Digest Logo

მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს - ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

1795119017
მეხანძრე-მაშველი ფონიჭალა

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვი, სამი ქალი და ერთი მამაკაცია.

მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნებლად ამოიყვანეს - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვი კონტაქტურია, ჩაუტარდა კვლევები და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. „უსინათლოთა დასახლების“ 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს, დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

მრავალბინიან კორპუსში მეხანძრე-მაშველები მყისიერად მივიდნენ და მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. სადარბაზოს მთელ ვერტიკალზე საყრდენი კედელი დაზიანდა, რის გამოც სამაშველო სამუშაოების ჩატარება გართულდა. მიუხედავად ამისა, ადგილზე სხვადასხვა სამსახურიდან 200-ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული - მაშველები, კინოლოგები, პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მერიის სამსახურები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში შშმ პირი ცხოვრობდა, რომელმაც კლინიკაში გადაყვანამდე თქვა, რომ ღამით გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა, გაზის ონკანი კი გახსნილი დარჩა. დილით გამათბობლის ჩართვის მეორე მცდელობა ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა.

აფეთქებიდან მალევე ფონიჭალაში შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. სულხან თამაზაშვილი ადგილზე მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში გამომძიებლებიც მუშაობდნენ - აფეთქების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფონიჭალაში მივიდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ დაფიქსირებულა.

აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირი კლინიკებშია მოთავსებული. კრიტიკულია 31 წლის კაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - იგი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები. კლინიკებში ასევე მოთავსებულნი არიან 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი.

კორპუსში, სადაც ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, სულ 90 ოჯახი ცხოვრობს. დედაქალაქის მერიამ დილიდანვე გამოთქვა მზაობა მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ. სამხარაულის ეროვნული ბიუროს პირველადი შეფასებით, კორპუსის 6 სადარბაზოდან ორი პრობლემურია, სასტუმროში კი 28 ოჯახის გადაყვანა გახდა საჭირო. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე... 5 შვილს ზრდიდნენ“ - რას ჰყვება ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულის ახლობელი

⭕ „მეზიზღება ურანი-მარსის კვადრატი! ბათუმში სახლის ჩამონგრევაც ამ პლანეტების გააქტიურების პერიოდში მოხდა“ - ასტროლოგი ნინა ხომერიკი ფონიჭალის ტრაგედიაზე

⭕ „ნანგრევებიდან ამოყვანილი პატარა გოგონა სულ თვალწინ მიდგას“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე

✕