ანა შამილაძე და მარია მჟავანაძე ჟურნალისტები და ტელეწამყვანები არიან, რომელთაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საავტორო გადაცემა „ანა-მარია“ მიჰყავთ.
გადაცემის ახალ ეპიზოდში წამყვანებმა აჭარის რეგიონში არსებულ ტრადიციებზე, გენდერულ როლებსა და ე.წ. რძლის კულტზე ისაუბრეს. მათ ბავშვობის მოგონებები გაიხსენეს და იმ გარემოზე ისაუბრეს, სადაც ქალისგან მუდმივ შრომას, ოჯახის წევრების მომსახურებასა და ტრადიციების მკაცრად დაცვას ელოდნენ.
საუბარი შეეხო ქალების მიმართ არსებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ წნეხს, სახლის საქმეებთან დაკავშირებულ დანაშაულის განცდას, რძლის ქცევის კონტროლსა და იმ მოლოდინებს, რომლებიც ქალებს ოჯახსა და საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ თავს მოხვეული.
წამყვანებმა ასევე იმსჯელეს ქალისა და კაცის ტრადიციულად განსაზღვრულ როლებზე და იმაზე, თუ როგორ აისახებოდა ეს წესები ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თვითშეფასებაზე:
„ზოგჯერ დანაშაულის შეგრძნება მაქვს იმ საკითხში, რომ დილით ადრე ავდგე და დიასახლისს მივეხმარო სახლის საქმეებში. მით უმეტეს, თუ სტუმრად ვარ. მოწიწება და სტუმრის დაფასება ჩემთვის უპირატესია, ასე გავიზარდე ბავშვობიდან.
ჩემი ბავშვობა უკავშირდება სოფელს, ვიზრდებოდი „გელინებთან“ ანუ რძლებთან. „გელინი“ არის მოსული ადამიანი ოჯახში, რომელიც თხოვდება ვაჟზე და ცდილობს ოჯახში თვითდამკვიდრებას. მას ხვდება გარკვეული ტრადიციები ოჯახში. ბავშვობიდან ასწავლიან ქალებს სხვის მომსახურებას, ძმა, მამა და ა.შ.
სკოლის დამთავრების შემდეგ გოგო ელოდება ელჩს, რომელიც მას ითხოვს. მთელი ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი ოჯახში, ამიტომ მთელი პოტენციალი უნდა წარმოაჩინოს სხვების მსახურში. ბავშვობიდან გამომყვა მუდმივი შფოთი, სადაც არ უნდა წავიდე, სამსახურში, სტუმრად, სახლში, თუ უბრალოდ ვზივარ ვგრძნობ დანაშაულის შეგრძნებას.
სულ ვნანობდი გარკვეული პერიოდი, რატომ ვიყავი ქალი, რადგან სულ რაღაცის კეთება მიწევდა. იმდენი სიკეთე მე, რამდენჯერაც გაფენილი სარეცხი მაქვს ჩამოხსნილი და თავიდან დაკიდებული, რომ თანაბრად იყოს ზომები დაკიდებული. კაცის მოვალეობა არის აჭარაში, რომ მოიყვანოს კარგი რძალი, ყოველ შემთხვევაში აქ ასეა დამკვიდრებული.
კაცებს მოჰქონდათ შეშა, მიდიოდნენ რუსეთში, იქ თვეობით იყვნენ. ბევრჯერ შევსწრებივარ დედამთილების საუბარს: „წავიდა ჰო შენი ქმარი, აღარ დაბრუნდება“. ხუმრობდნენ ხოლმე ასე. ბევრჯერ მინახავს ეს ქალები თვალცრემლიანები. ამას აღვიქვამდი მტკივნეულად. თავად რძლებისთვის ეს იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა. საოცარი ხუმრობა, შრომა, თითქოს არც იღლებოდნენ, ეს ფაქტი სულ მიკვირდა.
ბავშვობაში ვხედავდი, რომ ნაკლები ემპათია იყო ხოლმე ქალების მიმართ. მაგალითად ქალი იყო ცუდად, მე არასოდეს მინახავს რომ სახლის საქმეებში, თუნდაც ძროხის მოწველაში მას კაცი დახმარებოდა. 20 წლის ვიქნებოდი მოვხვდი რაჭაში, მქონდა შოკი. როცა იქ ერთ ბებოს ვესტუმრეთ, გამოგვიტანა სასმელი დაგვისხა და მეუღლეს მიმართა სიტყვებით: „ბაბუ მე გოგონები მყავს სტუმრად და გთხოვ საქონელს მიხედეო“. ბაბუამ აიღო სათლი და ჩვეულებრივად ამოიტანა რძე. აქ ანუ აჭარაში მსგავსი რამე არ მინახავს.
ბავშვობაში მახსოვს, რომ ქალები და კაცები ერთად არ სხდებოდნენ საჭმელად, კონტაქტიც მიუღებელი იყო რძლებისთვის, თუნდაც მისალმება სხვა კაცებთან, მაგალითად მეზობლებთან, თუმცა ახლა ასე აღარ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ რძლებს ანუ „გელინებს“ ახლა მაინც აკვირდებიან ხოლმე. სხვა კუთხის ადამიანებს კი ეს ყველაფერი უკვირთ და ხშირ შემთხვევაში, ამ თემაზე იწყება კონფლიქტები ოჯახებში“, - აღნიშნეს გადაცემის წამყვანებმა.

📸ფოტოების ავტორი: ნათელა გრიგალაშვილი
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხელოვნური ინტელექტი და დოფამინ დამოკიდებულება: როგორ ცვლის AI ჩვენი ტვინის ჯილდოს სისტემას