
22 მაისის დილას, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა 29 წლის მესტიელი ალპინისტი, მოთხილამურე და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი.
AMBEBI.GE ნიკოს მეგობრებსა და კოლეგებს ესაუბრა, როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი აღნიშნავს ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა.
„ნიკო იდეალური მეგობარი იყო, რთულია ჩემთვის საუბარი... გუშინ მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირაში ვიყავი იმავე მარშრუტზე. მთაში ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, არავინაა ამისგან დაზღვეული... ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი.
ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. ნიკოს „რედბულის“ - საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე იყვნენ ასული, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი - საბაზო ბანაკში. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია - კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს“, - ამბობს ლაშა ფირცხელანი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის გამო, მესტიაში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, ამას ვაფასებ და განგების მადლობელი ვარ“ - მაია ჯაბუა
წყარო: www.ambebi.ge