაში გადავიდეთ. ვფიქრობ, „უოტფორდს“ ეს შეუძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით ვარჯიშს დავიწყებ. ტერფის გარე ნაწილი ძალიან მტკიოდა. თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ვფიქრობ, ახალი სეზონისთვის მზად ვიქნები“, - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
⭕გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო
წყარო: 1tv.ge