Digest Logo

„პოპულარობა რას ცვლის, როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. რა ამბიცია, მანქანაც ისეთი მყავს, რომელიც ცოტა ბენზინს წვავს“ - რას ჰყვება ქეთი ხუციშვილი

1647413209
ქეთი ხუციშვილი

მსახიობი ქეთი ხუციშვილი სტანდარტული დიასახლისი არ არის. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და მრავალფეროვანი კერძების მომზადება, სახლის ლაგება და სხვა საქმეების კეთება, მისი ყოველდღიური რუტინის ნაწილი ნაკლებადაა.

„სახლის საქმეებს ძალიან მარტივად ვუმკლავდები, იმიტომ, რომ არაფერს არ ვაკეთებ (იცინის). ჩემი ქვაბი და ტაფა შეიძლება, ერთი თვე ისე იდოს, რომ მათში არაფერი მოვამზადო. სახლში საერთოდ არ ვჭამ. მთელი დღე სამსახურში ვარ და იქ ვიკვებები. ჩემი შვილი თვითონ იმზადებს საჭმელს, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს. მერე ერთ ცალ ქვაბს ან ტაფას თუ გავრეცხავ, სულ ეს არის ჩემი დიასახლისობა“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

– პოპულარული რომ ხდები და შემოსავალი გეზრდება, ამბიციები არ იმატებს?

– ვინ გითხრა, რომ შემოსავალი მეზრდება? ან პოპულარობა რას ცვლის, როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. არანაირი ამბიციები მე არ მაქვს. ერთადერთი, რაც მინდა და რაც ჩემს სახლში აუცილებლად უნდა იყოს, ეს სისუფთავეა. მიყვარს, როცა წესრიგია და ყველა ნივთი თავის ადგილას დევს. ვერ ვიტან ტანსაცმელს აქეთ-იქით რომ ყრიან. რა ამბიცია, მანქანაც ისეთი მყავს, რომელიც ცოტა ბენზინს წვავს. ხელფასი თუ ბენზინში დავხარჯე, რა გამოვა. სამარიაჟოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე, თორემ გემოვნება კი მაქვს. ადამიანმა მარტივად უნდა იცხოვრო და ასეთ რამეებზე ნაკლებად იფიქრო. ჩემი ფინანსებიც ვერ გასწვდება მაგარ მანქანას და ბევრ ბენზინს.

– ტანსაცმელზეც არ ხარ ჩაციკლული?

– ნამდვილად არა. ძალიან ბევრ რამეს მეორადებში მიზერულ თანხებში ვყიდულობ. არ მაქვს იმის საშუალება, რომ წავიდე და მაღაზიაში კაბაში სამასი ლარი გადავიხადო. მეორადებშიც არის ბრენდულები, რომელიც მარტო შენ გეცმევა.

– ამდენი ადამიანი რომ გცნობს, არ ცდილობ, სულ გაპრანჭულმა იარო?

– არა, არა! სალონში გაპრანჭვას ვერ დავიწყებ. ეგ კი არა, გადაღებისას გრიმს რომ მისმევენ, როგორც კი საქმეს დავასრულებთ, სახლში მოვრბივარ, რომ მაშინვე კარგად გავიხეხო სახე და ტონა ნიღბებს ვიდებ კანზე, რომ მდგომარეობა გამოვასწორო. სახეზე მხოლოდ და მხოლოდ კარგ მკვებავებს ვისვამ, მეტს არაფერს. მაკიაჟი და განსაკუთრებული ვარცხნილობები ჩემთვის მაგარ ფორმაში ყოფნას არ ნიშნავს. შეიძლება, სალონში არ იკეთებდე მაკიაჟს და თმას, მაგრამ მოწესრიგებული იყო და თავს კარგად გრძნობდე. ჩემთვის ყველაზე მაგარი ფორმა თავისუფალი სტილია. მთავარია, ჰიგიენურად ვიყო მოწესრიგებული, დამატენიანებელი მქონდეს წასმული კანზე და მორჩა, ეს სრულიად საკმარისია. გაპრანჭვით სად უნდა გავიპრანჭო? მხოლოდ სამსახურში დავდივარ და იქ ქუსლიანი ფეხსაცმლით და გამორჩეული სამოსით ვერ ვივლი, სამუშაო გარემოა და რა საჭიროა?! ქალაქში, ქუჩაში და მეტროში, რომლითაც ძალიან ხშირად დავდივარ, გამოპრანჭულმა რანაირად უნდა ვიარო. რესტორანიღა დარჩა და იქაც ვერ ვძლებ დიდხანს. მირჩევნია, იქაც ჩემს სტილში ვიყო. შეიძლება, სპორტულ ფორმაში მიხვიდე და ძალიან მაგარ „ვიდზე“ იყო, მაინცდამაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი არ არის აუცილებელი. ყველგან ელასტიკებით ვერ წახვალ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მე მაინც თავისუფალი სტილი მირჩევნია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ნახეთ, როგორ წაიქცა ალექსანდრა პაიჭაძე - „ასე მოვიტეხე ცერა თითი“

🔵„აგრესია არავისთვის არის მშველელი“ - ქეთა თოფურია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

🔵უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება გაითიშება

წყარო: tbiliselebi.ge