მერაბ დვალიშვილმა ბათუმში გულშემატკივართან შეხვედრისას მედიასთან განაცხადა, რომ მწვრთნელებს ეძებს.
მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ UFC-ის ქართველ ჩემპიონს ერთი მილიონი ლარი ჯილდოს სახით გადასცა, მერაბმა გადაწყვიტა აღნიშნული თანხა სრულად მოახმაროს ქველმოქმედებას. ჩემპიონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპორტული დარბაზის გახსნას გეგმავს, სადაც ვარჯიში უფასო იქნება.
„მე ყოველთვის მინდოდა სპორტის განვითარებაში მიმეღო მონაწილეობა და ახლა მეტი შესაძლებლობა გამომიჩნდა. აღნიშნულ თანხას სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას. ვაპირებ დარბაზების გახსნას, საჭირო ინვენტარის შეძენას. თბილისში საბრძოლო ხელოვნებებისთვის რამდენიმე დარბაზი გვაქვს. საქართველოს რეგიონებში, სადაც არ არის დარბაზი იქ გაიხსნება, უფრო სწორად, სადაც კარგ მწვრთნელს ვნახავთ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეძებ მწვრთნელებს, ჯიუ ჯიცუს, MMA-ის, კიკბოქსინგისა და ჭიდაობის მწვრთნელებს დავასაქმებ. მეც საქართველოში ვვარჯიშობდი და ამ მიმართულებით ბევრ ადამიანს ვიცნობ. თუ ვიპოვე შესაბამისი მწვრთნელი მაგალითად ხაშურში, ხაშურში გავხსნით დარბაზს, მე გადავუხდი ხელფასს, შევიძენ შესაბამის ინვენტარს და ბავშვები სრულიად უფასოდ ივარჯიშებენ“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო'მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „კახელები გვაკლია...“ - ნინუცა ორჯონიკიძის საინტერესო თავგადასავალი კახეთში
🎥 აქვს თუ არა ლეონარდო დიკაპრიოს კავშირი Puff Daddy-ის სკანდალურ საქმესთან?
წყარო: lagazzetta.ge