ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა.
ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას ემსხვერპლა 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი. ის კარაკალის სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილე იყო და ტერორისტთა შეჭრისას ბაზაზე იყო, რა დროსაც დაიღუპა.
მეორე დაღუპულია პოლიციელი იცაკ ბაზუკაშვილი, რომელიც ისრაელის სამხრეთში, ღაზას სიახლოვეს, თავის მოვალეობას ასრულებდა.
ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები სხვა ქართველი ებრაელების დაღუპვის, გატაცების, ან დაკარგვის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ოფიციალური ცნობები არ არსებობს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „პალესტინის დეოკუპაცია მისი ჰამასისგან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს“ - თამარ ჯაყელი