პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელისთვის წინ რთული პერიოდი იქნება, თუმცა მასში ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ კვარა მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„სამწუხაროდ კვარას ტრავმა მძიმეა. მასზე ვფიქრობდი, თუ რა გამოცდის გავლა მოუწევს. რთულია, მაგრამ პოზიტიურად უნდა განეწყოს. ის მთელი კარიერის განმავლობაში მეომარი იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება!
როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და 10–15 წლიანი კარიერა გინდა, ტრავმებთან გამკლავება გიწევს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იქნება კიდეც“, - ამბობს ლუის ენრიკე.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მძიმე ტრავმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიიღო (4-2). მატჩის მსვლელობისას მიღებული დაზიანების გამო მან მოედანი ნაადრევად დატოვა, პარიზული კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებულმა დეტალურმა გამოკვლევამ კი ყველაზე უარესი სცენარი დაადასტურა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა.
ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 6-იდან 9 თვემდე გათვლილი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია 2026/27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს. მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ხვიჩამ სოციალური ქსელით გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში არცერთ წამს არ დაკარგავს, რათა მოედანს კიდევ უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი დაუბრუნდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უგულშემატკივრე საქართველოს - ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე