საქართველოში ათასობით წყვილისთვის მშობლობა სურვილზე მეტად ბრძოლაა. ბრძოლა დროსთან, დიაგნოზებთან, ფინანსებთან და ხშირად ჩუმ ტკივილთან, რომელსაც საზოგადოება ვერ ხედავს. რეპროდუქციული პრობლემები და ინ-ვიტრო განაყოფიერება დღეს აღარ არის მხოლოდ სამედიცინო საკითხი - ეს არის ადამიანური ისტორია იმედზე, მოლოდინზე და კითხვაზე: რამდენად ხელმისაწვდომია შვილის ყოლის შანსი საქართველოში?
რას ნიშნავს სუროგაცია, ინ-ვიტრო, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორ არის შესაძლებელი პირადი ცხოვრებისეული გამოწვევის ბიზნესს მოდელად ქცევა - აღნიშნულ თემებზე „კაცმანის პოდკასტში“ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელმა და კლინიკურ დირექტორმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა.
იგი გამოცდილი პათოლოგანატომი და ემბრიოლოგია, ESHRE-ს წევრი და საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის დამფუძნებელი, თბილისის სამედიცინო აკადემიის პათოლოგიური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გახლავთ.
ნინო მუსერიძე არის ავტორი წიგნებისა, მათ შორის „უნაყოფობა – კითხვები და პასუხები“ და აგრეთვე არაერთი სამეცნიერო შრომის და პუბლიკაციის. მანვე დააფუძნა უნიკალური საქველმოქმედო ფონდი ქართული დემოგრაფიის დასახმარებლად „შენთვის“, რომელიც დაბალშემოსავლიან უშვილო წყვილებს უფინანსებს ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურებს.
ნინოს მიღებული აქვს „ქველმოქმედი ექიმის წოდება“, წლის ექიმის ფორმატში განსაკუთრებული გულისხმიერებისა და თანადგომისთვის ინ-ვიტრო პაციენტების მიმართ:
„ყველა ქვეყანაში რეპროდუქტოლოგია და ინ-ვიტრო განაყოფიერება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მესმის, რომ რთულია. ჩვენთან რეპროდუქტოლოგია არის წითელი ხაზით, რომ არა! თუმცა იყო ერთი პერიოდი, როცა ონკოლოგიაც არ ფინანსდებოდა, მაგრამ ფონდები, რომელიც შეიქმნა ეხმარებოდა ამ პაციენტებს და დღეს ყველაფერი ფინანსდება.
უკვე აჭარაში არის პროგრამა პილოტური, ჯანდაცვის, რომელიც ეხმარება შშმ პირებს, მასწავლებლებს, , სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვინც აჭარაშია ჩაწერილი და ეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო და ბედნიერი ვარ, რადგან უკვე 30 ბავშვი გვყავს ამ პროგრამით დაბადებული.
ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია.
რაღაცას თუ ჩვენ თვითონ არ დავიწყებთ ჩვენი თავიდან, სხვას ვერ დაავალდებულებ. ერთი აგური უნდა დავდოთ ყველამ.
ბალანსი და ზღვარი ბიზნესსა და სოციალურ პასუხისმგებლობაში:
იმ ქვეყნებში სადაც სადაზღვევო მედიცინა უმაღლეს დონეზეა, იქ უფრო მეტი „ფეიფერ ვოქი“ შეგხვდებათ, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ადამიანური დამოკიდებულება დღევანდელ დღეს კიდევ არსებობს. მე მაგალითად არცერთი პაციენტისგან კონსულტაციის თანხას არ ვიღებ, არც ამიღია. ქართველი პაციენტი ყველაზე მომთხოვნი და ყველაზე კრიტიკულია. ქართველი პაციენტი თვლის, რომ ეკუთვნის, თუ თანხას იხდის ხომ საერთოდ...
მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფული არ იყოს ურთიერთობაში მთავარი.
ნდობა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩვენს პაციენტს არაფერი სტკივა სულის გარდა, ეს არის პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ის წყვილი ხვდება, რომელიც მოდის. ეს წყვილის პრობლემაა ყოველთვის, უშვილობა, უნაყოფობა არ არის ონკოლოგიური დაავადება, ის ახალი სიცოცხლისთვის, სრულყოფილებისთვის იბრძვის“, - ამბობს ნინო მუსერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზია, ჰგავხართ ერთმანეთს...“ - ბაბი კირკიტაძე დედასთან ერთად გამოჩნდა
⭕ვერიკო ტურაშვილს დედა გარდაეცვალა - რას წერს მომღერალი
⭕„და ჩვენ გვიკვირს რატომ ამდენი ავადმყოფი...“ - ვატო მსხილაძე გაზის ღუმლის ტოქსიკურობაზე ალაპარაკდა