
მომღერალ ანრი კოხაძის და მაგდა ჯოხაძე ახლახან ბებია გახდა. პირველმა შვილიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღეები კიდევ უფრო გაულამაზა და გაუბედნიერა. მართალია, ჯერ მის დაბადებას არ ელოდნენ, მაგრამ პატარამ დროსა და მოვლენებს დაასწრო და ბრწყინვალე დღესასწაულზე ინდომა მოვლინება. მაგდა ჯოხაძემ ცხოვრებასა და ბებიობაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
მაგდა ჯოხაძე: ყველა მართლმადიდებელი, მაზიარებელი ადამიანისთვის აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. და, რასაკვირველია, ჩემთვისაც. მაგრამ, თუ ასეთ დღესასწაულზე ჩემი შვილიშვილი მოევლინებოდა ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენდი. ამხელა სიხარულთან ერთად, დანიელმა ოჯახში გაორმაგებული, პლუს, ბედნიერება შემოიტანა. ასე ვთქვათ, შვილიშვილმა სიურპრიზი გამიკეთა და არა მარტო მე, არამედ მთელს ოჯახს. მის დაბადებას მაისის 25 რიცხვისთვის ველოდებოდით, მაგრამ პატარა კაცმაცუნამ არ ისურვა მხოლოდ ოჯახის სადღესასწაულოდ მოვლენა და ინება მთელი მართლმადიდებლური სამყარო რომ ზეიმობს, იმ დღეს მოვლენილიყო ამქვეყნად. შვითთვე-ნახევრიანია, თვე-ნახევრით ადრე დაიბადა, კილო და შვიდასი გრამი დაიბადა. პაწაწუნა, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ბიჭია. დროზე ადრე გამოგვეცხადა და დაგვიჩქარა ბედნიერება. უფალს მადლობა, ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადარჩენისთვის. უფლის წყალობაა, ისინი რომ კარგად არიან და ზაალ კოჭლამაზიშვილის, რომელმაც მარის საკეისრო კვეთა ჩაუტარა. ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდი „პინეოს“ მთელ შემადგენლობას. რომ არა ზეკვალიფიციური ექიმი, ბატონი ზაალი, შეიძლება, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. იმიტომ რომ, მარიკუნა რეზუს უარყოფითია და იყო საშიშროების რისკი. ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც. ესეც ღმერთის წყალობაა, რომ ზაალი ჩემი ოჯახის ახლობელი და ჩემი ძმობილია, მთელი ორსულობის პერიოდში მარის ზედამხედველობდა და წამებში მივასწარით, რომ ნაყოფსა და დედას საფრთხე არ შეჰქმნოდა.
– ახლა როგორ არიან დედა-შვილი?
– მიუხედავად ნაადრევი მშობიარობისა და რისკებისა, ახლა ორივე მშვენივრადაა, მადლობა უფალს. წამოპლაკულია კაცმაცუნა და იმხელა ხმა აქვს, ანგრევს იქაურობას (იცინის).
– ესე იგი, უკვე გენეტიკური ნიჭიც გამოავლინა?
– ასე გამოდის (იცინის). იოგები კარგად დამუშავებული აქვს, იმხელას გასჭყივის. კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ გამიასმაგა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შეგრძნება ამ საოცრების ამქვეყნად მოვლენით. მადლიერი ვარ ყველაფრის. ზოგადად, ცხოვრებაში ყოველთვის მობილიზებული ვარ, არასდროს ვიბნევი, მაგრამ მარი რომ მშობიარობდა, ბრინჯივით დაბნეული ვიყავი. ხელში მეჭირა ტელეფონი და დავკარგე, ასევე, ქურთუკიც. იმდენად ვნერვიულობდი და დაბნეული ვიყავი.
– ანრი როგორ შეხვდა ბაბუობას?
– ანრი ჩემ გვერდით იყო და ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა. ჩემი შვილებისთვის ჩემი ძმები, ანრიც და ომარიც, მამასავით არიან. მე თუ ვნერვიულობდი, იმათ ვერ დაელაპარაკებოდი.
– მშობიარობას ოჯახის წევრები თუ დაესწარით?
– ვაპირებდი დასწრებას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა საკეისრო. ზოგადად, ემოციური კი ვარ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არ ვიბნევი, ემოციური მხარე ითიშება. მობილიზებული ვარ და დაგეგმილი მოქმედებები მაქვს, მაგრამ შვილს რომ ეხებოდა საქმე, ვიყავი შეურაცხადი – არ მესმოდა, ვერ ვმეტყველებდი.
– მარი რამდენი წლის გახდა დედა და თავად, რამდენი წლის იყავი, როცა დედა გახდი?
– მარი 31 წლისაა, დიდი გოგოა, მე ხომ აკვანში გავთხოვდი (იცინის). 17 წლის ასაკში გავხდი მარიკუნას დედიკო და 18 წლის ასაკში გიორგი შემეძინა, სხვათა შორის, ისიც – ექვსთვე-ნახევრიანი და ვამბობდი, ალბათ, გენეტიკურია, ეს დროზე ადრე დაბადება-მეთქი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, დედობაც კარგად გავითავისე და გავიაზრე, არ ვიქებ თავს, მაგრამ ძალიან კარგი დედა ვიყავი და ვარ და არ მგონია, ახლა, ბებიობაში გავაფრინო და პასუხისმგებლობას გავექცე (იცინის). რითაც შემეძლება, დავეხმარები ჩემს ორივე შვილს, ჩემი თავი ენაცვალოთ მათ! მოკლედ, ბებიობა კარგად გათავისებული მაქვს. ახლა 48 წლის ვარ და ჩემზე პატარა ბებიებიც არიან. ვთვლი, რომ დროულად გავხდი ბებია და უბედნიერესი ვარ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა