
მომღერალ ანრი კოხაძის და მაგდა ჯოხაძე ახლახან ბებია გახდა. პირველმა შვილიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღეები კიდევ უფრო გაულამაზა და გაუბედნიერა. მართალია, ჯერ მის დაბადებას არ ელოდნენ, მაგრამ პატარამ დროსა და მოვლენებს დაასწრო და ბრწყინვალე დღესასწაულზე ინდომა მოვლინება. მაგდა ჯოხაძემ ცხოვრებასა და ბებიობაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
– მაგდა, რამდენად გამართლებული ცხოვრება გაქვს და ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობ, რამ მოგცა სტიმული და ძალა, ყოფილიყავი ძლიერი ქალი?
– რომ გითხრათ, ცხოვრებაში ყველაფერი ხონჩით მომდიოდა-მეთქი, მოგატყუებთ. შინაგანად რომ გაიზარდო, შენი გადასატანი ტკივილიც უნდა გადაიტანო. მაგრამ, უფალი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რასაც ვერ გადაიტან. ალბათ, განსაცდელები, ამა თუ იმ დროს, საჭირო იყო ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად, რომ მინუსების წრეზე არ მევლო და ამ ჭკუით, ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. ყოველთვის მადლობელი ვარ უფლის, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების, მშიერიც და მაძღარიც ასეთ ადამიანად რომ ჩამოვყალიბდი. სიტყვა ბოროტის მნიშვნელობაც კი არ ვიცი და ამით ბედნიერი ვარ.
– წლებია, მეუღლეს გაშორებული ხარ. არასდროს გიფიქრია, ისევ დაგეკავშირებინა ბედი საყვარელ მამაკაცთან და მეორედ შეგექმნა ოჯახი?
– მეუღლეს 12 წელია, გაცილებული ვარ, მაგრამ ცივილური ურთიერთობა გვაქვს. 18 წელი ვიყავით ერთად და არაჩვეულებრივი შვილები გვყავს. ჩვენ ბავშვები შევუღლდით, მერე გავიზარდეთ, პრიორიტეტები შეგვეცვალა და ხასიათიც. შვილებს კარგი ურთიერთობა აქვთ მამასთან და ახლა დანიელმა ორივე ბებია-ბაბუა გაგვხადა. ასე რომ, ის ბედნიერია, სადაც არის და მეც ბედნიერი ვარ, სადაც ვარ. თუ ურთიერთობა ფრონტის ველად იქცევა, სჯობს, დაასრულო ურთიერთობა. რაც შეეხება გათხოვებას, სერიოზულად ამაზე არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, გვერდით გყავდეს შენი საყვარელი მამაკაცი, შენი მომფერებელი, რომ ვიღაცას შეეფარო, მაგრამ თუ ვიღაც იმისთვის უნდა მოვძებნო, რომ ბედნიერი ვიყო – არა. ისედაც სავსე ვარ ბედნიერებით და თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც მე მაფიქრებინებს სერიოზულ ურთიერთობაზე, ჩემს სილაღეს გაითავისებს და ამით თავადაც გაილაღებს ცხოვრებას, მერე ვიფიქრებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შვილები მყავს და ბებიაც გავხდი, მიმაჩნია, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია, იყოს გალაღებული პირად ურთიერთობებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა