Digest Logo

„ის 69 წლის გახდა და 61 წლის გარდაიცვალა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური წერილი მამაზე

1683403156
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე, მამის გარდაცვალების დღეზე პოსტს აქვეყნებს და ემოციურ ამბავს მოგვითხრობს.

🔵„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში დამიშვია“ - დათო გორგილაძე

„წუხელ, ცოტა ვიარე თუ ბევრი, მამაჩემიც გამოჩნდა. ის ეზოც ძალიან ჰგავდა ჩვენსას, სურებისას, მაგრამ ღობე არ ჰქონდა. არც სახლი ჩანდა. ხეები ჰგავდნენ და ჩრდილები. ქარი ჰგავდა. მამა დაღლილი იყო, ოფლიანი და არ ჩამეხუტა. ასე იცოდა – დაგსვრიო.

მე სიგარეტი ამოვიღე. ოთხი ბლოკი. მივეცი.

– კაი, რათ გინდოდა ახლა მაი, მაგდენი, რეიზა ხარჯავდი ფულს! აბდალი ხარ შენ! თქვა მამაჩემმა და იქვე, ხის ძირას ჩამოჯდა. ისე, როგორც ადრე აკეთებდა, თითქოს, პირიქით, დგებაო – ჰოოოპა! და ჩამოჯდა.

– აიღე კაცო, ერთი თვე გეყოფა.

– არ ვარგა მაი. კაი რო ყოფილიყო, ხომ მოვწევდი იქინეც. წეიღე უკან
იცრუა მამაჩემმა. იქაც უყვარდა. თუ რამე უყვარდა, ეს და ლუდი. მაგრამ ჩუმად და იშვიათად ეწეოდა, თითქოს თავისთავს ემალებოდა. გაჭირვებებისას დაანება თავი. მერე, უფრო აქეთ, დედაჩემს მღვდელმა უთხრა ეგ ეშმაკის საკმეველიაო. ეგ – სიგარეტიო. დედაჩემმა მამაჩემს გადმოსცა. მამაჩემმა ან დაიჯერა, ან არა, მაგრამ საკუთარი „მარხვა’’ ამითაც გაამყარა. თუმცა ხანდახან, მე ჩამქონდა და მერე ვხედავდი, როგორ ეწეოდა, სადღაც შორს, თვალმოფარებული – მალულად და რიტუალის განცდით. ამიტომ ახლაც ასე ვუთხარი:

– დაიტოვე და მიეცი ვინმეს, თუ არ გინდა შენ!

– აკრძალეს აქანე მოწევა. რაცხა ადგილები დატიეს მოსაწევად მარტო.

– ვაჰ – გამიკვირდა მე – იქაც აკრძალეს. მაგრამ ასე ღია ადგილებში შეიძლება.

– აქანე მარტო ღია ადგილებია – თქვა მამაჩემმა და გაიცინა.
მერე რაღაც დრო ვდუმდით. მერე უკან მიიხედა და ასე, კეფით მითხრა:

– წაი ახლა, მეესწრები აქანე მოსვლას.

– კარგი, წავალ – ვუთხარი მე – მაგრამ ეს სიგარეტები მაინც დაიტოვე. დღეს შენი დაბადების დღეა.

– უი, მაი სულ არ მახსოვდა – თქვა მამაჩემმა.

ასე აღვნიშნეთ. ის ეწეოდა. მე ვუყურებდი.

ახლა დავბრუნდი სახლში.

6 მაისი მამაჩემის დაბადების დღეა. ის 69 წლის გახდა და 61 წლის გარდაიცვალა“,- წერს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში დამიშვია“ - დათო გორგილაძე

🔵„უმცირესობის უფლებების დაცვა ამ მორალური ტანჯვის შემცირებას ემსახურება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანასწორად იგრძნოს თავი, რაც უკიდურესად სამართლიანია“ - ნათია ფანჯიკიძე