
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი გიორგი ცაგარელი კონცერტისთვის ემზადება და ბოლო პერიოდში აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს რეპეტიციებიდან. მუსიკოსი ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება სცენას.
რეპეტიციები ძირითადად სახლში მიმდინარეობს და მათ ხშირად ესწრება გიორგის მეუღლე ლელა კილაძე და პატარა ანდრეა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაჩნდა. ლელასთვის ის მეხუთე შვილია, გიორგისთვის კი - პირველი.
ამჯერად გიორგი ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „არასერიოზული პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც იხსენებს დიდოსტატ გია ყანჩელსთან დაკავშირებულ თავის მჭიდრო ურთიერთობას და მის შემოქმედებაზე მოტივაციას, რომელიც მას არასდროს დაუკარგავს.
„მთელი ცხოვრებაა ყანჩელს ვუკრავ და ხშირად მეუბნებიან – „სულ მაგას რატომ უკრავ?“ მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ მუსიკა არ არის, ეს ჩემთვის მამაშვილური ურთიერთობაა. გია ყანჩელთან მუსიკიდან დავახლოვდით, მასაც ძალიან უხაროდა ახალგაზრდებთან მუშაობა. უამრავ ფესტივალზე ერთად ვყოფილვართ ნიკოლოზ რაჭველთან და სხვა მეგობრებთან“, – ჰყვება გიორგი ცაგარელი.
გიორგი ცაგარელი აღნიშნავს, რომ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ ყანჩელის მუსიკა მისთვის განსაკუთრებულ მუზად იქცა და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ დაუკრავს მისი ნაწარმოებები.
„ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მუსიკას ბევრჯერ უსმენს და ბეზრდება, მაგრამ მე არასდროს მომბეზრებია ყანჩელის მუსიკა. როგორც რიგითი მსმენელი, მანქანაში, ყოველდღე ვუსმენ და ყოველთვის ჩემში რაღაც ახალს აღვიძებს“, – ამბობს მუსიკოსი.
მისი თქმით, საქართველოში ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად დიდი კომპოზიტორი იყო გია ყანჩელი, მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერული მუსიკა ყველგან ისმის.
„მისი შემოქმედება იმდენად ძლიერი და ემოციურად შთამაგონებელია, რომ ნებისმიერი ადამიანის აცრემლიანება შეუძლია“, – აღნიშნავს გიორგი ცაგარელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები