როდესაც გარეთ ცხელა, კონდიციონერი სამუშაო გარემოს აუმჯობესებს, თუმცა, არსებობს რისკები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. კლიმატის სწრაფი ცვლილება ადამიანის რესპირაციულ სისტემაზე უარყოფითად აისახება, კონდიციონერი აშრობს კანს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ფარინგიტსა და დისფონიას (ხმის პრობლემები).
უფრო კონკრეტულად რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კონდიციონერის მოხმარებამ და როგორ ხდება მისი სწორად მონტაჟი, ამის შესახებ Allnews.ge ექიმსა და ტექნიკოსს ესაუბრა.
თერაპევტ სოფო ჩხეიძის განმარტებით, ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +24ºC-დან +26ºC გრადუსამდეა, შესაბამისად, სასურველია, კონდიციონერი სწორედ ამ მაჩვენებელზე დავაყენოთ. ოთახის ტემპერატურასა და გარემოში არსებულ ტემპერატურას შორის, განსხვავება მაქსიმუმ 4ºC-5ºC უნდა იყოს.
„ცივი ჰაერის მასები, რომლებსაც კონდიციონერი წარმოქმნის, სასუნთქი და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. კონდიციონერს შეუძლია პნევმონიის, ტონზილიტის (სასის ანთება), სინუსიტის გამოწვევა. გარდა ამისა, პაციენტებს ეწყებათ ჩივილები ზურგისა და შუბლის მიდამოში“, - აღნიშნავს სოფო ჩხეიძე.
მისი განმარტებით, არც ისე ხშირად, თუმცა კონდიციონერის მიერ წარმოქმნილ ცივ ჰაერს დაავადება ლეგიონელოზის გამწვავებაც შეუძლია, რაც იწვევს ხველას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
თერაპევტის თქმით, კანის გამოშრობის პრობლემას კონდიციონერის მიერ გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერი იწვევს (სწორედ ამიტომ კონდიციონერის ფილტრების წმენდა უნდა მოხდეს).
„კონდიციონერი ხშირად ამწვავებს დერმატიტს. როდესაც ჰაერის ნაკადი ერთ კონკრეტულ ადგილზე მუდმივად ხვდება, შეიძლება კუნთების ტკივილი ან რადიკულიტის გამწვავება გამოიწვიოს. გადაციება იწვევს საშარდე სისტემის პრობლემებს. ბაქტერიებისა და მავნე ნივთიერებებისგან თავის დაცვის მიზნით, ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ. ასევე, მნიშვნელოვანია კონდიციონერის ხარისხისა და მისი სწორად მონტაჟის გათვალისწინებაც, რათა ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯებიც ავიცილოთ თავიდან“.
ტექნიკოს სოსო კვარაცხელიას განმარტებით, კონდიციონერის შეძენისას ოთახის ზომა უნდა გავითვალისწინოთ.
„ახალი კონდიციონერები აღჭურვილია სისტემით, რომელიც ბაქტერიებს კლავს და ჰაერის იოდიზირებას ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია, კონდიციონერი გაწმინდოთ, რაც მისი გამოყენების სიხშირეზეა დამოკიდებული. ფილტრების გაწმენდა როგორც მტვერსასრუტით, ისე გამდინარე წყლითაც შეიძლება, რის შემდეგაც, აუცილებლად უნდა გააშროთ“, - ამბობს სოსო კვარაცხელია.
მისი განმარტებით, თუ კონდიციონერი ჩართული გაქვთ, უნდა ეცადოთ, რომ ოთახში ცხელი ჰაერი არ შემოვიდეს, რათა ელექტროენერგიის ხარჯი არ გაზარდოთ, შესაბამისად, გარემოს ჰერმეტულობა მნიშვნელოვანია.
სოსო კვარაცხელია ამბობს, რომ უმჯობესია, თუ კონდიციონერის მეშვეობით ზამთარში გათბობას არ შევეცდებით, რადგან თუ გარემოში ტემპერატურა -5ºC-მდე ეცემა, მოწყობილობა გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს.
„იმავეს თქმა შეიძლება 45ºC სიცხის შემთხვევაში, როდესაც კონდიციონერი ჰაერს ვეღარ აგრილებს“,- განმარტავს სოსო კვარაცხელია.
აღსანიშნავია, რომ კონდიციონერის მონტაჟისას მისი მახასიათებლები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და კომპეტენტურ ტექნიკოსს მიმართოთ, რათა მოწყობილობის სიმძლავრის არასწორად შერჩევა, ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯი და დისკომფორტი თავიდან აიცილოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
დრამატული ივლისი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი დაკარგავს თავს სიყვარულის გამო
კამერუნის პრეზიდენტის შვილმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც ის სხვა ქალს ტუჩებში კოცნის
როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში?
წყარო: www.allnews.ge