საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან უეფას ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა.
„ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავიწყებთ ტურნირს. ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა. მართალია, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ქულათა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.
10 დღეში ოთხი თამაშის ჩატარება არავისთვის იქნება იოლი და ძალების აღდგენაც რთულია, თუმცა რამდენიმე წლის წინ მსგავსი გრაფიკით უკვე ვითამაშეთ და გამოცდილება გვაქვს. ბიჭები კარგად არიან და გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ. პირადად მე თავს იდეალურად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ და ამ ოთხ მატჩში ყველაფერს პასუხი გაეცემა.
საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს რაც შეეხება, ეს პრიზი დღეს გადმომცეს და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობდა და პირველ ადგილზე დამასახელა.
ვიცოდით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშს უმაყურებლოდ ვატარებდით, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მატჩს ბავშვები დაესწრებიან. იმედია, მოვიგებთ და სახლში გახარებულები წავლენ. რაც შეეხება თორნიკეს (ხვიჩას ძმას), უბედნიერესი ვარ, როდესაც მას მოედანზე ვხედავ. კარგი ბიჭია, სულ კითხვები აქვს, წინსვლა სურს და, იმედია, ჩემზე წარმატებული იქნება.
„ოქროს ბურთზეც“ გეტყვით – რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ამ ჯილდოზე ვარ ნომინირებული. ჯორჯ ბესტთან მსგავსებაზე ბევრი მსმენია და მიხარია, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელს მადარებენ. ზოგადად, სასიამოვნოა ამ ფეხბურთელების გვერდით ყოფნა. ვამაყობ, რომ პატარა საქართველოს წარმოვადგენ. ბავშვებისთვისაც უფრო რეალური ხდება ოცნება: თურმე, შეიძლება, ამ რბოლაში პატარა ქვეყნის შვილიც მონაწილეობდეს“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილები პირველ ორ მატჩს თბილისში ჩაატარებენ: 25 სექტემბერს – ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 28-ში – უკრაინასთან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge