აბუ-დაბიში გამართულ Real American Freestyle (RAF)-ის ტურნირზე UFC-ის ლეგენდის ურაია ფეიბერის სენსაციური დამარცხების შემდეგ, 21 წლის ქართველი მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ ისაუბრა:
„ახლა დავინახე სხვა რაღაც საბაში, რაც შეიძლება სხვა ბიჭში არ იყოს. საბა არის ქობულეთელი ბიჭი. მას ტრავმები ჰქონდა ძალიან დიდი ხანი, ახლა დაიწყო ნორმალურად ვარჯიში. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. სუპერ ვარსკვლავებთან ერთად იდგა და თავად შოკში ჩავარდა, დაბნეული იყო, დაალაგა სიტუაცია და ძალიან სწორად იჩხუბა. მე ვვამაყობ, მეუღლე კი ძალიან ნერვიულობდა. დღეს ამხელა ცნობილი ვარსკვლავები ისეთ რაღაცებს წერენ, მეამაყება.
გალახულიყო, მოკლულიკო, არაფერს არ ნიშნავდა. იქ რომ მივარდა და მერაბს გადაეფარა ეს იყო დიდი გამბედაობა. ამხელა მებრძოლები იყვნენ და პროფესიონალურად იჩხუბა. ძალიან ივარგა და სირცხვილიც აგვაშორა. ახლა გალახულებიც არიან ისინი და შერცხვენილებიც. ძალიან ემოციებში ვარ, ვიტირე კიდეც. არ ვიცი ჩემი ოჯახი თუ იმსახურებს ამას. ძალიან მსიამოვნებს“, - აღნიშნა ანზორ ლაზიშვილმა.
ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.
11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე