Digest Logo

„მეუღლე ერთ-ერთი პირველი მივიდა ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი სოფო დახვდა“ - სენაკში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

1741435232
გარდაცვლილი ორსული

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„კვირის პალიტრამ“ გარდაცვლილიც მეგობარი და თანამშრომელი ჩაწერა, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს.

„სოფო ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. 17 მარტს 28 წლის გახდებოდა, ამ დღისთვის ვემზადებოდით ყველანი, რადგან მას ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და მართლა ლამაზ დღესასწაულს აწყობდა ხოლმე, მაგრამ თავს დაგვატყდა ეს თავზარდამცემი ამბავი. ჩვენი სოფო, ჩვენი კარგი მეგობარი არ გვყავს. ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით ერთად ბავშვთა გასართობ ცენტრში, სოფო ძირითადად დიზაინზე მუშაობდა, მაგრამ როცა ბავშვების გასართობად მივდიოდით გასართობ ფორმებსაც და შესაბამის როლსაც მშვენივრად ირგებდა. კარგად ართობდა ბავშვებს. ფოტოებიც კი დავდე ჩემს ფეისბუკ გვერდზე, ულამაზესი სოფო როგორ ართობს ბავშვებს. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ულამაზებდა ადამიანებს დღეებს, განსაკუთრებით უყვარდა ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც მეგობარიც, არაჩვეულებრივი იყო. ყველას გვერდში მდგომი, გულს ამოიღებდა და მოგცემდა. სასწაული მეოჯახე იყო. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მეუღლე შვილები. მართლა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო სოფო. უბოროტო, უზომოდ კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ყოველი დღის გათენება უხაროდა. მის სახეზე სევდას ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური და მართლა სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მით უმეტეს ახლა უბედნიერესი იყო, რომ გაიგო მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდებოდნენ მესამე შვილის დაბადებას. შარშანაც იყო ფეხმძიმედ, მაშინ მოეშალა მუცელი და ძალიან განიცადა, ახლა რომ დაფეხმძიმდა, ძალიან გახარებული იყო. მეხუთე თვეში იყო. საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ გიორგი და სოფოს. მართლა უდიდესი სიყვარული. თვალებში შესციცინებდნენ ხოლმე ერთმანეთს. რა ვთქვა არ ვიცი. ძალიან მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. მერე სოფომ თავისი კომპანია შექმნა, საოცარ დეკორაციებს და დიზაინს ქმნიდა, მართლა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მისმა კომპანიამ და სენაკში თითქმის ყველა იცნობდა სოფოს. ალამაზებდა ქორწილებს, დაბადების დღეებს. ძალიან რთულია წარსულ დროში საუბარი ამ სიცოცხლით სავსე ადამიანზე, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სოფო ჩხოროწყუდან იყო, მისი მეუღლეა სენაკელი და ყველაზე დიდი ტრაგედია ისიც არის მისი მეუღლე მივიდა ერთ-ერთი პირველი ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი მეუღლე დახვდა. სოფოს მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს სასწრაფო და სამაშველო. მისი მეუღლე იმ დღეს მორიგე იყო და სამაშველო ჯგუფში, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ის იყო. იქ მისულს კი თავზარდამცემი ამბავი დახვდა. მთელი ქალაქი დასტირის მას და ყველას გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ“, - ამბობს თაზო ბენიძე.

- საჭესთან თვითონ იჯდა?

- საჭესთან თვითონ იჯდა, მარტო ყოფილა, ძველ სენაკში ცხოვრობდა და მიდიოდა სახლში, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზიდან და შხეფის გზაზე დაეჯახა ტაძრის ღობეს, შემდეგ დაეჯახა ბოძს და მანქანა ამოტრიალდა. შხეფში ეკლესია რომ არის, იქ დატრიალდა ეს უბედურება. მიზეზი არავინ იცის... მართალია კლინიკაში გადაიყვანეს და რეანიმობილიც გამოიძახეს, მაგრამ ძალიან მძიმედ ყოფილა დაშავებული და ამბობენ თურმე ექიმები, გადარჩენის შანსი ერთი პროცენტიც არ იყოო. ეს საშინელებაა. ვინც ახლო მეგობრები ვართ ჩვენ ვიცით როგორ უყვარდათ ცოლ-ქმარს ერთმანეთი, მართლა თითით საჩვენებელი ოჯახი ჰქონდათ და ასეთი ტრაგედია მოხდა.

ვუსამძიმრებ ყველას. სიტყვები უძლურია ამ დროს. შარშან წინ ზუგდიდში ნატო ბერულავა რომ გაიტანა მანქანამ და ქალი ადგილზე რომ გარდაიცვალა ის სოფოს დეიდა იყო. ახლა ჩვენი ყველაზე კეთილი გოგო ავარიით დაიღუპა. ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ემზადებოდა 17 მარტს თავისი დაბადების დღისთვის და ეს ტრაგედია მოხდა. დაუსრულებლად შემიძლია მის სიკეთეებზე საუბარი. უბოროტო, არაჩვეულებრივი ხასიათის გოგო იყო, რომელიც მუდამ პოზიტიური, მომიმარი იყო. სოფო როგორ დატოვე შენი ორი ანგელოზი, შენს გიოს როგორ უღალატე, სიცოცხლეზე მეტად რომ გიყვარდა. როგორი ძნელია მეგობარო შენზე წარსულში საუბარი, ჩვენო უღალატო და უბოროტო სოფო. გული მომიკალი, როგორ ვერ გაუძელი. არ მინდა დაჯერება. წახვედი და წაიღე ყველას სიყვარული. ორი სიცოცხლე ერთად გაფრინდით“, - ამბობს თაზო ბენიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მარადიული სიცოცხლის დასაწყისის და ხორცშესხმის საიდუმლო დევს მასში“ - გიორგი ლობჯანიძე ქალებს 8 მარტს ულოცავს

შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა - „შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას, სიბრძნეს“

„გავაგრძელოთ ბარიერების გარღვევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად წარმატებისკენ სვლა“ - ნუცა ბუზალაძის მილოცვა ქალებს

წყარო: kvirispalitra.ge