
კარგად წაკითხული ლექსი, რომ ყველას ჟრუანტელს გგვრის ცნობილია, მაგრამ ვინ გახსენდებათ მხატვრული კითხვისას?
ალბათ, მურმან ჯინორია, გურამ საღარაძე და ზურაბ ყიფშიძე.
გამხდარი, მაღალი, განსხვავებული ხმის ტემბრისა და პირი-სახის მქონე მურმან ჯინორია ხალხის დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს. იგი 78 წლის გახდა.
დღეს სწორედ მისი უცნობი ამბების შესახებ მოგიყვებით.
მურმან ჯინორია 1947 წლის 21 თებერვალს დაიბადა ქალაქ თბილისში.
თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო. თუმცა, მისი თქმით, მსახიობობა, დაახლოებით, მე-4 კლასიდანვე უნდოდა.
პატარაობიდანვე გამოირჩეოდა იმპროვიზაციის უნარით, დადიოდა დრამატულ წრეზე მოსწავლეთა სასახლეში, სადაც სპექტაკლებში მთავარ როლებს აძლევდნენ.
„ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა: მხედველობა, შეხება, გემოვნება, სმენა და ყნოსვა. სტუდენტობის პერიოდში და დღემდეც ამას ხშირად ვაკეთებ: ვთქვათ, ორშაბათს მხოლოდ მხედველობით ვუახლოვდებოდი სამყაროს. წამოვიდოდი სახლიდან, დავჯდებოდი ავტობუსში ან მეტროში, გამოვიდოდი რუსთაველზე. ყველაფერს ვიმახსოვრებდი მხოლოდ თვალით.
მეორე დღეს, სამშაბათს, იმავეს ვიმეორებდი, ოღონდ ამჯერად მხოლოდ სმენით აღვიქვამდი სამყაროს, შემდეგ დღეს უკვე ყნოსვით.
მაგალითად, აუდიტორიას სხვა სუნი აქვს, დედას სხვა, სოფლიდან რომ დაბრუნდები კი ატყობ, რომ შენს სახლს სხვა სუნი აქვს და ასე შემდეგ. ბატონი მიშა ხშირად ამბობდა, რომ მსახიობი თავისი როლის რეჟისორი უნდა იყოსო.
ბევრი ამას ვერ ახერხებს, გარდა დიდი მსახიობებისა, როგორებიც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი. მნიშვნელოვანია საკუთარ როლს როგორ ააგებ.
ჩემი 5 სავარჯიშო კი სწორედ ამაში მეხმარებოდა. მნიშვნელოვანია, რეჟისორის ნათქვამს ელფერს როგორ შეუცვლი, როგორ ნიუანსებს გააკეთებ, როგორ იმპროვიზაციას ჩართავ. ამისთვის მზად უნდა იყო და ამიტომ ვამბობ, რომ ეს 5 სავარჯიშო ძალიან მეხმარებოდა და მეხმარება“, - ამბობდა მსახიობი.
მხატვრობა
„მომინდა, ჩემი მდგომარეობა გამომეხატა ფერებით, რაღაც სიუჟეტებით. ამისთვის საჭირო იყო ხან სახლი, ხან ხე, ხან ძაღლი, ხან ცხენი, ხან მთვარე, ხანაც სახურავები სახლის. ამ ყველაფერს არა ნატურიდან, არამედ ჩემს წარმოსახვაში არსებული მოგონებებით ვხატავდი, რომლის მიხედვითაც ეს სიუჟეტები იქმნებოდა.
როდესაც მსახიობი ხარ, რასაც ჩაიფიქრებ, მაყურებელს უნდა დაანახვო, მხატვრობაში კი ეს აშკარად ჩანს. შეგიძლია გამოხატო სევდა, ბედნიერება, ბავშვობა, ნოსტალგია, დასასრული ადამიანის... სწორედ ეს მომენტი უფრო მიტაცებდა მხატვრობაში და არა ის, რომ ვქმნიდი რაღაცას, როგორც მხატვარი.
თამაში და მხატვრობა ერთად განწყობილებაა, ატმოსფეროა. დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე ატმოსფერო როგორ შემოგაქვს. მხატვრობა კი ამაში მეხმარება“, - ჰყვებოდა მსახიობი.
ტაძრის მშენებლობა
მურმან ჯინორია 7 წლის განმავლობაში აშენებდა ტაძარს სოფელ სორტაში, საიდანაც იგი წარმოშობითაა.
„სოფელში არის ჩვენი საგვარეულო სასაფლაო, რომელსაც, როდესაც ჩავდივართ ყოველთვის ვალაგებთ ხოლმე. დედაჩემი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მოინდომა, რომ იქ მისი მშობლებისა და მეუღლის გვერდით დაგვესაფლავებინა.
სწორედ ამ სასაფლაოზე ვიყავი ერთ დღეს და დავინახე პატარა გალავანი, ტაძრის ფუნდამენტი, რომელიც თურმე აგებული ყოფილა მანამდე, სანამ ბოლშევიკები შემოვიდოდნენ.
ტაძრის ხელახლა აგება მარტო ჩემი ნება, ალბათ, არ ყოფილა. რაღაც უცბად მოვიდა და ღმერთმა მიმანიშნა, რომ ტაძარი ამეშენებინა. მეც ჩავვარდი ამ ჩემს იდეაში და ტაძრის აშენება დავიწყე. 7 წლის შემდეგ ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ტაძარში ახლა უკვე ბავშვებს ნათლავენ და ჯვარს იწერენ“, - იხსენებდა მსახიობი.
პოპულარობა
პოპულარობა პირველივე კურსიდან მოიპოვა, მიხეილ თუმანიშვილმა რომ ათამაშა ტელესპექტაკლში - „გზაჯვარედინზე“.
ამას ტელესპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს მოჰყვა, მერე კიდევ სხვა და ასე წავიდა... მისი ხმა არავისას ჰგავდა, ინტონაცია უცნაური იყო, არავის დაავიწყდება როგორ კითხულობდა ტერენტი გრანელის ლექსებს საქართველოს რადიოს მე-9 სტუდიაში:
შუა კითხვისას ემოციურად წყვეტდა სტრიქონს, წამოხტებოდა სკამიდან და იქვე სტუდიაში ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაცას ეძებდა, მერე კი უცებ, მოწყვეტით მიუჯდებოდა მიკროფონს და განაგრძობდა...
„გალაკტიონი არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.“ მისი ცხოვრების გზა ერთდროულად გადაეჯაჭვა თეატრს, ეკრანს, რადიოსა და პოეზიას.
პირველი მეუღლე
მსახიობი ბაია დვალიშვილი 17 წლის იყო, როდესაც მურმან ჯინორიას გაჰყვა ცოლად, თუმცა თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. წყვილი ერთ წელში დაშორდა. თავად ქალბატონი ბაია პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:
„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი…
ეს ყველაფერი თავბრუდამხვევი იყო. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში დედა წყვეტდა ყველაფერს.
მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა. მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით. ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა.
ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.
რა არის ცუდი თავისუფლებაში? შეიძლება დიდ ოჯახშიც მარტო გრძნობდე თავს და – პირიქით.
ბევრია ცხოვრებაში ისეთი რამ, რითაც შეიძლება მარტო მყოფიც დაკავდე და გაიზარდო. ამ ცხოვრებაში იმიტომ მოვდივართ, რომ უკან გაზრდილები დავბრუნდეთ. ამაში მხოლოდ წიგნის კითხვა არ იგულისხმება. უბრალოდ, საინტერესოდ უნდა იცხოვრო“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„პარიზის ახალი მეფე“ - ხვიჩა კვარაცხელია ახალ ფოტოებს გვიზიარებს