Digest Logo

„ოთხი წლისამ, ბებიაჩემის მოსწავლე, მერვეკლასელ თეონას ავუხსენი სიყვარული. იმან კიდევ დამცინა: „მე, შავი ბიჭები მომწონს“. კრიმინალური მისწრაფებებისო ანუ. მე ნაღდი შავი მეგონა და ნახშირი წავისვი“ - გიორგი კეკელიძე მის უჩვეულო ბავშვობაზე წერს

1689317900
გიორგი კეკელიძე

„სამწუხაროდ, მე ჩვეულებრივი ბავშვობა არ მქონია - იმთავითვე დიდობას მასწავლიდნენ. გამონაკლისი მამაჩემის მოგონილი თამაშები იყო, ადრე ბევრჯერ მომიყოლია - ოღონდ ეგ გამონაკლისია და წესი - სხვა“, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და ბავშვობის დროინდელ უჩვეულო ამბებზე წერს.

„რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ეს მესმოდა ოჯახში: ,,შენ უნდა იყო მთავარი - ყველგან და ყველაფერში!" და ამას თან ურთავდნენ არგუმენტად ჩემს გარომანტიკულებულ, გამითიურებულ სტარტს:

პირველი ლეგენდა თუ ნაღდი ამბავი, ოღონდ ლეგენდური საბურველით და ინტონაციით, ეგ იყო, რომ მამაჩემს რაღაც ესიზმრა, ძილში გადაიხარხარა, დედაჩემს შეშინებულს გაეღვიძა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ასე დავიბადე. მეორე - დეიდაჩემს ჩემი ჭიპლარი გაატანეს და უნივერსიტეტის აუდიტორიაში, რომელიღაც მერხში შეაგდო. ეს რიტუალი იმ გეგმას ემსახურებოდა, რომ მე უსათუოდ უნდა გავმხდარიყავი აკადემიკოსი ან რამე მსგავსი. გვიან, ხშირად წარმოვიდგენდი იმ დამლაგებლის სახეს, ვინც იპოვა ანაც სტუდენტი თუ იყო - მით უფრო. მესამე - ოთხი თვისას რაღაც ვირუსი შემეყარა და ვკვდებოდი. ვერც რა ექიმმა რომ ვერ მიშველა, ბოლოს ქაშვეთში მომნათლეს და ღვთისმშობლის ხატს შემავედრეს. გადავრჩი. მე მორწმუნე კაცი არ ვარ, მაგრამ როცა ძალიან მიჭირს, იმ ხატთან მივდივარ და სრულიად უსინდისოდ, დახმარებას ვთხოვ. მეოთხე - ის, რომ სამი წლისა უკვე ლექსებს ვიგონებდი, თუმცა მანდ მგონი ბებიაჩემის ხელი ერია - ერთი მათგანი დღემდე შემორჩა ოჯახურ ფოლკლორს: ,,ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს, ქარია და ქარი, ბავშვებო არ გამოხვიდეთ, არ გააღოთ კარი!"
მოკლედ ამ თქმულებებით გაბრეუბულს ყველგან ეს ფრაზები მხვდებოდა ჩასაფრებული -
,,შენ ხარ განსაკუთრებული!" "შენ იძულებული ხარ განსაკუთრებული იყო!" "შენ გევალება წარმატება!" "შენი წარმატება გარდაუვალია!"

ბაღის ასაკში მასწავლიდნენ წერა-კითხვას და ისეთ უცნაურ ლექსებს, როგორიც არის მაგალითად, უოლტერ სკოტის ,,ლოხინვარ ჭაბუკი" და ღამით მესიზმრებოდა, როგორ ვიყავი ეგ ჭაბუკი მე და როგორ ვართმევდი ცოლს ვიღაც რაინდს შიგ ქორწილიდან.

წესით, ალბათ, ბავშვს სხვა რამ უნდა ესიზმრებოდეს. ან სასურველია. რა ვიცი. ცალკე ამბავი იყო ყოველმხრივი მოწოდება, რომელსაც ტანის დაბანისას ლექსად ითქმებოდა, ასხამდნენ წყალს და აყოლებდნენ: ,,სუქი, სუქი..." ეგ ლექსი ცოტა უხამსია, შესაბამისად, აქ ვერ გაკადრებთ, მაგრამ შინაარსი ეგ არის, რომ სადაც კარგი გოგოა, ყველა შენი უნდა იყოს.

სწორედ მაგ შეგონებით, ბაღში სამი ერთად მიყვარდა და მეგონა, რომ სამივეს ვუყვარდი.

სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომედგინა, დაუშვებელი გახლდათ . ეგ კი არა, ოთხი წლისამ, ბებიაჩემის მოსწავლე, მერვეკლასელ თეონას ავუხსენი სიყვარული.

იმან კიდევ დამცინა: ,,მე, შავი ბიჭები მომწონს". კრიმინალური მისწრაფებებისო ანუ. მე ნაღდი შავი მეგონა და ნახშირი წავისვი.

ძალით დამბანეს, მაგრამ თურმე გავკიოდი, სასწრაფოდ ისევ დამსვარეთ-მეთქი. ურთულესი ბავშვი ვიყავი - ჯიუტი, მბრძანებელი, დრამატული სცენარების დამგეგმავი და სხვა. მოკლედ, ამ ჩანერგილმა, უკვე ნახსენებმა მოდელმა მთლიანად დაბზარა ფსიქიკის ეს სფერო და სრულიად დამანგრეველი გავლენა ჩემს მოახდინა პირად ცხოვრებაზე - კოლექციონერობის გაუგებარი, არაბუნებრივი ვნებით, ზერელე ქცევით და სხვა. ამ ამბავზე ოდესმე დავწერ. ოღონდ ჯერ ვერ და არ. მოკლედ ჯოჯოხეთი.

ლეგენდები მუშაობდნენ და წარმატების გემოც ვიგრძენი:

მეხუთე კლასში, უკვე, ჩემი პირველი ლექსების კრებული გამოვიდა და ადგილობრივი გაზეთის რედაქტორიც ვიყავი.

მალე პრეზიდენტის სტიპენდიატიც გავხდი, პირველად დასავლეთ საქართველოში - შემაქეს ანა კალანდაძემ და თამაზე ჭილაძემ.

თან სწავლა, დისციპლინა და შრომაც მახსოვდა.

პარალელურად, ალბათ ამ განრიგის ქვეცნობიერი პროტესტის გამოც - როცა წამოვიზარდე, ქუჩაში, სკოლაში წასულს, ღამით მპულობდნენ, რომელიღაც შესახვევის სტადიონზე მპულობდნენ, მთვარის შუქზე მოთამაშეს და მერე მთელი გზა მამუნათებდნენ.

იყო ფათერაკები, ჩხუბები და ერთხელ ცოტა სისხლიც, ჩემი სისხლი - სად კი არა, კონკრეტულად სკოლის ნაძვნარში დაღვრილი. ეს თავგადასავლები სიმბოლური კომპენსაცია გამოდგა ნაადრევად დაწყებული ბავშვურ-დიდური კარიერის. მაგრამ ამაზე, სხვა დროს. ხოლო შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა.

ამ რყევებში და ღრუბელ-ქარში გავიზარდე. ამან დაბადა ჩემში პერფექციონიზმი, ,,ყველას უნდა ვუყვარდე,, და ნებისმიერი მარცხის პანიკურ შიში.

და თქვენ ნუ გაიმეორებთ - ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს.
ეს მინდოდა მეთქვა“,- წერს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 კვარას ახალი კადრები მშობლიური წალენჯიხიდან - ვიდეო

🔵„ეს იყო დაუვიწყარი საღამო. მადლობა ჩემს ყველა სტუმარს“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი

🔵„ერთი წუთით ავცდით ამ საშინელებას...“ - რა შეემთხვათ რუსკა ქარქაშაძეს და მის მეუღლეს ბრაზილიაში საქორწინო მოგზაურობისას