Digest Logo

„ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს, არ შეესაბამება სიმართლეს“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1723541590
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში გაჩენილი ხანძრის დროს, რასაც 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა, მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ხანძრის ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ დაფიქსირებულა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოღწევა ორმა მოზარდმა შეძლო, ტყუპი, 6 წლის ბავშვები კი სავარაუდოდ, ძლიერი დაკვამლიანების შედეგად გაიგუდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ლამაზი“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„უმაღლესი ჯილდოები, რასაც სახელმწიფო გასცემს ჩვენს მიმართ არის ძალიან მაგარი და მადლობა თითოეულ მათგანს ამ ყველაფრისთვის“ - გენო პეტრიაშვილი

⭕ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ