ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი, დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ანდღულაძე დღეს, 13 დეკემბერს 97 წლის გახდებოდა.
ის 1927 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა.
1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1963 წელს — თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარალელურად (1953-1959) — თსუ კავკასიური ენების კათედრის პედაგოგია. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს (ა. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). 1961-1962 წლებში სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ (პედაგოგი ჯ. ბარა).
ანდღულაძეს აქვს ძალზე ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა. მისი შესრულებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი მუსიკალური ფრაზირება, არტისტიზმი, სცენური ოსტატობა.
ანდღულაძე ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1958). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია (1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გარდაიცვალა 2013 წლის 30 იანვარს, 85 წლის ასაკში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანის ავადმყოფობასაც კი შთანთქავს...“ - შავი კატის მისტერია და მაგიური თვისებები
⭕ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება