Digest Logo

„რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება“ - ვახტანგ ხმალაძე

1677765481
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე

„განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება!“ - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. 

🔵პუტინისტი სოზარი, მიცვალებულის სიფათი აქვს, მალე მოუწევს რუსული პასპორტის აღება და მოსკოვში მოხევა - ხაბეიშვილი

ხმალაძე ასახელებს კონკრეტულ არგუმენტებს და წერს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი თავისუფლების მთავარ პრინციპებს.

„გიზიარებთ სანდრო ბარამიძის პოსტს და ვაცხადებ, რომ სავსებით ვეთანხმები სანდროს შეფასებებს. ეს არ არის ამერიკული კანონი. ამასთანავე, რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება ( შემდგომ, სიმარტივისთვის, ამ კანონებს აგენტების შესახებ კანონებად მოვიხსენიებ ). დემოკრატიულ სახელმწიფოებში სტუდენტებს ასწავლიან ( საქართველოშიც ასე ვასწავლით ), რომ კანონით თითქმის ყოველთვის იზღუდება ვიღაც ან/და რაღაც ( ვინმესთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებაც შეზღუდვაა ). ამიტომ კანონი სამართლიანია და მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ამის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდვის დაუწესებლად. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამ მიზნის მიღწევის საშუალებებიც ლეგიტიმური უნდა იყოს - უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდავი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგები - დასახული მიზნის მიღწევამ არ უნდა დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები.

ვნახოთ, აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტები ზემოაღნიშნულ პირობებს? ამ კანონპროექტების ინიციატორები გვეუბნებიან, რომ მათი მიზანია მედიასაშუალებებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. • მედიასაშუალებების შემოსავლების გამჭვირვალობა უკვე უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით (მუხლი 70), ხოლო მათი ხარჯების კანონიერებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. მაშასადამე, დასახული მიზანი დიდი ხანია მიღწეულია და ამ კანონების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მედიასაშუალებებზე.

თუ ყველაფერი უცვლელად დარჩება, სიახლე იქნება ის, რომ: 

✔️ ზემოაღნიშნულ მედიასაშუალებებს მიაწებებენ „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ იარლიყს, რითაც მოხდება მათი სტიგმატიზაცია;

მოხდება იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ მედიასაშუალებებში ან თანამშრომლობენ მათთან. ეს კი ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3); • არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები მათი ყოველწლიური დეკლარაციების მეშვეობით ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის. გრანტის მიმცემსა და შემომწირველს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ გადაცემული თანხების გამოყენების შესახებ. ოღონდ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო გახდება ყველა შემოსავალი და ხარჯი:

✔️ მოხდება ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია;

✔️  მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შემომწირველთა და იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში, რაც ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3);

✔️ მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაცია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.2). საქმე ის გახლავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული მოგება მოახმაროს ორგანიზაციის საწესდებო მიზნების შესრულებას (მაგალითად, ქველმოქმედებას, კვლევას, განათლებას და ა.შ.), და თუ მისი სამეწარმეო საქმიანობის დეტალები საჯარო გახდება, იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კონკურენტ მეწარმეთა მიმართ, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებიც კონფიდენციალურია; • ზემოაღნიშნული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას ექნება „მსუსხავი“ ეფექტი - უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე სუბიექტების დაფინანსებას; საქველმოქმედო ორგანიზაციები დაკარგავენ პოტენციური შემომწირველი ფიზიკური პირების დიდ ნაწილს (როგორც წესი, ქველმოქმედი ფიზიკური პირები თავის ვინაობას არ ასაჯაროებენ); მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავს შეიკავებს უცხოური დაფინანსების მიღებისაგან, რათა თავიდან აიცილონ „აგენტის“ სახელი და ამის გამო არ დაკარგონ მოქმედი თუ პოტენციური თანამშრომლები. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას, რაც გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპების დარღვევას (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 17 და 22); • აგენტების შესახებ კანონები ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და, შესაბამისად, მათი მიღებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. მოსალოდნელი შედეგების შესაფასებლად დამატებით უნდა ითქვას, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღება, ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ძალიან დიდი ალბათობით გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ თითქმის ყველა უცხოური გრანტის მიღებისა და უცხოურ შემოწირულობათა შეწყვეტას (ეს კი, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი შემოსავალია), რის გამოც ამ ორგანიზაციათა მრავალი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს და ეს ორგანიზაციები:

✔️ ვეღარ გაუწევენ უანგარო დახმარებას შშმ პირებს;

✔️ ვეღარ გაუწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს;

✔️ ვეღარ დააფინანსებენ პირებს, რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის სფეროში;

✔️ ვეღარ მოემსახურებიან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. როგორც ვხედავთ, განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება!“, - წერს ვახტანგ ხმალაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო

🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს

🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა