ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა:
„ისინი იყვნენ აბსოლუტურად უანგაროდ მისულები, დამოუკიდებლობის მოსათხოვნად. ჩემთვის ყოველი წლის 9 აპრილი არის ისევ ის დღე და ისევ ის განცდა, როდესაც მე იქ ვიდექი, ვხედავდი იმ ცას, რასაც ჩემი მეგობრები და უცნობები ხედავდნენ. რომლებიც გადარჩნენ და დაიღუპნენ.
არ მეშინოდა, ეს შიში ჩვენ დავძლიეთ მანამდე. დავძლიეთ მაშინ, როცა გავიაზრეთ, რომ ჩვენი სამშობლო იყო დაპყრობილი. მისი გათავისუფლება სწორედ ჩვენი თაობის ხელში იყო, ამის გვჯეროდა. ჩვენ თაობას ამის შანსი მიეცა, რომ რეალურად გაეთავისუფლებინათ ჩვენი ქვეყანა.
ტრიბუნასთანაც კი მოვხვდი, აღმოვჩნდი მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შორის. მერაბ კოსტავას ჩემი ხელი ეჭირა და მამხნევებდა - „ნუ გეშინიაო“, - ამბობს მაკა რაზმაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: