რატომ უნდოდა სატანას, რომ ქრისტეს ძალის გამოყენებით მიეღო ის ძალაუფლება, რომელიც მას ისედაც ჰქონდა - აღნიშნულ საკითხზე ჟურნალ „თბილისელებთან“დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური გურამ ოთხოზორია საუბრობს.
გურამ ოთხოზორია: ღვთის ხატება არის ღმერთის მარცვალი ჩემში, რომელმაც დამაშორა თავის თავს, სწორედ ისე, როგორც მიწაში ვაგდებთ მარცვალს, რომ ნაყოფი გამოიღოს. ანუ ღმერთმა გამოყო თავისი თანდასწრება, იმიტომ რომ სინათლეში არაფერს რგავენ, ფესვს თუ სინათლე მოხვდა, გახმება, პირდაპირი მნიშვნელობითაც. ოღონდ მხოლოდ ლაპარაკი რწმენის შესახებ, არაფერს ნიშნავს და სიტყვა რწმენაში ეს კარგად არ ჩანს, მაგრამ ჩანს სხვა ქართულ სიტყვაში: რა არის ქართულში სინონიმი სიტყვისა მწამს?! დიახ, მჯერა. გავშიფროთ ეს სიტყვა: მჯერას ფუძეა ჯერ – ჯეროვანი, რიგიანი... შესაბამისად, მჯერა ეს არის პროცესი – გაჯერების პროცესი. მარტივ მაგალითს მოვიყვან: წყალს ვსვამ და წყლით გული ვიჯერე ან ვერ ვიჯერე. მაგრამ ერთხელაც გავჯერდები და რომ გავჯერდები, იმას დავჯერდები, რითაც გავჯერდი. ესე იგი, რწმენა არ არის გარედან მოტანილი რაღაც, ეს არის ის, რითაც შენ ხარ გაჯერებული. და რატომ მწყურია რწმენა? რატომ მწყურია ღმერთი? იმიტომ, რომ ჩვენში არის ის უხილავი, რომელიც ჯერებ-ჯერებით მიმეზიდება გამოშლისკენ, გამოთავისუფლებისკენ. ნახე – ჯერ ვერ ვიჯერებ გულს, მაგრამ ერთ დღესაც ვიჯერებ და ჯეროვანი გავხდები, ანუ სრული.
მეორე მხრივ, იმ ერთის, თავისთავად არსებულის, შესახებ თითოეულ ადამიანს თავისი აზრი აქვს. და რა არის ის თავისთავად არსებული, რაზედაც ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლეები, ჩვენი ხედვები და ინტერპრეტაციები?! ჯერ ერთი, ის რომ არ იყოს, ჩემი ხედვა როგორ მექნებოდა?! და მაშინ რა გამოდის?! ის, რომ მე ვარ მისით დაღდასმული და მეორე, მე რომ ჭეშმარიტებისგან არ ვიყო წამოსული და ის ჩემი სათავე არ იყოს, არ მექნებოდა იმის თქმის უნარი, რომ ესა და ეს მართალია. მართალი არის იგივე ჭეშმარიტი, ოღონდ ჩემი ფრაგმენტული სიმართლით. და სწორედ ამას უნდა მივხვდეთ. დავუშვათ, რაღაცის შესახებ სხვადასხვა ხედვა გვაქვს, როგორ გავაერთიანოთ ისინი?! სხვათა შორის, ნილსს ბორმა ახსნა კარგად დამატებითობის პრინციპით: თუ შენს მეტოქეს განსხვავებული აზრი აქვს, უცბად ნუ გადაემტერები, არამედ გამდიდრდი, მისი ხედვა შემოიტანე, ანუ შენსას დაამატე. სწორედ ასე აიგება ჭეშმარიტება, ასე დედდება მესიის სხეული. როდესაც ვამბობ, ჩვენ მოგვყავს-მეთქი მესია, ზუსტად ამას ვგულისხმობ.
ხომ გახსოვთ, როგორ გამოჰყავთ ფუტკრებს დედა-ფუტკარი?! ჩვენი სიმართლეები იმ ერთი ჭეშმარიტების ნაწილებია და თუ მოვახერხებთ მათ შეკრებას, შევაკოწიწებთ ადამის სხეულს და აღვადგენთ. აი, ეს არის მესია, სხვა კი არაფერი?! ანუ დამსხვრეულის ისევ აღდგენა.
იაპონიაშია ხელოვნების მიმდინარეობა, სახელი აღარ მახსოვს, ძვირფასი ლარნაკი რომ დაემსხვრევათ, კრეფენ ნატეხებს და ისევ აკოწიწებენ, ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, შემდეგ გარედან ოქროს წყლით ავლებენ და გამოდის ბევრად უკეთესი, ვიდრე დამსხვრევამდე იყო. და მართლაც, ადამი, რომელიც აღდგება, მამის სახლში დაბრუნებული უძღები შვილი უფრო მაღალ მდგომარეობაშია, ვიდრე ის შვილი, რომელიც მამისგან არ წასულა. მან არც კი იცის, რა არის მამა, იმიტომ რომ სულ მამასთან იყო; მან არ იცის, რა არის სიყვარული და ამიტომ მამასაც არ ეძახის. ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია. სიყვარული იქ იბადება, სადაც მოისაკლისებ, სადაც დაკარგვის საშიშროებაა. როდესაც დაინახავ, რა დაკარგე, რას მოსწყდი და შემდეგ, როდესაც მოსწყდები, სიკვდილივით გწყურია მასთან დაბრუნება. ღმერთმა რომ ადამს ევა გამოუღო, იმ წამიდან დაიწყო ორივემ ერთმანეთისკენ სწრაფვა, რომ ისევ დაებრუნებინათ ერთმანეთი, გამთლიანებულიყვნენ. იმიტომ რომ გამთლიანებაა ჭეშმარიტება.
მაშინ რა გამოდის? მე და შენ ვართ იმ ერთი დიდი ადამის ნამსხვრევები და ორივენი, ისევე, როგორც ყველანი, განუმეორებელი ნამსხვრევი ვართ, ერთმანეთის მსგავსი ნამსხვრევი არ არსებობს და აი, ესენი უნდა გაერთიანდნენ, გამთლიანდნენ, მაგრამ მანამდე ყველანი ვიბრძვით ჩვენ-ჩვენი სიმართლის გასავრცელებლად.
თუ ძალაუფლებას მივიღებ, ძალით გაიძულებ, რომ დამემორჩილო. ამისთვის ვქმნი იდეოლოგიებს, პოლიტიკურ სისტემებს, დიქტატურებს, ტოტალურ რელიგიებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სწრაფვა, რომ ერთ გაგებაში მოამწყვდიო ყველა და ყველაფერი. ამიტომაც არ ძალადობს ქრისტე და სწორედ ეს არის ჯვარცმა. ქრისტეს შეპყრობა რომ უნდათ, პეტრე რომ ხმალს ამოიღებს და რას ამბობს ქრისტე?! ჩააგე მახვილი! განა არ გგონია, რომ შემიძლია, ვთხოვო მამაჩემს და ისიც მომივლენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს? სატანას, ბოროტს უნდოდა, რომ ქრისტეს ძალით მიეღო ის, რაც ისედაც ეკუთვნოდა. სწორედ ამ მიზეზით არ იყენებს ძალას მაცხოვარი, ითმენს – მან იცის, რომ ძალაუფლება მას იურიდიულად ეკუთვნის, ის თავის თავს ხედავს ამ დაშლილ სამყაროში. აი, ვინ არის ქრისტე! დიდი ხსოვნა, რომელიც სათავიდან მოდის; მან შეინარჩუნა ეს ხსოვნა და ამ ხსოვნით გაიმარჯვა.
ამდენად, რა არის ჯვარი?! სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, როდესაც ხსოვნა და დავიწყება 50/50-ზეა. დავიწყებაა, როდესაც რეალობას ხედავს – ნახე, სამყარო რას ჰგავს?! არავინ მცნობს, ჯვარზე გამაკრეს, მაფურთხებენ, მაგინებენ; ყველა გაიქცა, მხოლოდ დედა და იოანე დგანან და იესოს ეშინია, როგორც ადამიანს, ღმერთო, რატომ მიმატოვეო, შეჰღაღადებს! სანამ ჩვენ არ შევიგრძნობთ, რას ნიშნავს ძე ღვთისას ეს აგონია, წინ ვერ წავალთ. და რას ნიშნავს ეს აგონია?! ის, როგორც ადამიანი, განიცდის ამ დაშლილ სხეულს, დამსხვრევის ამ ტკივილს. ყველა ადამიანი მისია და იგლიჯება, კვდება, იმიტომ რომ ვერ აკოწიწებს, ეშინია. მანამდე გეთსემანიის ბარში ევედრება, ამაცილე, მამაოო, მაგრამ მაინც ადის ჯვარზე – კანკალით, შიშით, იმიტომ რომ ახსოვს. თავის თავის დიდი ხსოვნით სძლია ქრისტემ ამ დავიწყებულ მდგომარეობას, ანუ რეალობას. და ეს ღმერთკაცობრივი სხეული აღმდგარიდან უკვე მარცვლად გაძლევს შენც, რომ შენშიც მოხვდეს იგივე.
აქ შენ ხარ მთავარი, ანუ მთავარია თითოეული ადამიანი, ვინაიდან, რაც ჯვარზე მოხდა, იდეა და მაკეტი იყო, მეტი არაფერი, თუ ის ჩვენში არ განხორციელდება, იდეა იდეად რჩება. დიახ, იბადება კითხვა, განხორციელდება კი ჩემში?! იმიტომაც ჰქონდა იესოს ადამიანური სხეული, რომ, თუ იესოს სხეულში განხორციელდა, ესე იგი, ნებისმიერი ადამიანის სხეულში განხორციელდება. სხვათა შორის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო კათოლიკური დოგმატი, რომ ღვთისმშობელიც უბიწოდ ჩაისახა და ეს იყო მართებული გადაწყვეტილება. ამიტომაც დაიწყო ბრძოლა დოგმატებისთვის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია ამაზე წარსულში წერა!“
⭕„უმჯობესია არ აჩქარდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: tbiliselebi.ge