Digest Logo

ხვალ ბარბარობაა - რატომ აცხობენ ამ დღეს ლობიანს?

1702718062
ბარბარობაბარბარობა

ხვალ, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ამ დღეს ყველა ოჯახში აცხობენ ლობიანს. რა კავშირიშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან, ამ კითხვაზე დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, ლობიანს რელიგიურ დღესასწაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის უბრალოდ წარმართული ტრადიციის გადმონაშთია.

„ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმინდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია“, - ამბობს ლევან ფიროსმანაშვილი.

შეგახსენებთ, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მე რომ ტელევიზია მქონდეს, შენ გადაცემას დავხურავდი კი არა, მეორე გადაცემასაც დაგამატებინებდი“ - ნინო დარასელი გორგილაძეს

„ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს“ - ოზურგეთში ძაღლმა 2 მცირეწლოვანი დაგლიჯა

„მტკივა შვილო! მტკივა უშენობა. შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე?“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი