მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილიდან სამი წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანაზე გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
„ზუსტად ეს არის ჩვენი პროფესიის მთავარი ბენფიტი, რომ ასეთ დროს ადამიანი იმხელა დადებით ენერგიას იღებ, მით უმეტეს, როდესაც მსგავსი ნანგრევებიდან ცოცხალ ადამიანს ამოიყვან თან ბავშვს, რომ ეს ემოცია მე მთელი კარიერის განმავლობაში მომყვება.
გუშინდელი შემთხვევა განსაკუთრებული იყო, მეც თაიას ტოლა შვილი მყავს და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი.
ძალიან დიდი უბედურება მოხდა, მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც პატარას სიცოცხლეს გადაარჩენ მეხანძრე მაშველისთვის არაფერი არ არის“, - ამბობს შალვა გათენდაშვილი.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: