Digest Logo

„მისი ყოველი კონცერტი იყო დღესასწაული, მეხივით გავარდა ხმა თბილისში - ლიანა გარდაიცვალაო...“ - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ლიანა ისაკაძეზე

1720618749
ლიანა ისაკაძე

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრკ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 5 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოციალურ ქსელში ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება და გამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს:

„მეხივით გავარდა ხმა თბილისში - ლიანა გარდაიცვალაო, და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის შესახებ, ამის მოლოდინი მაინც არ გვქონდა.

არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. როდესაც მომავლის ისტორიკოსები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ მუსიკალურ კულტურას შეეხებიან, დარწმუნებული ვარ, საშემსრულებლო ხელოვნებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს ლიანა ისაკაძეს მიუჩენენ - ქართული მუსიკალური ხელოვნების უნიკალურ ფენომენს, უდიდეს მოვლენას, გასაოცარ, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვანს. მისი ყოველი კონცერტი, ყოველი გამოსვლა სცენაზე იყო დღესასწაული, რომელიც მომნუსხველი ხდებოდა ყველასთვის განურჩევლად იმისა, მუსიკოსი იყო თუ არა.

დიდი მასშტაბის ხელოვანებს სიყვარულის ნიშნად მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, ლ ი ა ნ ა ს მასშტაბი და განსაკუთრებულობა ამითაც ამოიცნობა და ერთ განზომილებაში ვერ თავსდება - ლიანა მევიოლინე, ლიანა დირიჟორი, ლიანა მუსიკალური მოღვაწე....რამდენი რამ არის დაკავშირებული ამ სახელთან.

ვუნდერკინდი ლიანა 3 წლის ასაკიდან მუზიცირებდა ჯერ ფორტეპიანოზე, შემდგომ ვიოლინოზე და ანცვიფრებდა მსმენელს არტისტიზმით, მუსიკალურობით და ვირტუოზულობით. ლეო შიუკაშვილის აღზრდილი მევიოლინე 16 წლის ასაკში უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში დავით ოისტრახის სტუდენტი გახდა, 1965 წელს მოიპოვა პირველი გამარჯვება ჟაკ ტიბოს (პარიზი) საერთაშორისო კონკურსზე და შემდგომ იან სიბელიუსის (ჰელსინკი), პიოტრ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსების ლაურეატი გახდა. ლიანას ოსტატობა და მასშტაბი იმითაც განისაზღვრება, რომ მისი რეპერტუარი უსაზღვრო და სტილისტურად მრავლისმომცველი იყო ბაროკოდან დაწყებული თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებით დამთავრებული, განსაკუთრებით ქართულ მუსიკას უწევდა პოპულარიზაციას..
ეს იყო ადამიანი - დ ღ ე ს ა ს წ ა უ ლ ი, რომელშიც ნიჭი, ენერგია და ტემპერამენტი სჩქეფდა. ლიდერის გამოკვეთილმა თვისებებმა მიიყვანა დირიჟორობამდე. თუმცა ეს არ არის გასაკვირი, ოდითგანვე ორკესტრის კონცერტმაისტერი მევიოლინეები ითავსებდნენ დირიჟორობას და მე-20 საუკუნის მუსიკალურმა პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ გამოჩენილი ინსტრუმენტალისტები ხშირად არ სჯერდებოდნენ სოლო შემსრულებლობას და ორკესტრის ხელმძღვანელები ხდებოდნენ, როგორიცაა სპივაკოვი, ბაშმეტი. თავად ოისტრახიც დირიჟორობაზე ოცნებობდა. ლიანამ ეს მისიაც აღასრულა, თუმცა მისი ოცნება ეს სულაც არ იყო - გარემოებამ უკარნახა.

საქართველოს კამერული ორკესტრი ლიანას ხელმძღვანელობით აკადემიური, მაღალი კლასის კოლექტივად ჩამოყალიბდა ფართო რეპერტუარით კანტატებიდან და მესებიდან დაწყებული, „პორგი და ბესის“ სიუტითა და შოსტაკოვიჩის მე-8 კვარტეტის საორკესტრო ტრანსკრიპციით დამთავრებული.

განსაკუთრებული იყო ლიანა ისაკაძის ღვაწლი ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში.1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში "ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღაწეობდა და ქართული კულტურის ოაზისად იქცა გერმანიაში. იქვე, ინგოლშტადტში დააარსა 1992 წელს მისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძის ბიჭვინთის, ბორჯომის, ბათუმის, "ღამის სერენადების" საერთაშორისო ფესტივალების მასშტაბი და პრესტიჟი ხომ მისი დამფუძნებლის ავტორიტეტით განისაზღვრებოდა და ანდამატივით იზიდავდა როგორც მსოფლიო დონის მუსიკოსებს ისე რიგით მსმენელებს. მახსენდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კამერული ორკესტრის საახალწლო კონცერტი ლიანას ხელმძღვანელობით, იოჰან შტრაუსის ვალსებით მსმენელს თავისი ჯადოსნური ჯოხით საოცარი სადღესასწაულო დარბაზობის ატმოსფერო რომ შეუქმნა. ან დაუვიწყარი, იუმორით სავსე 5 ბრწყინვალე საღამო ფილარმონიის დიდ დარბაზში „მუსიკოსები ხუმრობენ“, რომელმაც ჩვენს რეალობაში პირველად სცადა მუსიკალური იუმორით მსმენელის განმუხტვა, დიდი მუსიკოსებისთვის ხომ არაფერი ადამიანური უცხო არ არის.

ანტონ დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო, ლიანა „ყოველ ადამიანში უფრთხილდებოდა მოცარტს“. ასეთი იყო თავადაც მუდამ მოღიმარი, კისკისა, ბავშვივით სუფთა, გახსნილი და გულწრფელი, მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც.

მარად ხსოვნა იყოს მისი და არდავიწყება……“, - ვკითხულობთ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია! ხომ იცი, შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ!“ - მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები, რას წერს გიორგი კეკელიძე?

🎥 წვეულება ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები - კადრები ლევან კობიაშვილის დაბადების დღიდან

⭕  „ეს არის ჩემი აღსარება... არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ“ - რას წერდა ქეთევან კიკნაძე