ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია განსაკუთრებით აქტიურდება. შედეგად, ადამიანებს სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის, ტემპერატურა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე აღენიშნებათ. რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს მიმდინარე სეზონზე, რა შემთხვევაში შეიძლება, დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა და როდისაა გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელი - თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „მშობლებს“ ესაუბრა:
ალექსანდრე გოგინავა:
- ცივ სეზონზე რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით აქტიურდება და მოსალოდნელია, რომ დინამიკაში შემთხვევები კიდევ მოიმატებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, ძირითადად, რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმონიის ვირუსი ცირკულირებს. ასევე, კორონავირუსებისა და კოვიდ-19-ის შემთხვევებიცაა, თუმცა დაავადების მიმდინარეობა, საბედნიეროდ, მსუბუქია და დინამიკაში არ იზრდება. ჩამოთვლილი ვირუსების უმრავლესობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის დაავადებას იწვევს. შედეგად, პაციენტს შესაძლოა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურის მატება აღენიშნებოდეს. დაახლოებით, 3-5 დღეში მდგომარეობა უმჯობესდება.
მაგრამ, მცირეწლოვან ბავშვებში, ასევე იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, რესპირატორული ინფექციებიც გართულდეს. პირველ რიგში, ყურადღებას პრევენციაზე გავამახვილებ და ვიტყვი, რომ გრიპის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევ, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. რისკჯგუფებში შედიან: 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები. თუმცა, ვაქცინაცია არა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია.
რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს, როგორც წესი, მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ტემპერატურული რეაქცია, შესაძლოა, მაქსიმუმ 3-5 დღის განმავლობაში გრძელდებოდეს. გრიპი იმით გამოირჩევა, რომ მას მაღალი, გახანგრძლივებული ტემპერატურა ახასიათებს. გარკვეულ შემთხვევებში, 5-7 დღე გრძელდება და შეიძლება, 10 დღეც კი გაგრძელდეს. ასევე, გრიპის დროს პაციენტებს ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი აღენიშნებოდეთ. გრიპს უეცარი დასაწყისი ახასიათებს. შეიძლება, მაღალი ტემპერატურით დაიწყოს და რესპირატორული სიმპტომები მერე დაერთოს. სხვა რესპირატორული ინფექციები, გრიპისაგან განსხვავებით, როგორც წესი, სხვაგვარად იწყება. ჯერ შესაძლოა, პაციენტს ყელის ტკივილი აღენიშნებოდეს, შემდეგ სურდო და ტემპერატურა მერე დაფიქსირდეს ან არც იყოს ტემპერატურა. გრიპი 90%-ზე მეტ შემთხვევაში აგრესიულად, მაღალი სიცხით იწყება. გარდა ამისა, გრიპის ვირუსს არა მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების, არამედ ქვემო სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებაც ახასიათებს. გრიპის შემდეგ შეიძლება, მძიმე ორმხრივი პნევმონია განვითარდეს, ადამიანს ჰოსპიტალიზაცია და სერიოზული მკურნალობა-რეაბილიტაცია დასჭირდეს.
პირველ რიგში, გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტური და კარგი საშუალება ვაქცინაციაა. აუცილებელია, ჰიგიენური ნორმები გავითვალისწინოთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ ან პირბადე გამოვიყენოთ, სივრცეები ხშირად გავანიავოთ. სხვადასხვა ასაკისთვის სიმპტომები სხვადასხვანაირია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს, ინარჩუნებს და ავითარებს!“ - მარინა ეზუგბაია იუბილარია
წყარო: mshoblebi.ge