Digest Logo

„იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ...“ - რას ამბობ რუსკა ქარქაშაძე

1673378112
რუსკა ქარქაშაძე

19 წლის მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა ქარქაშაძემ ადრეულ ასაკში მოიპოვა პოპულარობა. საზოგადოებამ ის წლების წინ შეიყვარა ცნობილი სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. მისი ნიჭი და მომხიბვლელობა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. მართალია, სერიალს დროებითი პაუზა ჰქონდა, თუმცა მისი მთავარი გმირის, პატარა რუსკას მიმართ ინტერესი და სიყვარული არ განელებულა. წლების შემდეგ, სერიალი კვლავ ბრუნდება ტელეეკრანებზე. გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე გაზრდილი რუსკა, სულ მალე კვლავ მოგვევლინება ტელეეთერში. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ რუსკას ცხოვრება ფათერაკებითაა სავსე, თუმცა იღბლისა და ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად სრულდება ხოლმე. 

რუსკა ქარქაშაძე: მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. დღე და ღამე გადასაღებ მოედანზე მიწევს ყოფნა. აქ ვათენებ და ვაღამებ. თუმცა, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ტელეეკრანზე დაბრუნდება სერიალი, რომლითაც ხალხმა გამიცნო და შემიყვარა, ნამდვილად არ დავიწუწუნებ, რომ ვიღლები. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ოჯახური დღესასწაულია. თუმცა, გადაღებების გამო, დრო ნაკლებად დამრჩა, მეც მიმეღო მონაწილეობა ამ ოჯახურ სადღესასწაულო მზადებაში. 30 დეკემბრამდე გვქონდა გადაღებები და ასე რომ, ეს ახალი წელი უფრო განტვირთვისა და დასვენების დრო იყო, ვიდრე გართობის.

- მართალია, რომ გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და გადაღებებმა, ფსიქიკური პრობლემები გამოიწვია და იპოქონდრიული შეტევები გქონდა?

- დიახ, პირველი იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ. პირველი სეზონის მეოთხე გადაღებაზე რეჟისორმა დაიძახა: ვიწყებთ!.. და, მე ვგრძნობ, ვერ ვიწყებ. ხელები ამიკანკალდა, თავბრუ დამეხვა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ფეხებში ძალა გამომეცალა, თითქოს რეალობას მოვწყდი. სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს და არაფერი გჭირსო. მაშინ, 13 წლის ასაკში, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო პანიკური შეტევა. მეგონა, ფიზიკურად რაღაც ვერ იყო მწყობრში და ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. იმ ღამეს გადაღება არ გაგრძელდა, მომაკითხეს მშობლებმა და სახლში წამიყვანეს. დედა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მეორე დღეს წამიყვანა ფსიქოლოგთან. 4-5 ვიზიტის შემდეგ, მივხვდი, უკეთ ვიყავი. ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი და ამის შემდეგ, სულ ყურადღებით ვარ, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სხვათა შორის, ბოლო პანიკური შეტევა, ახლახან დამემართა თვითმფრინავში. არ მიყვარს ფრენა, ემოციურად დაძაბული ვარ, განვიცდი და როცა რაღაცაზე ნერვიულობ, ბუნებრივია, ნეგატიური ფიქრები მოდის. დავიწყე ლაპარაკი მეგობრებთან ყველაფერზე, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. სხვას ვერაფერს ვიზამდი ცაში (იცინის). დიდი ხანია, ვებრძვი ფრენის შიშს და როგორც კი დრო გამომიჩნდება, გადავწყვიტე, ფრენის შიშის დაძლევის კურსებზე ვიარო.

- ახლობლები ამბობენ, რომ ერთგვარი მოსიარულე აფთიაქი ხარ. მართლა დაგაქვს ჩანთით პირველადი დახმარების წამლები?

- წესად მაქვს, სახლიდან ისე არ გავდივარ, თუ პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლები არ მიდევს ჩანთაში. ეს არის: ყელის საწუწნი აბები, „იბუპროფენი“, თერმომეტრი, გულის დამამშვიდებლები - „კორსიზი“, „კორვალოლი“, „ვალერიანის წვეთები“, ასევე, ანტიჰისტამინური, ალერგიის საწინააღმდეგო წამლები და ამპულები, მაგალითად „დექსამეტაზონი“, თავისი შპრიცებით და „სუპრასტინის“ ამპულები. მაღალ წნევაზე „დექსამეტაზონი“ არ შეიძლება და ამიტომ, ამ შემთხვევისთვის „სუპრასტინი“ მაქვს. მე არასოდეს დამჭირვებია, მაგრამ მშვიდად ვარ, ვაი და რაღაც მოხდა, ხომ უნდა მქონდეს თან? სახლიდან გასული, მით უმეტეს, ქალაქგარეთ, ასე თავს დაზღვეულად ვგრძნობ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის“ - ვახუშტი მენაბდე

🔵„ისე მოიქეცი, ვითომ დედაჩემი ხარო და ტელეფონი ქალს მიაწოდა, დამიდასტურა, რომ კაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს!“ - სალომე ლიპარტელიანი მშობლებს აფრთხილებს

🔵8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

წყარო: tbiliselebi.ge