
ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.
მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა აღებული.
ამჯერად, თავად გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც დეტალურად საუბრობს და იხსენებს იმ დღეს, როცა იგი გაძარცვეს.
„ყველაფერი დაიწყო იდეალურად, ჩამოვედი კიტოში 2 დღით ადრე, სანამ ამაზონის ჯუნგლებში წავიდოდი გადასაღებად. ეს ორი დღე ავიღე სამზადისისთვის. გავედი ქუჩებში ჩემი აპარატურით, პირველ დღეა დავიწყე ხალხის და ქუჩების გადაღება. ძალიან აჟიტირებული და ბედნიერი ვიყავი აქ ყოფნით. ვიფიქრე, რომ ჯუნგლებში წასვლამდე წვეულება მომეწყო ან ბარში წავსულიყავით. ადგილობრივი ხალხი ძალიან პოზიტიურია, ყველა გესალმება და გიღიმის.
ქუჩის გადაღების დრო გავიცანი რამდენიმე ადამიანი, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სადმე წავსულიყავით, ან ბარში ან კლუბში. რა დროსაც ვუთხარი, რომ სჯობდა ჯერ ჩემთან სახლში დაგვეწყო, დიდი აპარტამენტი მაქვს და ჯერ აქ დავლიოთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთითქო და შემდეგ წავიდეთ სადმეთქო, შევთანხმდით ყველაფერზე. როცა მოვიდნენ ჩემთან სახლში, გავხსენი ღვინო და დავლიე ორი ჭიქა. მესამე ჭიქის დროს უკვე ვიგრძენი, რომ რაღაცების გაგება მიჭირდა და უცნაური შეგრძნებები მქონდა. გონებას ვკარგავდი და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს, სანამ მეორე დილით არ გავიღვიძე. ფეხზე ადგომა რომ დავაპირე, წავიქეცი და მივხვდი, რომ რაღაც ჩამიყარეს, თუმცა რა მოხდა ან როგორ მოხდა არ ვიცი, აგონიაში ვიყავი და როცა გონს მოვედი მივხედე არცერთი ჩემი კამერა, ჩანთა არაფერი არ იყო, დამრჩა ისეთი რაღაცები, რითიც კონტაქტზე ვერ გავიდოდი ვერავისთან“, - ჰყვება გიორგი ჯობავა.
ჯობავა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მისი კოლეგა ამ შემთხვევას „ხუმრობად“ მიიჩნევდა და, როგორც თავად ამბობს, მას ამის გამო დასცინეს.
ამ მოვლენების დასტურად ფოტოგრაფმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ყველა დოკუმენტი, რომელიც კლინიკაში ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯობავამ დაახლოებით 30 000 დოლარის ღირებულების ნივთები დაკარგა, ხოლო ადგილობრივმა პოლიციამ ამ ნივთების საპოვნელად ეფექტიანი ნაბიჯები ვერ გადადგა.
გიორგი ჯობავას თქმით, საბოლოოდ მას დახმარების ხელი სასტუმროს მეპატრონემ გაუწოდა, რომელიც მისი ნომრის მოპირდაპირედ ცხოვრობდა. სწორედ მან გაიგონა რკინის კარებზე ბრახუნის ხმა და დაეხმარა დაკავშირებოდა დევიდს - იმ გიდს, რომელიც ფოტოგრაფს წინასწარ ჰყავდა შეთანხმებული, რომ ამაზონის ჯუნგლებში გადაღებაში დახმარებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე