მიშა ანდღულაძე მაყურებელმა წლების წინ იუმორისტულ სკეტჩებში შექმნილი პერსონაჟებით დაიმახსოვრა და შეიყვარა. მის მიერ ნათამაშები ქალების – ნანულისა და ლენკას პერსონაჟების ტექსტები, დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის. სატელევიზიო იმიჯის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში, მიშა საკმაოდ დინჯი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რაც ბევრისთვის, ალბათ, წარმოუდგენელია. მას ხშირად იწვევენ ემიგრანტები უცხოეთში საღამოების ჩასატარებლად და ამ მხრივ, არც საახალწლო დღეები ყოფილა გამონაკლისი. თავისი გამორჩეულად მორგებული იმიჯით ბევრი ემიგრანტი ახალისა და აცინა. ამერიკა და ბარსელონა მოიარა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა.
მიშა ანდღულაძე: ზოგადად, წლებია, დღესასწაულებზე გასვლითი კონცერტები და კომედიური საღამოები მაქვს. ათ წელზე მეტია, რაც ახალ წელს ამერიკაში ვხვდები და წელსაც იქ ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, ერთი თვე დედამიწიდან შორს, ცაში გავატარე. ბრაიტონზე არის რესტორანი „ნოტაბენე“, მეპატრონე ქართველია, უკვე მეგობარია ჩემი, ძალიან საინტერესო ადამიანია და მოკლედ, ყოველი ახალი წელი „ნოტაბენეთი“ იწყება. მერე კი სხვადასხვა ქალაქში მიწევს გამოსვლა. მოკლედ, ბევრ ქალაქს ვესტუმრე, რადგან ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი იქ უკვე მრავლადაა. მეც მათთან კარგად ვთანამშრომლობ. ემოციური გაცვლაც საკმაოდ ხარისხიანი და გემრიელი გვაქვს. ორი კვირა ამერიკაში ვიყავი, ყოველ მეორე დღეს კონცერტი მქონდა. ახლა ცოტა ზომაზე მეტი გამომივიდა, ფიზიკურად გამიჭირდა და დღემდე ვერ დავადგინე, რომელ განედზე და მერიდიანზე ვარ. ნიუ-იორკით დავიწყე, შემდეგ იყო ნიუ-ჯერსი, შემდეგ ლოს-ანჯელესი, მერე – ისევ ნიუ-იორკი, შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, ორ საათში ბარსელონაში გავფრინდი და აქ უკვე „ავიჭერი“, ვეღარ მივხვდი, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ (იცინის). მთელი ახალი წელი, ფაქტობრივად, ცაში ვცხოვრობდი, თვითმფრინავის სადილის დანახვა აღარ მინდა. ასეა თუ ისე, ტურნე საინტერესოდ დასრულდა, მარკო პოლოსა და კოლუმბს არ უვლია იმდენი, მე რომ ვიარე.
- განვლილმა წლებმა რა გამოცდილება მოგცა, რა დაგანახა, რა გადააფასე და შეაფასე ახლანდელი გადასახედიდან?
– არაფერიც არ გადავაფასე განვლილი ცხოვრებიდან. გადაფასება გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან მოდის და ეს პრაქტიკა და გამოცდილება ყოველდღე უნდა განაახლოს ადამიანმა. ზოგადად, ჩემი აზრით, გადაფასება არაფერს სჭირდება. უბრალოდ, ყოველდღიურად უნდა დააკვირდე საკუთარ თავს, შენს გარემოს. მე ცხოვრებას გამართლება-არ გამართლებით არ ვუყურებ. ვცდილობ, ცხოვრებას რეალურად შევხედო. ეს რეალობა კი, თავად უნდა შექმნა, დანარჩენი შემთხვევითობებია, რომელიც შენგან დამოუკიდებლად ხდება. ყველა ცუდი თუ კარგი შემთხვევითობის მადლობელი და მადლიერი ვარ. პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ ღამის, როცა ჩემი სიცოცხლის საკითხი და ჩემი ჩასახვა გადაწყდა, რადგან ამაზე სასწაული ვერაფერი მოხდებოდა და ამაზე კარგი აზრი ვერაფერი გაუჩნდებოდათ ჩემს მშობლებს.
გვერდიდან საკუთარ თავს რომ უყურებ, ვის ხედავ?
– ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებ, ვხედავ ადამიანს ორი სქესით (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზია, ჰგავხართ ერთმანეთს...“ - ბაბი კირკიტაძე დედასთან ერთად გამოჩნდა
⭕ვერიკო ტურაშვილს დედა გარდაეცვალა - რას წერს მომღერალი
წყარო: tbiliselebi.ge