2020 წლის ივნისში, თბილისის ერთ უბანში, რამდენიმე წუთის განმავლობაში სევა შამოიანი ცოცხლად იწოდა - მამაკაცი კი, რომელმაც შეყვარებული ასე გაიმეტა, უყურებდა და არაფერს აკეთებდა. უმძიმეს შემთხვევას წინ უძღოდა ტელეფონით მუქარები, შეურაცხყოფა. ის, რაც იმ დღეს მოხდა, არა მხოლოდ სევა შამოიანის, არამედ მთელი ქვეყნისთვის შოკი იყო.
სევა გადარჩა, მაგრამ იგი დღემდე რეაბილიტაციას გადის, ამჯერად საფრანგეთში. დამნაშავეს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული შალვა გოგოლაძე, ახლა ციხეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ზის.
სევამ წარსულზე და ამჟამინდელ ცხოვრებაზე ambebi.ge-სთან ისაუბრა:
- სევა, ახლა როგორ ხარ, როგორია თქვენი დღევანდელი ცხოვრება?
- საფრანგეთში ვცხოვრობ მესამე წელია. დღემდე გავდივარ თერაპიებს, მასაჟებს. სრულყოფილად, როგორც ადრე, ვეღარ ვცხოვრობ, ფეხების გამო. არ შემიძლია დიდხანს სიარული, დიდხანს ჯდომა, წოლა, სულ უნდა ვიცვალო პოზები. ეს ფიზიკური და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას, ძალიან რთულად ვარ.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ ტრაგიკულ დღემდე, რა ოცნებები ჰქონდა მაშინდელ სევას?
- ორ ადგილას ვმუშაობდი, სასტუმროში მენეჯერად და მეიქაფ არტისტად.
- როგორ გაიცანით დამნაშავე?
- შემთხვევით, წვეულებაზე. იმ საბედისწერო დღემდე რვა-ცხრა თვით ადრე.
- ამ გადმოსახედიდან იყო დასაწყისში რაიმე ნიშნები, რომ მაშინვე უნდა მოგეშორებინათ თქვენი ცხოვრებიდან?
- დიახ, ნიშნები იყო, როდესაც მემუქრებოდა, რასაც სერიოზულად არ ვიღებდი, უბრალოდ ვბლოკავდი. ძალიან დიდი შეცდომაა იყო, რომ თავიდანვე არ მქონდა ამაზე რეაგირება. რთულია ამ ადამიანზე ჩემთვის საუბარი, არ მინდა, რომ დეტალებში ჩავიდე. მეუბნებოდა მოგკლავ... ერთად არ ვიყავით, მაგრამ მუქარა რომ დამიწყო ჩემი ბრალია თავიდანვე არ მოვახდინე რეაგირება. არ მეგონა, რომ უმიზეზოდ შეეძლო ასე გაეწირა ადამიანი.
- რას გულისხმობთ, მუქარების შესახებ თქვენი ოჯახისთვის გეთქვათ თუ პოლიცია ჩაგეყენებინათ საქმის კურსში?
- პოლიციისთვის უნდა მიმემართა, რადგან ხანდახან ოჯახის წევრებიც ვერ გიშველიან. მე ზუსტად ასე ვიყავი. იმ დროს ჩემი დაც სახლში იყო, მაგრამ როგორ უნდა ეშველა, ამ დროს პოლიციას უნდა მიმართო.
- სევა, ფაქტობრივად სიკვდილს გადაურჩით, რამ გიშველათ რეალურად, უმძიმესი დამწვრობა მიიღეთ.
- ძალიან დიდი ომი გავიარე. რა თქმა უნდა, ეს ექიმების დამსახურებაც არის, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ჯერ კიდევ ვერ დავდიოდი. ჩემი სამსახური იყო ის, რომ საკუთარი თავი ფეხზე უნდა დამეყენებინა. ძალიან გამიჭირდა, დიდი ხანი ვიბრძოდი, ვფიქრობდი, ცხოვრება დამთავრდა. ერთ დღესაც გავახილე თვალები და გადავწყვიტე, რომ უნდა ვცადო. დედა 24 საათი ჩემს გვერდით იყო. მეგობრებიც ძალიან მეხმარებოდნენ, მაკითხავდნენ, მართობდნენ. ფონდი გახსნეს და ფინანსურად დამეხმარნენ. უამრავი ადამიანი მედგა მხარში.
- დამნაშავის ოჯახის მხრიდან არანაირი ფულადი კომპენსაცია არ მიგიღიათ, გასაგებია, რომ ამ ადამიანს მიუსაჯეს 17 წელი, მაგრამ.
- არ დაგავიწყდეთ, რომ 5 წელი მოაკლეს, რადგან მოსამართლე შეიცვალა და ამაზე დღემდე იბრძვის ჩემი ადვოკატი. დიახ, ასეთი უსამართლობა მოხდა. მე რა თქმა, მისთვის სასტიკი სასჯელი მინდოდა, ადამიანი ცოცხლად დამწვა. გადის წლები და მგონია, რომ ყველა წელს უფრო შევიმსუბუქებ ტკივილს, მაგრამ პირიქით ხდება. ეგ ადამიანი ბოლოს სასამართლოში ვნახე, მისი ხმა გავიგე, დისტანციურად ერთვებოდა. დარბაზში რომ შევედი, ვკოჭლობდი, ვერ დავდიოდი. ცინიკურად მეუბნებოდა, მოდი, მოდი... შეიძლება სპეციალურად იქცეოდა ასე, რომ შეურაცხადად ეღიარებინათ. ძალიან მიჭირდა საუბარი, აღელვებული ვიყავი. მისი ხმა რომ მესმოდა უფრო ცუდად ვხდებოდი. იცინოდა, მეუბნებოდა, ილაპარაკე, მიდი, მიდი...
- რით იმართლებდა თავს, იმას ხომ ვერ იტყოდა, რომ შემთხვევის დროს იქ არ იყო.
- თავიდან ამასაც ცდილობდნენ, იმდენად უაზრო ადვოკატები ჰყავდა. ამბობდნენ, რა იცით, რომ მაგის სანთებელა იყოო. შემდეგ აღიარა, მაგრამ თქვა, რომ მოკვლას არ მიპირებდა და შეშინება უნდოდა. ჩემი ინფორმაციით, დაკავებისასაც აღიარა და ადვოკატი რომ აუყვანეს, შემდეგ უარყოფდა.
- სევა, გადის წლები და ახლოვდება მისი გამოსვლის დრო, თან როდესაც მას სასჯელი შეუმცირეს...
- მას შემდეგ რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა არავისი აღარ მეშინია. თუმცა ძალიან მიჭირდა საქართველოში ცხოვრება, არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ მე მანდ ვარ და ვიცი, ისიც სადღაც მანდ არის.
- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა გადიან იგივე გზას, როდის უნდა ჩართონ განგაშის სიგნალი? თქვენ გადარჩით, მაგრამ ბევრი ქალი ვერ გადარჩა.
- ხშირად უთქვამთ, რომ აი, დღეს დამარტყა და ხვალ აღარ გაიმეორებს, ბოდიში მოიხადა. ადამიანი, რომელიც პირველივე წამებში გამოაჩენს თავს მოძალადედ, იქვე უნდა დაასრულო. არ აქვს მნიშვნელობა ეს შევიწროება ფიზიკურია თუ მორალური. მაშინვე უშველო თავს. სათქმელად ადვილია, მაგრამ რეალურად რთულია ამას მიხვდე. ქალები ტელევიზიით საჯაროდ უნდა საუბრობდნენ, მოჰყვნენ საკუთარი ისტორიები და ამით სიგნალი უნდა მივაწოდოთ სხვა ქალებს.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„მხოლოდ ის გადარჩება, ვინც წარსულით მომავალს ქმნის...“ - გია მურღულია
⭕გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „საოცარი გოგო ხარ“
წყარო: www.ambebi.ge