
ვინ არის მსახიობი ნინო ლეჟავა ზოდიაქოთი, რამდენად სჯერა მას ასტროლოგიის და რა თვისებებია მასში დომინანტური - აღნიშნულ საკითხებზე მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
ნინო ლეჟავა: დაბადების დღე 10 იანვარს მაქვს, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. ასტროლოგიის მონა არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ დამთხვევას ვხედავ. მჯერა ამ მეცნიერების, თუმცა ეს ხელს არ მიშლის, მწამდეს ღმერთისა და ეკლესიის.
– თხის რქა უზომოდ ჯიუტია. ეთანხმებით?
– მე ჯიუტი მხოლოდ მაშინ ვხდები, როცა 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. ასეთ შემთხვევაში ჩემს სიტყვას არ გადავალ. სხვა დროს დამყოლიც ვარ და მოსმენაც ვიცი. ხისტი ხასიათი არ მაქვს, რაც თხის რქას ახასიათებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე დაიბადე, რომელ წელში და რისი გავლენები გაქვს. მე ვეფხვის წელში ვარ დაბადებული და ჩემში ჭარბად არის ცეცხლი, წყალი კი – ნული (იცინის). თუმცა, თავს ვაძალებ და შევიყვარე წყლის სმა, რადგან აუცილებელია. ცეცხლი ვარ, მაგრამ უფრო ემოციური, შეიძლება, რაღაც ძალიან ემოციურად მოგიყვე, მაგრამ ის, რომ გავჯიქდე, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ „ვირზე შევჯდე“ და ყველაფერში მე ვარ მართალი-მეთქი, ვამტკიცო, ასეთი რამ ნამდვილად არ მახასიათებს. თეთრზე არასდროს ვამტკიცებ, რომ შავია. როცა აზრს გამოვთქვამ, ყოველთვის დავსძენ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება, ვცდებოდე. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება რაღაცები ვამტკიცო და სხვებს ჩემი აზრი მოვახვიო თავს. პირიქით, სხვის აზრს პატივს ვცემ.
– წინააღმდეგობის გაწევა თხის რქას აბრაზებს...
– მაგალითად, საქმეში, როდესაც ვხედავ, რომ ვინმეს აზრი სიკეთის მოტანის ნაცვლად, გვაზარალებს, რა თქმა უნდა ძალიან ვჯიქდები, რადგან ვიცი, რომ საქმე ცუდად წავა. როცა პროფესიას ეხება საქმე, არის ხოლმე შემოქმედებითი კამათი, მაგრამ ეს კონფლიქტში არასდროს გადაზრდილა. თუ ვგრძნობ, რომ შეიძლება, ეს მოხდეს, ვცდილობ, სიტუაციას გავერიდო, რადგან ძალიან უკონფლიქტო ვარ. ძირითადად, მშვიდობის მტრედი უფრო ვარ, ვიდრე ის, ვინც ძაბავს გარემოს და ბოლომდე აწვება, რაც შემდეგ კონფლიქტურ სიტუაციას იწვევს. როცა ერთ და ორ ადამიანს ეხება საქმე, კიდევ სხვა არის, მაგრამ როდესაც გუნდს ეხება საქმე, არ შეიძლება. როცა სპექტაკლს ეხება საქმე, ესე იგი, რეჟისორი ასე ხედავს და ვეღარ გადავათქმევინებ, ამიტომ არ ღირს კამათი. თუმცა, არის რეჟისორების მეორე კატეგორიაც, იღებს შენს შეთავაზებას, რომელიც საქმეს წაადგება. ასეთთან უფრო მეტთან მაქვს შეხება და ბედნიერი ვარ ამის გამო.
– თუ რამეში წინ გადაეღობე, არ დაგინდობს, გაგანადგურებს.
– ადამიანი თუ ცუდს გამიკეთებს, მე მას არ ვუპასუხებ. მე ვიცი, რომ სამყარო ბუმერანგია. მეზიზღება წყევლა. ჩემი „წყევლა“ ასე ჟღერს: „ღმერთმა განგვსაჯოს, ყველას ის მოგცეთ, რაც ჩემთვის ან სხვისთვის გინდოდეთ“. თუმცა, თუ ვინმე ჩემს შვილებს შეეხება, იქ აღარ ვარ პასუხისმგებელი ჩემს თავზე, მით უმეტეს, თუ უსამართლობას ვხედავ. შვილი ხელშეუხებელი ფენომენია. არ ვიცი, საბედნიეროდ, არ მქონია ასეთი მომენტი, მაგრამ წარმოდგენის დონეზე, კარგს ვერაფერს წარმოვიდგენ. საერთოდ, ძალიან იშვიათად, შეიძლება საუკუნეში ერთხელ, გადამეკეტოს გონება და მერე ვეღარაფერს დავინახავ. ასეთ დროს არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ. ალბათ, ეს არის აფექტური მდგომარეობა და ვიმეორებ, შვილებს თუ შეეხებიან ცუდად, მხოლოდ მაშინ შეიძლება, მქონდეს ასეთი რეაქცია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ნამდვილი მე ვარ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე?