Digest Logo

„ის, რომ კიდევ ბევრი შვილი გვყავდეს, ასეთ ამბებს გეგმად არ ვსახავთ...“ - გიორგი კეკელიძე

1763643034
 გიორგი კეკელიძე

ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია, რამდენიმე თვის წინ მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. 

გიორგი კეკელიძე ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“, მამის ამპლუაზე საუბრობს და ამბობს რომ მის ცხოვრებაში პარალელური სამყარო გაჩნდა:

– გიორგი, რა შეცვალა პატარას დაბადებამ შენს ცხოვრებაში და ახლა უკან რომ იყურები, რას ხვდები?

– ჩემს ცხოვრებაში, ბავშვის დაბადებით, პარალელური და ყველაზე დიდი სამყარო გაჩნდა, რომელსაც ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. ყოველი დღე, ყოველი წუთი, მზერა, შეხება ახალ კარს აღებს და უცხო ოთახებს მაჩვენებს, რაზედაც მანამდე მსმენოდა ხოლმე და სხვების აღწერით ვიცოდი. მაგრამ, ცოდნა და განცდა სულ სხვადასხვა რამეა. ეს ვიცით. უკან რასაც ვხედავდი, იმავეს ვხედავ, მაგრამ ახლაც იგივე ხდება პარალელურ ცხოვრებაში. ადრე რაც იყო და ახლა რაც არის, სხვადასხვა რამეა ჩემთვის, სხვადასხვა სამყარო.

– ბავშვის მოვლასა და აღზრდაში თუ იღებ აქტიურ მონაწილეობას?

– ბავშვის მოვლაში მხოლოდ იმ შესაძლებლობით ვიღებ მონაწილეობას, რაც ამ ეტაპზე მამას შეუძლია. დედის როლთან შედარებით, საწყის თვეებში, მამის როლი მცირე და მწირია.

– რომ აკვირდები, რას ხვდები, რით გგავს შვილი?

– გარეგნულად დედას ჰგავს, თუმცა მანერები, რაც გამოეკვეთა, რაღაც ჩემს მსგავსებებს ვამჩნევთ. არ მაქვს აკვიატებული ფიქრი და მიდგომა, მაინცდამაინც მე დამემსგავსოს. მასთან დაკავშირებით, „ეგო“ გაუქმებული მაქვს. საკუთარ თავს დაემსგავსოს – ეს არის მთავარი.

– ახლა რამხელაა პატარა და მისი შემხედვარე, შენ და შენი მეუღლე მრავალშვილიანობაზე არ ფიქრობთ?

– პატარა ექვსი თვის არის. ის, რომ კიდევ ბევრი შვილი გვყავდეს, ასეთ ამბებს გეგმად არ ვსახავთ. ვფიქრობთ, რომ ეს უფრო მაღალი რანგის ამბავია, ვიდრე ფურცელზე ან ფიქრში გაწერილი მომავალი.

– ბევრი ერიდება პატარას ფოტოების სოციალურ ქსელში დადებას. შენ კი აქტიურად დებ. ანუ ცრურწმენების არ გჯერა და გინდა, ის ბედნიერება, რასაც განიცდი, ყველამ გაიზიაროს?

– როგორც ყველა ადამიანს, მით უფრო ობსესიურს, მეც მაქვს საკუთარი დათქმები და ტაბუები. მაგრამ, ეს გაცილებით ღრმა და ინტიმურია, ვიდრე სოციალური ქსელისთვის ფოტოების გადამალვა.

– ამბობენ, მშობლის ამაგს მაშინ ვიგებთ, როცა თავად ვხვდებით მშობლებიო.

– ვფიქრობ, მშობლობაც უკიდერუსად ინდივიდუალური ამბავია. აღზრდისას მხოლოდ განცდა ვეღარ გამოგადგება, ცოდნაც გინდა. ამიტომაც, ამაგებიც სხვაობენ.

– რას ფიქრობ, როგორი მამა ხარ?

– ამას, კეკე გეტყვით ათი წლის შემდეგ. მაშინ გამოჩნდება.

– დამოუკიდებელ ადამიანად გაზრდი თუ შვილის გადაწყვეტილებებში აქტიურად ჩაერევი?

– დამოუკიდებელ ადამიანად გაზრდა, არ გამორიცხავს რჩევას და ჩარევას, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მეტიც, დამოუკიდებლობაც ვარჯიშია და სწავლა. შესაბამისად, მასწავლებელი სჭირდება.

– ფიქრობ, რომ ყოველი წუთი წამი, შენი ტკივილი და განცდა, ამ სიხარულად ღირდა და, რომ ღმერთმა გოგოს მამობა ერთგვარ ჯილდოდ გარგუნა?

– ვთვლი, რომ წამები და წუთები, მძიმე და ტკივილიანი, აწიც იქნება. უბრალოდ, სულ მეცოდინება, რომ აქვე, ახლოს არის სამყარო, რომელიც სიცოცხლის აუცილებლობასაც ნიშნავს ჩემთვის და უფრო ადვილად გადავრჩები.

– ზოგადად, ვინც გიცნობს, არ გაგივლია ადვილი ცხოვრების გზა, იყო ძალიან რთული პერიოდებიც. ახლა, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და წინ რომ იყურები, რას ხედავ?

– ცხოვრება გრძელდება და ახლაც ახლავს სირთულეები, ჩავარდნები, მარცხები, გამარჯვებები. და, ასე იქნება სიკვდილამდე. როგორც ვთქვი, ეს სამყაროები ერთმანეთს ძნელად კვეთენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორია სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე? - სპეციალისტის განმარტება

⭕ „გაუგზავნეთ ყველას სიყვარული...“ - 20 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ნოემბერს საქართველოში

წყარო: tbiliselebi.ge