Digest Logo

ჯანმო: საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, 10 ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია

1732088113
მსუქანი ადამიანი

„საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ექსპერტებმა ჯანმოდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) და სხვა მოწვეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მონაცემები სიმსუქნის მასშტაბის და ტვირთის შესახებ გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და დეტერმინანტებზე, ამ სფეროში პოლიტიკის მიდგომებსა და ზომებზე.

NCDC-მ ასევე წარმოადგინა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პროექტები.

სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ობეზოგენური გარემოს ზეგავლენით, ფსიქოსოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით. ობეზოგენური გარემო დაკავშირებულია სტრუქტურულ ფაქტორებთან, რომლებიც ზღუდავს ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და მარტივ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს არსებობას.სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე.

ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქოსოციალურ შედეგებთან.

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი.

გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი.

ამ საკითხების გადასაჭრელად, მონაწილეები ჩაერთნენ პარალელურ სესიებში, რომელთა მთავარი ფოკუსი იყო ჯანსაღი კვება და სიმსუქნის მკურნალობის/მართვის პოლიტიკა.

„ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. როგორც დღეს იქნა განხილული, სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“, - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.

ინფორმაციისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში - მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“, რომელსაც დაესწრნენ ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება იღბლიანი დღე და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე? - 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში, უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს