Digest Logo

„მიხარია წლების მატება, ყველა ასაკს თავის ხიბლი მოაქვს...“ - რა განსაკუთრებული მოვლენები მოხდა რუსუდან მუმლაძის ცხოვრებაში

1740731663
რუსუდან მუმლაძე

ცოტა ხნის წინ, არაჩვეულებრივ მომღერალს რუსუდან მუმლაძეს საოცარი სოლო კონცერტი ჰქონდა, რომლის ემოციები „თბილისელებს“ გაუზიარა.

მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო სიახლეა.

– ცოტა ხნის წინ არაჩვეულებრივი სოლო კონცერტი გამართეთ და მინდა, ჩვენს მკითხველს ამ დღის შესახებ მოვუყვეთ – როგორ ჩაიარა საღამომ?

– 2024 წლის 25 ნოემბერს, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში გავმართე შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით – „ჩემი ცხოვრების გზა”, რომელიც მუსიკალური ნოველის სახით შევთავაზე ერთგულ მსმენელს, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მაყურებლით გადაჭედილ დარბაზიდან წამოსულმა ემოციამ და აპლოდისმენტებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ტიპური კონცერტისგან როგორც მუსიკალურად, ასევე სანახაობრივად განსხვავებული ფორმატი, საკმაოდ საინტერესო და მოგებიანი აღმოჩნდა. მუსიკალური ნოველა ასახავდა ჩემი, როგორც შემოქმედი ქალის, აქამდე განვლილ ცხოვრებისა და შემოქმედების გზას.

– სოლო კონცერტი დიდი პასუხისგებლობაა და ალბათ, ბევრ დეტალთან დაკავშირებით გიწევდათ ნერვიულობა. მსმენელმა საოცრად ისიამოვნა, მაგრამ ამ ემოციების ფონზე თქვენც თუ მოახერხეთ ამ პროცესით ტკბობა?

– არც ვიცი საიდან დავიწყო… გული, სული, ყველანაირი ენერგეტიკული რესურსი ჩავდე ამ ყველაფერში! ჯერ მოვიდა იდეა და მის განხორციელებაზეც დავიწყე ფიქრი: აბსოლუტურად ახალი რეპერტუარი, მუსიკალური ვერსიები და კოლაბორაცია სხვადასხვა მუსიკოსთან, რომლითაც დახუნძლული იყო ჩემი საღამო; სცენოგრაფია, ანტურაჟი, ეკრანული გაფორმება... როგორც აღმოჩნდა, ჩემში წარმოსახვითი უნარები კარგად არის განვითარებული, ალბათ, გემოვნებაც, რაც ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა..

სხვადასხვა კონცერტებისა და ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ როდესაც ყველაფერს თავად აკონტროლებ, ასე გამოდის საქმე სრულყოფილი და ხარისხიანი. მოკლედ, ბიუროკრატიული საკითხებით დაწყებული, სასცენო ჩაცმულობით დამთავრებული, საკმაოდ რთული გზა მედგრად გამოვიარე (იცინის)

გუნდური მოთამაშეც ვარ, თუმცა ჩემი პერფექციონიზმიდან გამომდინარე, ყველაზე მეტ საქმეს, მაინც საკუთარ თავზე ვიღებ. დამღლელია, მაგრამ არ მაწუხებს, პირიქით, მეტად მაცოცხლებს.

ძალიან დამამშვენეს ჩემმა კოლეგებმა, მათი ნიჭიერებითა და პროფესიონალიზმით. უდიდესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესში ძალიან დამეხმარა და რა თქმა უნდა, დამსწრე საზოგადოებას.

ერთ რამეზე კი ძალიან მწყდება გული… ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, შემდგომ დღეებში, კონცერტის გაშუქება ისე ვერ განხორციელდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა, მუსიკალური ნოველის – „ჩემი ცხოვრების გზა” – სრულ ჩანაწერს მაყურებელი უახლოეს მომავალში ტელევიზიით იხილავს.

– მეუღლე როგორ გედგათ გვერდში ამ პროცესში?

– როგორც ყოველთვის… ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ?! განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება მუსიკალურ არანჟირებასა და სტუდიურ მუშაობაში, რაც კონცერტის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

– ამ საღამოს კიდევ ერთხელ გაიბრწყინეთ ვიზუალური თვალსაზრისითაც, ამიტომ მინდა, ჩვენს მკითხველს თქვენი საიდუმლოებები გავუზიაროთ – როგორ უვლით თავს?

– თავის მოვლა ნამდვილად მიყვარს. თუმცა, პირველ რიგში, მნიშვნელოვან როლს მაინც გენეტიკა ასრულებს. ასაკის მატებასთან ერთად, ვიკეთებ შესაბამის კოსმეტიკურ პროცედურებს. ფეხით ბევრს დავდივარ. ვცდილობ, ზომიერად და ჯანსაღად ვიკვებო. მიუხედავად ამისა, წონის კონტროლი, ხან ძალიან კარგად გამომდის, ხან – საშუალოდ.

– კონცერტიდან ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა – ბებია გახდით. ეს, ალბათ, საოცარი გრძნობაა…

– თქვენ წარმოიდგინეთ, როცა გამიზიარეს, რომ შვილიშვილი გაჩნდებოდა, ჩემი მოულოდნელი სიხარულით განცდილი ემოცია იმდენად ძლიერი იყო, ცხოვრებაში არც მე დამავიწყდება და ალბათ, არც მათ. რომ დაიბადა, მგონი, იმაზე მეტი ემოცია არ მქონია, ვიდრე ის პირველი იყო. ეს სასიხარულო მოლოდინი მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან საჯაროდ გავუზიარე მაყურებელს და ორ კვირაში დაიბადა. ძალიან მინდოდა გოგო შვილიშვილი. ღმერთმა ესეც შემისრულა. მოკლედ, ჩემთვის 2024 წელი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა.

– როგორი აღმოჩნდით ბებიის ამპლუაში?

– ძალიან მიყვარს. უკვე ლამაზია. ივლიტა ჰქვია. ცოტა რომ წამოიზრდება, ალბათ, კიდევ მეტად შევიგრძნობ ამ სიკეთეს. ვისურვებდი, მუსიკალური მონაცემი ჰქონდეს. ვნახოთ. ყველაფერი ღმერთის ნებაა!

– ბებიის ამპლუა ქალბატონებს ასაკზე აფიქრებს ხოლმე და ზოგადად, როგორ ხვდებით ასაკის მატებას?

– ხელგაშლილი! ასეთი ფიქრებით თავს ნამდვილად არ ვიტანჯავ. პირიქით, მიხარია კიდეც წლების მატება. ყველა ასაკს თავის ხიბლი მოაქვს. რატომღაც, მომწონს ამ ასაკში ჩემი თავი. (იღიმის).

– საინტერესოა, როგორი დედამთილი ხართ?

– დედამთილობის ინსტიტუტი, მგონი, აღარც არის აქტუალური. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ვარ და ვიქნები მათი ოჯახის დიდი გულშემატკივარი და მათი წარმატებებით – ყოველთვის ბედნიერი.

– დიასახლისის ამპლუაში როგორი ხართ, თუ გიყვართ სახლის საქმეები და სამზარეულოში ფუსფუსი?

– ორგანიზება და დაგეგმვა ოჯახშიც მეხერხება. ორი უკიდურესობა მაქვს: ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებ, დიდი რუდუნებით მიმყავს ბოლომდე ან, პირიქით, საერთოდ არ ვკიდებ ხელს. სამზარეულოშიც ასეთი ვარ! მაქსიმალისტი! შეიძლება, ერთ სადილს მთელი დღე მოვანდომო, რადგან ზერელედ არაფრის კეთება არ მჩვევია. ეს ჩემი ხასიათია. თუ განწყობაზე არ ვარ ან იმ საქმისთვის ცოტა დრო მაქვს, ზერელედ გაკეთებას მირჩევნია, საერთოდ არ გავაკეთო. ეს ჩემი ზოდიაქოს ნიშნის – ქალწულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც მარტში პირადი ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

გივი სიხარულიძე იუბილარია - მსახიობი 81 წლის გახდა

„ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც...“ - რას წერს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

წყარო: tbiliselebi.ge