Digest Logo

კასპელი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პუტინის დედა იყო, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

1685529508
პუტინიდ დედაპუტინიდ დედა

კასპელი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პუტინის დედა იყო, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სოფელ მეტეხში გუშინ დაკრძალეს. ქალი ბოლო წლებში შვილებთან, თბილისში ცხოვრობდა. ვერა პუტინა 1926 წელს იყო დაბადებული.

სოფელ მეტეხში ამბობდნენ, რომ პუტინის დედა ქართველია და ბავშვობაში ძალადობის გამო „სძულს“ საქართველო. მათი თქმით, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა და ხშირად ზამთარში გარეთ ფეხშიშველს აგდებდა... ჰყავდა თუ არა პუტინს დედა?!  და იყო, თუ არა ის საქართველოში მცხოვრები ვერა პუტინა? სიცოცხლის ბლო წლებში ქალს საზოგადოებასთან კომუნიკაცია უკვე აღარ შეეძლო. რეალობაა თუ მითი არავინ იცის, მაგრამ მთელი მსოფლიო ცდილობს დაადგინოს ვინ არის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა.

დიქტატორის ბიოგრაფიაში  ბევრი გასაიდუმლოებული დეტალია, თუმცა კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დღესაც შეხვდებით ადგილობრივებს, ვისაც  ნამდვილად ჰყავდათ კლასელი ბიჭი, რომლის სახელი და გვარი იყო ვლადიმერ პუტინი.

„დაიჯესტის“ არქივი ინახავს ვერა პუტინას ინტერვიუს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პუტინის „დედა“

როდესაც რუსეთის ფედერაციამ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩია, კასპის რაიონის სოფელი მეტეხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი სახლი მეტეხში პუტინის თვითგამოცხადებულ ნათესავებს, კონკრეტულად კი, ვერა პუტინას და მის შვილებს ეკუთვნის.

ქალბატონი ვერა თავს რუსეთის პირველი პირის ბიოლოგიურ დედად მიიჩნევდა.

მეტეხში ამბობდნენ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერა პუტინასა და მის შვილებს ამ საკითხზე ლაპარაკი "ზემოდან" აუკრძალეს.

იმასაც ამბობდნენ, რომ ვერა პუტინას შვილის, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის ბავშვობის ფოტოები იმავე ხალხმა წაიღო და არ დააბრუნა, ვინც მათ ლაპარაკი აუკრძალა.

ჟურნალისტი, მარინა ბაბუნაშვილი ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს და ვერა პუტინასთან ინტერვიუს იხსენებს:

„რატომღაც ძალიან მომინდა წლების წინ გაკეთებული სენსაციური მასალის გახსენება, მიხვდებით, რატომაც… ინტერვიუ ჩავწერე ქალთან, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევს. ეს იყო 2004 წელს.

ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ვერა პუტინა, რომელიც კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ცხოვრობდა, ნამდვილად ვლადიმირ პუტინის ბიოლოგიური დედა იყო, ბევრმაც სარწმუნოდ მიიჩნია ეს ამბავი (და სენსაციურიც მაშინ უწოდეს), რადგან რაღაცით უნდა გამართლებულიყო რუსეთის პირველი პირის ქართველთმოძულეობა! მოკლედ, ბევრმა დაიჯერა, ბევრმაც ზღაპრად აღიქვა…

ახლა კი, ის დეტალები, როგორ აღმოვაჩინე ვერა პუტინა…

2004 წელს ჩემმა ძმამ ბინა ვარკეთილში შეიძინა. სანამ იქ გადაბარგდებოდა, გავყევი ბინის დასათვალიერებლად. იქ მისი ძველი მეპატრონე დაგვიხვდა. დიასახლისი პუტინის ასე ვთქვათ, ნახევარდა, ლუბა ოსეფაშვილი აღმოჩნდა. მან გულითადად მიგვიპატიჟა სახელდახელოდ ჩვენთვის გაშლილ სუფრასთან, ცოტა ხანში კი, გამომიტყდა, – მე ვლადიმირ პუტინის ნახევარდა ვარო.

მართალი გითხრათ, სრულიად მოულოდნელი განაცხადისგან თვალები შუბლზე ამივიდა, – ეს როგორ-მეთქი? როგორ და ძალიან ჩვეულებრივად, ეს ცხოვრება ხომ “სიურპრიზებით” სავსეაო…

და მერე მიამბო თავის ბავშვობაზე, უფროს ძმაზე, რომელიც 10 წლამდე მეტეხში ცხოვრობდა თავის 5 და-ძმასთან ერთად.

ლუბამ იმ საღამოს ბევრი რამ მიამბო, აი, ნახე რამხელა „შრამი“ მაქვს თავზე (და ხელი მომაკიდებინა. მართლაც, დიდი ნაწიბური ჰქონდა), ეს უნებურად მოუვიდა ვოვას, ძალიან ვუყვარდი და სულ მხრებზე შემოსკუპებულს დამატარებდა.

ერთხელ, როცა დედა და მამა ახალი სახლის მშენებლობით იყვნენ დატვირთული ჩემი უფროსი და და მე ვიყავით, ვოვას შემთხვევით ჩამოვუვარდი, თავი ქვას დავარტყი და გავიტეხე. სისხლი ვერაფრით შემიჩერეს. მერე წყლიან დიდ თასში ჩამაყოფინეს თავი და გადამიხვიეს. ვოვა შეშინებული იყო, იცოდა, რომ მამა ძალიან გაუბრაზდებოდაო… ასეც მოხდა, შინ დაბრუნებულ გიორგის და ვერას სისხლით სავსე თასი რომ უნახავთ, ვოვა მკაცრად დაუსჯიათ…

მეზობლები იხსენებდნენ გულჩათხრობილი, მაგრამ „ჯიბრიანი” ვოვას ბავშვობას: ქა, ქათმებს გვიხოცავდა თავისი გაკეთებული ლაგატკითო… ჭიდაობა უყვარდა და წაგებას ვერ ეგუებოდა… არ მოეშვებოდა მეტოქეს, სანამ არ დაამარცხებდაო…

მერე თანაკლასელებმაც ილაპარაკეს: ისეთი ლამაზი კალიგრაფიით წერდა, მასწავლებელი სულ აქებდაო, ახლაც შენახული გვაქვს მისი მისალოცი ბარათებიო… ხო, მართლა, მეზობლებმა ისიც გაიხსენეს, რომ ხშირად უნახავთ ზამთრის ცივ და თოვლიან დღეებში გარეთ გამოგდებული ფეხშიშველა ვოვა, შესცოდებიათ და თავის სახლში „ფეჩის” წინ დაუსვამთ…

თურმე არ ჰყვარებია გიორგი ოსეფაშვილს გერი, როგორც საუბრისას მითხრა თავად ვერამ, თვეები ისე გავიდოდა, ზედ არ შეხედავდა და ხმას არ გასცემდაო. ლუბამ კი დაამატა, ორი ყბით იცოდა ვოვამ ჭამა და მამას ეს აღიზიანებდა, ამიტომაც ჩემი ძმა ბოლო პერიოდში აღარ ჯდებოდა საჭმელად, როცა მამა სახლში იყოო. ბავშვობაში მეც ორივე ყბით ვღეჭავდი და ამაზე სულ გიჟდებოდა მამა, რაღა “იმას” დაემსგავსეო…(სახელითაც კი არ მოიხსენებდა გერს).

თურმე, გიორგი ოსეფაშვილს სიკვდილის წინ პატარა ვოვა ელანდებოდა და ცოლს და ქალიშვილებს სთხოვდა: ის ბიჭი კუთხეში რომ დგას, უთხარით, მოვიდეს და პური ჭამოსო.

როცა ვერა პუტინამ თავისი სევდიანი ამბავი მიამბო, გული მომეწურა, ადამიანურად შემებრალა ქალი, დედა, რომელმაც ავყია ქმარს მოაცილა გერი, ჩაუყვანა თავის მშობლებს პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში, მამამ კი, (ანუ ბაბუამ) არც ჰკითხა შვილს, ისე მიაბარა რომელიღაც სამხედრო სასწავლებელში საქართველოდან დაბრუნებული 10 წლის შვილიშვილი, ერთი ღერი რუსული რომ არ იცოდა…

ვერას მამას თავისი სამი ვაჟი, რძლები და ლოგინად ჩავარდნილი ცოლიც მკაცრად გაუფრთხილებია, არასოდეს უთხრათ ვერას, სადაა მისი პირველი შვილი, მე ისეთ ადგილას მივიყვანე ის, სადაც მაგარ კაცებს ზრდიანო… ხომ გასაგებია, რა ადგილზეც იყო ლაპარაკი. ეს გახლდათ სამხედრო ინტერნატი, სადაც ძირითადად, უპატრონო ბავშვებს იღებდნენ და ზრდიდნენ მომავალ “კე-გე-ბეშნიკებად” .

ვერამ ვეღარ იპოვა სასწავლებლად “გაბარებული” შვილი, ხელი ჩაიქნია და მიჰყვა ცხოვრების დინებას. მერე ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა და ხმას არ სცემდა.


ინტერვიუს ნაწყვეტი ვერა პუტინასთან:

- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?.. მერე გაჩნდა ვალოდია. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..

- რატომ სულელი? ნანობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით?

- მაგანაც მომატყუა. რა აღარ მითხრა: თბილისში დიდი სახლი მაქვს, "კაროჟნასავით" გაცხოვრებო, შენს შვილსაც ვუპატრონებო და რა ვიცი, ათას რამეს შემპირდა. თბილისის დიდი სახლის მაგივრად კი მეტეხში წამიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული ქოხი დამხვდა. აბა, ტყუილი არ იყო? მაგრამ ვეღარ წამოვედი იქიდან, მისგან ბავშვს ველოდი. მამაჩემმა რომ გაიგო, ქართველს გავყევი ცოლად, კინაღამ გაგიჟდა. ისე მოკვდა, არც იგი და არც ჩემი ძმები ჩემ სანახავად მეტეხში არ ჩამოსულან. ამასობაში ვოვა ძალიან მომენატრა და დედაჩემს შევუთვალე (ქმარი იქით არ მიშვებდა), შვილი შენ ჩამომიყვანე-მეთქი.

- რამდენი წლის იყო ვალოდია, როცა მეტეხში ჩამოგიყვანეს?

- მესამე წელიწადში იყო... სულ არ გასჭირვებია ქართულად ალაპარაკება. აქედან 10 წლისა რომ წავიყვანე ჩემს მშობლებთან, რუსული ორი სიტყვაც არ იცოდა.

- ამბობენ, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა, ხშირად სცემდაო, მართალია?

- არა, ცემით არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა. აბა, გერი ვის უყვარს? საერთოდ, გიორგის ჩხუბი უყვარდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა, ამის გამო, ხშირად ვკინკლაობდით...
დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა. ვატყობდი, ვოვასაც ჰქონდა მისი რიდი. როცა ვჩხუბობდით, ეტყობოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მე ისეთი ვარ, თუ უმიზეზოდ მაწყენინებს ადამიანი, გულიდან ამოვირეცხავ, აბა, შვილების მამას როგორ შევიძულებდი, მაგრამ შეიძლება თვე ისე გასულიყო, ხმა არ გამეცა მისთვის, სამაგიეროდ, თვითონ ვერ ძლებდა ჩემ გარეშე და შემირიგდებოდა. ყოველთვის ეშინოდა, რომ ოჯახი არ დამეტოვებინა. ხმა რომ დაყარეს, ვოვას სცემდაო, ტყუილია. გიორგიმ იცოდა, რომ ამას არ ვაპატიებდი.

- რით ერთობოდა ვოვა ან რისი გაკეთება უყვარდა? მეგობრობდა აქაურ ბავშვებთან?

- წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მისი გაკეთებული "ლაგატკა" ახლაც შენახული მაქვს. მეზობლის ქათმებს ესროდა ხოლმე. ძალიან უყვარდა თევზაობა და ჭიდაობა. თუ ვინმე წააქცევდა, ისე გამწარდებოდა, არ მოეშვებოდა, სანამ არ დაამარცხებდა. ამხანაგებთან ჩხუბი არასოდეს მოსვლია.

- ალბათ გიხარიათ, ასეთი ცნობილი შვილი გყავთ.

- კი, რა თქმა უნდა. თურმე მას პატარა სტალინსაც ეძახიან... დანარჩენებიც კარგები მყვანან, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი ვინ ყოფილა, რომ მე ვიყო.

- რაზე ოცნებობთ?

- ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ და არ დამელაპარაკოს. სიზმარშიც ხშირად ვხედავ, მაგრამ ხმას არ მცემს. როგორც ცხოვრებაში, ისე სიზმარშიც გაბუტულია ჩემზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბოლო თვეებია, სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის “ - სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

🔵როგორ გამოიყურებოდა ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის ქორწილში

🔵 „თუ ვინმე საკუთარ თავზე აიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მომწერეთ“ – რას წერს თინა ჯამბურია?