Digest Logo

ნოდარ ნათაძეს დღეს დაკრძალავენ

1668666387
 ნოდარ ნათაძე

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას დღეს დაკრძალავენ.

14:00 საათზე ნოდარ ნათაძეს უკანასკნელ გზაზე სიონის ტაძრიდან გააცილებენ და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ნოდარ რევაზის ძე ნათაძე დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956-1969 წლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური მემკვიდრეობის სექტორის გამგე 1969 წლიდან. საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე 1989 წლიდან. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991, 26 მაისი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში“. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, წიგნების: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“, „თომა აქვინელის ფილოსოფია, მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „ერი და ეროვნული კულტურა“, „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტიკული გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვათა ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იმის შნო და ვაჟკაცობაც ჰქონდა, მის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი კრიტიკულად და სინანულით შეეფასებინა. ღმერთმა შეუნდოს“ - კონსტანტინე გამსახურდია ნოდარ ნათაძეზე

🔵„ომის დროს ერთად მოუწიათ ოთახში დაძინებამ და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა...“ - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ნოდარ ნათაძეზე

🔵„ნახატი, რომელსაც თვალი ვერ გაუსწორე... შვილის გარდაცვალებით სასოწარკვეთილი დედა“ - იზა ომაძის ემოციური პოსტი