ზურა ბურჯანაძის 6-წლიანი გზა მსოფლიო მოდის ეპიცენტრამდე - ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივშიც დემი მური, კენდალ ჯენერი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ, „დაიჯესტთან“ საერთაშორისო გამოცდილებასა და კარიერის მნიშვნელოვან მომეტებზე საუბრობს:
⭕ გაეცანით „დაიჯესტის“ მკითხველებს, მოგვიყევით თქვენი ბავშვობისა და იმ გზის შესახებ, რომელმაც ფოტოგრაფიამდე მოგიყვანათ.
ზურა ბურჯანაძე: ჩემი შემოქმედებითი გზა სამხატვრო აკადემიიდან დაიწყო, სადაც დიზაინის მიმართულებით ვსწავლობდი. სწორედ აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ ჩამომიყალიბა ის ხედვა, რომელსაც დღეს ჩემს ნამუშევრებში ხედავთ. სწავლის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი ძალები ფოტოგრაფიაში მომესინჯა და ეს სფერო საფუძვლიანად შემესწავლა.
უკვე ექვსი წელია, რაც ამ ინდუსტრიაში ვარ და ყოველი დღე ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ვცდილობ, მუდმივად ვიყო ძიების პროცესში, უფრო მეტად ვიაქტიურო და განვვითარდე, რათა თითოეულ კადრში რაღაც განსაკუთრებული და ახალი დავიჭირო.
⭕ ბავშვობაში თუ გახსოვთ რაიმე კონკრეტული მომენტი, რომელმაც მოგვიანებით თქვენი ეს შემოქმედებითი გზა განსაზღვრა?
ზურა ბურჯანაძე: ფოტოაპარატი მთელი ბავშვობა თან მქონდა, სულ ვიღებდი და ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, თუმცა მაშინ ამ ყველაფერს პროფესიული თვალით არ ვუყურებდი. ეს უფრო მოყვარულის გატაცება იყო. ყველაფერი ექვსი წლის წინ შეიცვალა, როდესაც გადავწყვიტე, ფოტოგრაფიას პროფესიონალურ დონეზე დავუფლებოდი და ამ საქმიანობისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი.
შემდეგ იყო განვითარების ეტაპი. ჩემს ობიექტივში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომ თავს უბრალოდ უფლებას ვერ მივცემდი, მოყვარულის დონეზე დავრჩენილიყავი. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ მომცა ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ მაქსიმალურად დავხვეწილიყავი და სრულფასოვანი, მაღალი ხარისხის შედეგები დამედო.
View this post on Instagram
⭕ თქვენ მუშაობთ როგორც მოდის ფოტოგრაფად, ისე ვიდეოკონტენტზეც. ამაზეც რომ მოგვიყვეთ, ცნობილია, რომ თქვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ნეკა დოროყაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპია.
ზურა ბურჯანაძე: დიახ, ნეკა დოროყაშვილის კლიპი ჩემი რეჟისურითა და კამერითაა შექმნილი. ეს იყო საკმაოდ მასშტაბური და შრომატევადი პროცესი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გადაღებები თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობდა, რათა ზუსტად ის განწყობა და ვიზუალური მხარე დაგვეჭირა, რაც სიმღერას სჭირდებოდა.
ზოგადად, ნეკასთან მუშაობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ მუდმივი შემოქმედებითი ტანდემი გვაქვს - ხშირად ვთანამშრომლობთ.

View this post on Instagram
⭕ ნეკას გარდა, თქვენს გარშემო სხვა ცნობილი სახეებიც არიან, რომელთა გადაღებაც ხშირად გიწევთ. ამაზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა...
ზურა ბურჯანაძე: დიახ, ჩემს პროფესიულ წრეში არაერთი ცნობილი ქართველია, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ. მაგალითად, ალექსანდრა პაიჭაძესთან არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს, არამედ ძალიან ახლო მეგობრებიც ვართ.
ასევე, ხშირად მაქვს გადაღებები თამო ვაშალომიძესთან. ჩვენი პირველი შეხვედრა მილანის მოდის კვირეულზე შედგა და მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ - გასული წლის მსგავსად, წელსაც საინტერესო კოლაბორაცია გვქონდა.
ჩემს ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა ნინი გოგიჩაიშვილიც. გარდა ამისა, შარშან სექტემბერში, „გუჩის“ (Gucci) ჩვენებაზე მუშაობისას, შესაძლებლობა მქონდა გადამეღო მატილდა გვარლიანი, რაც ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
View this post on Instagram

⭕ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე საინტერესო ლოკაცია დაგვისახელეთ. რომელია თქვენი საყვარელი ადგილი გადაღებებისთვის?
ზურა ბურჯანაძე: სიმართლე გითხრათ, გამორჩეული, „ფავორიტი“ ადგილი არ მაქვს, რადგან მჯერა, რომ ნებისმიერი წერტილის გადაქცევა შეიძლება საინტერესო კადრად. მთავარია, გყავდეს მოდელი, რომელიც ხელს გიწყობს და გქონდეს კონკრეტული ხედვა.
როდესაც ფოტოგრაფის ხედვა და მოდელის ქარიზმა ერთმანეთს ემთხვევა, სრულიად ჩვეულებრივი გარემოც კი შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს. ასე რომ, ჩემთვის პრიორიტეტული არა კონკრეტული გეოგრაფიული წერტილი, არამედ ის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც გადასაღებ მოედანზე იქმნება.
⭕ ცნობილია, რომ გაქვთ საერთაშორისო გამოცდილება, იქნება ეს მილანის მოდის კვირეული, პარიზი თუ ბერლინი. როგორ შეცვალა ამ პროცესმა თქვენი შემოქმედებითი ხედვა და რა ისწავლეთ ისეთი, რაც დღეს თქვენს სტილში აისახება?
ზურა ბურჯანაძე: მოდის ეპიცენტრში ყოფნა სრულიად განსხვავებულ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. შენს თვალწინ ხდება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები და გაქვს უნიკალური შანსი, ეს ყველაფერი საკუთარი კამერით ასახო. ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა „გუჩი“, „პრადა“, „რობერტო კავალი“ თუ „ფენდი“, უდიდესი გამოცდილებაა.
ასეთ ლოკაციებზე მოხვედრა და კადრების დაჭერა საკმაოდ რთულია, რადგან სპეციალური აკრედიტაცია გჭირდება. შიდა სივრცეში შესვლას თავისი წესები აქვს, მაგალითად, „გუჩის“ ჩვენებაზე რომ შეხვიდე, მთელი დღე მხოლოდ ამ ბრენდს უნდა მიუძღვნა. მე კი ეს არ მაწყობდა, რადგან დღის განმავლობაში ზოგჯერ ათამდე სხვადასხვა ჩვენებაა და მინდოდა, ყველგან მიმესწრო. ამიტომ, მთელ დღეს სირბილში ვატარებდი, ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადავდიოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის სტილის გადაღებაც არ არის მარტივი, იქ ასობით ფოტოგრაფია და ზოგჯერ მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. მე ყოველთვის მიმართლებდა. ვახერხებდი ისეთი წერტილის დაკავებას, საიდანაც ზუსტად ჩემთვის საჭირო, გამორჩეულ კადრებს ვიღებდი. ეს პროცესი გასწავლის სწრაფ რეაგირებას, მოქნილობასა და იმას, რომ მთავარი მომენტი არასოდეს გაუშვა ხელიდან.

⭕ თქვენს ობიექტივში მსოფლიო მოდის ინდუსტრიის არაერთი გამორჩეული სახე მოხვედრილა. როგორ გაიხსენებთ ამ გამოცდილებას და ვის გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
ზურა ბურჯანაძე: მსოფლიო დონის ვარსკვლავების გადაღება ასეთ ჩვენებებზე საკმაოდ რთული, თუმცა საოცრად აზარტული პროცესია. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში ჩვენების ლოკაციასთან უამრავი ავტომობილი ჩერდება და შენ არასოდეს იცი, კონკრეტულად რომელი მანქანიდან რომელი ცნობილი პიროვნება გადმოვა.
სწორედ ეს არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, წამიერი მოლოდინი, თუ რომელი მსოფლიო ვარსკვლავი აღმოჩნდება შენ წინ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გამოცდილება იყო. ასეთ დროს წამები წყვეტს ყველაფერს: უნდა მოასწრო ფოკუსის გასწორება, რაკურსის შერჩევა და იმ ერთი, გამორჩეული კადრის დაჭერა, რომელიც შემდეგ შესაძლოა, მსოფლიო მედიამ აიტაცოს.

⭕ მაინც ვინ იყო ის „მოულოდნელი სტუმარი“, რომლის დანახვამაც ყველაზე მეტად აგაღელვათ და რომლის კადრითაც დღემდე ამაყობთ?
ზურა ბურჯანაძე: ეს იყო „არმანი ბიუთის“ მასშტაბური ფლეშმობი. უზარმაზარ მოედანზე ვიყავით შეკრებილები და მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სადღაც კენდალ ჯენერი უნდა გამოჩენილიყო. თუმცა, ზუსტად არავინ იცოდა, კონკრეტულად სად გაჩერდებოდა მისი ავტომობილი.
იქ ასობით ფოტოგრაფი იყო და ორგანიზატორებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს: როგორც კი ადგილებს დავიკავებდით, გადაადგილება აღარ შეიძლებოდა, რადგან პარალელურად გადაღებები მიმდინარეობდა. მე ინტუიციით ავირჩიე ერთი წერტილი და სწორედ იქ მოხდა სასწაული, ავტომობილი, რომლითაც კენდალი მოვიდა, პირდაპირ ჩემ წინ გაჩერდა!
ვერ ვიჯერებდი, რომ საუკეთესო რაკურსი მქონდა. მასთან იმდენად ახლოს ვიყავი, რომ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი, როცა პროფესიული იღბალი და სწორი მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვა. ბოლო პერიოდში ასეთი გამართლებები ჩემს ცხოვრებაში გახშირდა და იმედი მაქვს, ეს იღბლიანი სერია კვლავაც გაგრძელდება.
View this post on Instagram
⭕ რაც შეეხება ქართველ სელებრითებს, რით განსხვავდება მათთან მუშაობა უცხოელი ვარსკვლავების გადაღებისგან?
ზურა ბურჯანაძე: ეს ორი სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. როდესაც ქართველ სელებრითებთან გაქვს წინასწარ დაგეგმილი გადაღება, პროცესი უფრო მართვადია, გაქვს აბსოლუტური თავისუფლება, შექმნა ისეთი გარემო და კადრი, როგორსაც ისურვებდი. უცხოელ ვარსკვლავებთან კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად ექსტრემალურ პირობებში მუშაობა მომიწია. მიუხედავად ამისა, მათ შორის არჩევანის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ორივე მხარესთან მუშაობა თავისებურად საინტერესო და აზარტულია.
თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური „ნიშა“, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ამიტომ საყვარელი მოდელის დასახელებაც რთულია, ყველა თავისებურად პროფესიონალია. თუმცა, უცხოელი სელებრითებიდან მაინც გამოვარჩევდი კენდალ ჯენერსა და ალექს კონსანს, რომელთა საოცარი კადრებიც მაქვს გადაღებული. ასევე, ჩემს პორტფოლიოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დემი მურს, რომელიც „გუჩის“ ჩვენებაზე დავაფიქსირე.

⭕ როგორია თქვენი ცხოვრების მიზანი ამ ეტაპზე და რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის?
ზურა ბურჯანაძე: ჩემი უმთავრესი მიზანია, მსოფლიო მასშტაბის კიდევ არაერთი ვარსკვლავი მოხვდეს ჩემს ობიექტივში. მინდა, მუდმივად განვავითარო როგორც საკუთარი თავი, ისე ჩემი პროფესიული უნარები.
ამ ეტაპზე ჩემთვის უფრო პრიორიტეტული ვიდეოგრაფიაა, რადგან მიმაჩნია, რომ ვიდეო უფრო ცოცხალია და ბევრად მეტის თქმა შეუძლია მაყურებლისთვის. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, წელს „კანის კინოფესტივალზე“ მივემგზავრები, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა.
რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით ხელწერას, ჩემი სტილი ძირითადად შავ-თეთრია. ამ ესტეთიკაში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ და ვთვლი, რომ მონოქრომატული კადრი მნიშვნელოვან დეტალებს უფრო მკაფიოდ აჩენს. ზედმეტი ფერები არ მიყვარს, რადგან, ჩემი აზრით, მთავარი სათქმელი ხშირად სწორედ სიჭრელეში იკარგება. ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს ბევრი სწორედ ამ შავ-თეთრი სტილით ცნობს.


ავტორი: ნინი ჭიჭინაძე
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ქრისტიანიც გონიერი და თავისუფალია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - რას წერს რამაზ გიგაური