Digest Logo

„მსგავსი ვითარება ათწლეულებია არ გვქონია, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ივანე ჩხაიძე წითელას მატებაზე

1744626363
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წითელას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წითელას შემთხვევა მნიშვნელოვნად გაზრდილია და საჭიროა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს.

მისი თქმით, საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ბოლო სამი წელია არ დაფიქსირებულა წითელას შემთხვევები.

ამასთან, როგორც ჩხაიძე ამბობს, ყველაზე მეტად წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, 2024 წლის განმავლობაში 127 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 1997 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 25 წელზე მეტია ასეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევროპულ რეგიონში არ დაფიქსირებულა. ევროპაში 32 000 შემთხვევაა, თუმცა აქედან, ყველაზე მეტი ერთ ქვეყანაშია - რუმინეთში 27 ათასი. ევროპის კონტინენტზე წითელათი 18 ადამიანი გარდაიცვალა. ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ში. 2024 წელს 285 შემთხვევა იყო, ახლა 4 თვეში არის 712. 2 შემთხვევა დადასტურებულია და 1 გამოკვლევის სტატიაშია, სავარაუდოდ, იქაც დაფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ ყოფილა.

საქართველოში მატების დინამიკაა, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენთან 2022 წელს წითელას 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 142 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში ყველაზე მეტი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირდება. სულ 2 რეგიონია სადაც არ დაფიქსირებულა წითელათი გარდაცვალება - კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი. წითელას შემთხვევები არ დაფიქსირებულა ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ 2 რეგიონში.

წითელა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება. წითელათი ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალური შედეგებიც განვითარდეს. ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი. სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება ვითარდება - პანენცეფალიტი ამ ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

წითელა ძალიან სერიოზული პრობლემაა, ის მძიმე გართულებებით ხასიათდება, ის ოჯახის წევრებისთვისაც რისკს წარმოადგენს, ამიტომ, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ. წითელა წარმოადგენს, გადამდებ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას. წითელა ყველაზე გადამდები დაავადებაა, რაც არსებობს ბავშვებში. გადამდებლობა არის ძალიან მაღალი. წითელას საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ არის ვაქცინა ერთადერთი გზა.

წითელას ძირითადი ჩივილებია - დაავადების დაწყება მაღალი ცხელებით, ეს ცხელება გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ მას მოჰყვება გამონაყარის გაჩენა. გამონაყარსაც თავისი ტიპური თანმიმდევრობა აქვს. პირველ დღეს გამონაყარი ჩნდება სახის არეში, მეორე დღეს - ტანზე და მესა დღეს - ქვემო კიდურებზე. ეტაპობრივად ვრცელდება ეს გამონაყარი. მას შეიძლება ახდეს - თვალების შეწითლება, ხველა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა მანქანა აჩუქა - „გილოცავ, სულ ასეთი ბედნიერი იყავი“

როგორ დღეებს პროგნოზირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში

🎥 „ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, არავითარი კაპიტალ დაბანდება, საყიდლები...“ - მიხეილ ცაგარელი ასახელებს წყალქვეშა დინებებს, რასაც ზოდიაქოს ნიშნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ