შემოდგომის დადგომასთან ერთად, ალბათ ბევრი ჩვენგანი ამჩნევს, რომ სავარცხელზე ან დაბანისას იმაზე მეტი თმა რჩება, ვიდრე ჩვეულებრივ. პარალელურად იწყება ვიტამინების მასობრივი ყიდვა, ხალხური რეცეპტების ძიება და სხვადასხვა შამპუნის გამოცვლა.
სად გადის ზღვარი სეზონურ ცვენასა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას შორის, რა კავშირია თმის სიმკვრივესა და ჰორმონებს შორის, სტრესთან და ფარისებრ ჯირკვალთან, თმის მოვლის მთავარი მითებსა და რეალობაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ დერმატოლოგ-ტრიხოლოგმა ნანუკი ქორქიამ ისაუბრა:
„თმის ცვენა არის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. შემოდგომაზე შეიძლება იყოს ორივე მათგანი. ფიზიოლოგიური თმის ცვენა გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს და არ გვაქვს დაზუსტებული რატომ ხდება, მაგრამ არსებობს ერთ-ერთი საინტერესო ვერსია, ფოტოპერიოდთან დაკავშირებით, როდესაც დღის ციკლი იცვლება, ჩვენი ორგანიზმი გადადის განახლებაზე. ეს თმის ფოლიკულებიც რაღაც დონეზე გადადის მოსვენების ფაზაში, მერე ცვენის ფაზაში იმისთვის, რომ ზამთრის ბოლოს მოგვცეს ახალი თმის ღერები.
ფიზიოლოგიურად ნორმალური რაოდენობა თმის ცვენისა არის 50-იდან 100 ღერამდე, თუ უფრო მეტი სიხშირე და სიმჭიდროვეა, შეიძლება მაჩვენებელი უფრო მეტიც იყოს, მაგალითად 150. თუ პაციენტი ამჩნევს 2 თვეზე მეტ ხანს დიდი რაოდენობით თმის დაკარგვას, ან რაიმე სხვა ფაქტორები ემატება, მაგალითად ანთებითი პროცესი, ერთ ადგილას თმის გაცვენა, უნდა მიმართოს ექიმს.
თმის ნორმალური ზრდის ტემპი დამოკიდებულია ასაკზე, გენეტიკაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა უმეტესად დამახასიათებელია 1-1.5 სმ, ანუ 12 სმ უნდა იყოს წელიწადში.
თმის შეღებვა ფოლიკულს არ აზიანებს, შესაბამისად, ზრდის ტემპზე გავლენას არ ახდენს. შეღებვა აზიანებს თმის ღერს, რომელიც შეიძლება მოწყდეს, განვითარდეს დამოკლება, არა კანიდან, არამედ ღერიდან.
ანდროგენები მამაკაცებში იწვევს სიმელოტეს, ქალებში ძალიან ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპერპროლაქტიდები, ინსულინრეზისტენტობა, კორტიზოლი. რკინის, ფერიტინის ნაკლებობა შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი გახდეს თმის ცვენის.
ალოპეცია ზოგადად არის თმის ცვენა, უბრალოდ მერე არის ჩაშლილი სხვადასხვა მდგომარეობად. ბუდობრივი თმის ცვენა არის ავტოიმუნური თმის ცვენა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს წინასწარი განწყობილი გენეტიკურად და შეიძლება განპირობებული იყოს უბრალოდ ძლიერი სტრესის ფონზე“, - ამბობს ნანუკი ქორქია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა: პირველადი დახმარება მოწამვლის დროს