
გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში ვენის „რაპიდთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ „შტურმი“ ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა და ამაზე ზრუნვა ბოლო ტურში მოუწევს, კიტეიშვილი მშვიდადაა, დარწმუნებულია, რომ ავსტრიის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.
„რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუებაა, მაგრამ ვიცით, რა უნდა გავაუმჯობესოთ და ამას გავაკეთებთ. არ გვჭირდება საკუთარ თავზე ზეწოლა, ეს ის მომენტებია, რომლებისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდით და ის მიზეზებია, რის გამოც ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მიყვარს მსგავსი მომენტები. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები გავხდებით, ყველაფერი ჩვენს ხელშია. საუკეთესო გზაა ბოლო ტურისთვის მოსამზადებლად ასეთ ვითარებაში ყოფნაა, მით უფრო, როცა შინ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ 3-3 ქულით უსწრებს „ვოლფსბერგერსა“ და „აუსტრიას“. 24 მაისს, სწორედ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლებს და ჩემპიონობისთვის ფრეც ეყოფა.
„შტურმი“ გასულ სეზონშიც ასეთ ვითარებაში იყო: ბოლოსწინა ტურში ქულები დაკარგა და ბოლო ტურში მოუწია საჩემპიონო თამაშის ჩატარება, მაშინ მიზანს მიაღწია. საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ „კლაგენფურტთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში კიტეიშვილმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, თუმცა ამჯერად გუნდს დაეხმარება.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით 31 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის ზედიზედ მეორედ დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ძალიან ახლოსაა, რომ ზედიზედ მეორედ გახდეს ავსტრიის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ ავსტრიის თასიც აქვს მოგებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის კლუბს დაუკავშირეს
🎥 როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ ხილ-ბოსტნეული სწორად? - სპეციალისტის რჩევები