საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე გამოეხმაურა.
„რატომ არის სასაცილო „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება? არსებობს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის განმარტებაში მარტივად ჯდება ეს რიტუალი, ჩვენი ქვეყნის კანონი ასევე.
გამოცხადების შემდეგ ეს ტრადიცია მოექცევა დაცვის ფარგლებში, რაც გულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შესწავლაზე, მოძიებაზე, შენახვაზე. რიტუალი წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ის ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის. რატომ არის ეს არასერიოზული? იმიტომ რომ „ბნელი ქართველი ხალხი” დღემდე კიდებს წითელ ფარდებს ოთახში, დღემდე უმღერიან ბავშვებს და დღემდე ცდილობენ მათზე განსაკუთრებულ ზრუნვას? კულტურული უპირატესობის გრძნობა გიჩნდებათ და ეგ გსიამოვნებთ? უსაფუძვლოა ეგ გრძნობა.
საჭიროა პატივი ვცეთ ადამიანთა შემოქმედებას, იმას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფების იდენტობის ნაწილია. სერიოზულად თუ აღვიქვამთ ერთმანეთს და სასაცილოდ არ ავიგდებთ, არ დავამცირებთ იქნებ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ“, - წერს ვახუშტი მენაბდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს
🎥 „ამას როგორ ანდობენ ხალხს!“ - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან