
დიდი ხანია, ხატია წერეთელს საზოგადოებისა და მისი მუსიკის მოყვარულთათვის ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი არ შეუთავაზებია. ამბობს, რომ ეს დროებითი ტაიმაუტია და სულ მალე ახალი სალაღობო და მხიარული რიტმის სიმღერით საზაფხულო სიურპრიზს გვიმზადებს.
ხატია წერეთელი: დიდი ხანია, აღარ გამოვჩენილვარ და ეს მხოლოდ დროებითი ტაიმაუტია. არ მიყვარს პოზიცია, როცა უთოსაც რომ ჩართავ და იქაც მე ვარ. ვფიქრობ, მარკეტინგულად ეს უკეთესია – ცოტა ხნით მიყუჩდე და მერე ისევ ამოფეთქდე.
– რამდენი ხანია, რაც მიყუჩებული ხარ და როდის ამოფეთქდები?
– დაახლოებით, ალბათ, წელიწად-ნახევარია, რაც მიყუჩებული ვარ. ბოლო პერიოდში საკმაოდ რეიტინგული იყო გადაცემები, სადაც მიწვეული ვიყავი. ვიფიქრე, მოდი, ცოტა ხნით დავწყნარდები და მერე ისევ ავფეთქდები-მეთქი და აფეთქების დროც დადგა. პოლიტიკური ვნებათაღელვა მიჩუმათდა და სანამ არჩევნების დრო მოვა, მინდა, მოვასწრო ჩემი ახალი სიმღერით გამოჩენა. როცა პროდუქტს ქმნი და ბაზარზე გამოგაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტია, სწორ დროს უნდა გამოიტანო. ნაყინი რომ შუა ზამთარში არ გაიყიდება, ვიცით. დაწერილია ახალი სიმღერა, ველოდები ჩემს რიგს სტუდიაში, როცა დრო მომიწევს, ჩავწერ და მერე ვიფიქრებ, რომელი ტელევიზიისკენ გავიწიო. ასე რომ, ზაფხულში სიურპრიზს გიმზადებთ, სახალისო, ღადაობა სიმღერით. ისეთი სიმღერაა, ერთი მოსმენით გახალისდება ადამიანი და რომ აიტაცებენ, ზუსტად ვიცი.
– თავად, როგორ არჩევ, რა დროს უნდა გამოიტანო მზის სინათლეზე შენი სიმღერა, რომ მარკეტინგულად გაამართლოს?
– დრო ირჩევა ხასიათის მიხედვით, ზოგადი ფონი უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, როცა დიდი ტრაგედია ტრიალებს, ჩემი ტაშ-ფანდურა სიმღერებით ნამდვილად არ შევურაცხყოფ სხვის ტკივილს, ასეთი რაღაცები არ მახასიათებს. უნდა გაითვალისწინო ყველა მოვლენა და ზუსტი დრო უნდა შეარჩიო, ანუ როცა გასართობ ჟანრს მღერი, უნდა იმღერო გასართობ დროს და არა იმ დროს, როცა ტრაგედია ტრიალებს და საზოგადოება მასზეა ორიენტირებული. წარმოიდგინეთ, მიტინგები რომ იმართებოდა და ერთი ამბავი იყო, მე გავსულიყავი და „ნაშა ბიჭები“ მემღერა.
– ვინც გიცნობს, იცის, არც მალავ და არაერთხელ ხმამაღლა გითქვამს კიდეც, რომ საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოიარე, რომ დღევანდელობამდე მოსულიყავი. ზოგადად, შემოქმედი ადამიანები საკუთარ ტკივილს შემოქმედებაში გადმოსცემენ ხოლმე, თუმცა, ეს შენ არ გახასიათებს, რადგან შენი ტკივილი არცერთ შენს სიმღერაში არ ჩანს.
– გამოდის, რომ კარგად ვიბრძოლე ამ ტკივილის დასაძლევად, რომ არსად არ გამოხატულიყო, მათ შორის, ჩემს სახეზეც კი. ამის ძალას კი რწმენა მაძლევს. იმდენად ძლიერი ვარ, რომ უკვე ქვა, კლდე და რკინა გავხდი (იცინის). საკმაოდ რთული იყო ის გზა, რაც მე გამოვიარე. რაც არ უნდა თავისუფალი იყო ადამიანი, გიხდება კლიშეების გადალახვა, ვიღაცების მენტალობებთან ბრძოლა, პირადი ტკივილების გადატანა და ასე შემდეგ, რაც მე გამოვიარე, მაგრამ ისეთი ტიპი ვარ, არცერთ ტკივილს არ ვუშინდები. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდი კარგის წინა საფეხურია. რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს, შინაგანად პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, კარგი წინ არის. ამით მოვედი. მაქვს პატიების განსაკუთრებული უნარი. ვფიქრობ, ეს იქიდან გამომდინარეა, რომ საკმაოდ ადრეული ბავშვობიდან ღრმად მორწმუნე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები, ჩემი ვიზუალური იმიჯიდან გამომდინარე, ფიქრობენ, ამან როგორ შეიძლება, რელიგიაზე გველაპარაკოსო. ზუსტად ვიცი, ღმერთი არასდროს გამწირავს. თუ ქრისტიანი ხარ, ჩათვალე, დაცულიც ხარ და ბონუსად შესაძლებელზე უფრო მეტიც გაქვს. ამ ყველაფერმა გამაძლიერა. ცოტა ხნის წინ დისშვილის ქმარი დამეღუპა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძალიან მიყვარდა და დღემდე ვერ მომინელებია, თუმცა, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც შავი ლენტიც კი არ გამოუფენია სოციალურ ქსელში. იმიტომ, რომ ჩემი ტკივილი ჩემშია, გულში ჩავიმარხავ და არავის გადავდებ ნეგატიურ ემოციებს. ხალხს ისედაც ეყოფა თავისი ნეგატივი, ჩემიც რომ არ დავუმატო. ასე რომ, არის პერიოდები, როცა არ მემღერება და ამ დროს სცენაზე გასვლისა და სიმღერის ჩაწერისგან თავს ვიკავებ. ზოგადად, მე ჩემი ნიშა მაქვს, ეს არის მხიარული, უფრო სწორად, სალაღობო სიმღერები და აქ ტკივილის ადგილი არ არის. როცა რამე მტკივა, დროებით ვიკეტები და ვცდილობ, ნეგატიური ემოცია ჩემშივე დარჩეს და ხალხს არ გადავუნაწილო. დრამა მირჩევნია, ჩემში დარჩეს დრამად, ვიდრე სხვას გადავაფრქვიო.
– ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერე, რომ თუ არ მოეშვებით სექსუალური და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების გამოგზავნას ჩემს მესენჯერში, ყველას საჯაროდ გამოგფენთო და რა ხდება?
– ბოლო პერიოდია, ხალხში იმატა ზედმეტმა თავაშვებულობამ და ასე, უცერემონიოდ, შეუძლიათ, გამოგიგზავნონ პორნოვიდეოები, თავისივე გადაღებული სექსუალური ურთიერთობები, ასევე, გიფები, რომელიც შეიცავს სექსუალურ კონტექსტს. არაფერი მიკვირს და არაფრის უნახავი არ ვარ, მაგრამ აბსოლუტურად უცხო ადამიანი რომ გიგზავნის თავის შიშველ ფოტოებს, ამორალურია. მორალს ძალიან გადაუხვიეს. თან, როცა მე ამის საბაბს არ ვაძლევ, მსგავს თემებზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ხშირად მითქვამს, რომ მე ჩემს შვილთან და ოჯახის წევრებთან არაფერი მაქვს დამალული, მათთან ერთად ვსქროლავ მესენჯერს და რა სიასიამოვნოა აბრიკინებულ-გადმოგდებული კაცი რომ გიგზავნის ფოტოს ან ოჯახის წევრთან რას აკეთებს. როგორ შეიძლება, მსგავსი შინაარსის, სექსუალურ-პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გაუგზავნო სხვას მესენჯერში. ამ ვიდეოებით რას ცდილობენ, ვერ ვხვდები ან რატომ ჰგონიათ, ვინმეს ყურადღებას მიიქცევენ? ან მე რატომ მიგზავნიან, ეს ხომ დასჯადია?
– შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიგიმართავს?
– არ მიმიმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის, მაგრამ პოსტი რომ დავდე საჯაროდ მე თქვენ გამოგიაშკარავებთ ყველაფერს-მეთქი, შიშის ფაქტორმა იმოქმედა. რამდენიმე დღეა, გაჩერდნენ.
თავისუფალი ადამიანი რომ ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის შიშველი ფოტოები უნდა ვსქროლო და მესენჯერში პორნოგრაფიულ ვიდეოებს ვუყურო.
– კარგია, თუ შენმა მუქარამ გაჭრა, მიხვდნენ და მსგავს საზიზღრობას აღარ ჩაიდენენ. ხატია, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჩემს პირად ცხოვრებაში იდეალური სიმშვიდე, იდეალური ჰარმონიაა, რომლის მსგავსი კარგა ხანია, არ მქონია. არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა. არც კლუბებში უყვარს სიარული, თუმცა, მე არ მიშლის. ვისთანაც ვცხოვრობ, მშვენიერი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭია, რომელსაც ვუყვარვარ, მაგრამ საჯაროდ გამოჭენება არაფრის არ უყვარს. ასეთი ტიპია. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არ ვაპირებ გათხოვებას, ეს ჩემი კრედოა. არ მიყვარს ოფიციალური მხარეები და არც ქორწილს ვგეგმავ, რადგან სამასი კაცის დაპატიჟება სუფრაზე, იმის გამო, რომ ჩემი ურთიერთობა ოფიციალურად აღიარონ, ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნეში არ არის საჭირო. მე თუ მინდა ვინმესთან ურთიერთობა, მაქვს და ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. სიყვარულის დასამტკიცებლად ცერემონიალები და ტრაფარეტული გამოფენები არ მჭირდება. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერში ხელს მიწყობს, ჩემ უკან არის, როგორც კედელი და მშვიდად ვარ. არაფერში მზღუდავს, სადაც მინდა, იქ მივდივარ. მე მიყვარს სიგიჟეები, ის კი სტაბილური ტიპია, სტაბილური ოჯახის კაცი. ჩემს ემოციებს ამაგრებს. თუ მინდა რაიმე სიგიჟის ჩადენა, ჩავდივარ – ჩემში არ კლავს გიჟ ხატიას. მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. იმას თუ არ უყვარს კლუბებში სიარული, მე არ მიყვარს სუფრასთან ჯდომა და სადღეგრძელოების მოსმენა, რომელიც უკვე ზეპირად ვიცი. თუ გინდა, ფსიქოლოგიურად შემარყიო, სამ სუფრაზე უნდა დამსვა და მეოთხე დღეს ნევროლოგთან ვიზიტი გარდაუვალია (იცინის). მოკლედ, ძალიან თავისუფალი ტიპია, ზედმეტად კეთილშობილი და ყურადღებით მანებივრებს. თუ რამე მჭირდება, მისგან მაქსიმალური ხელშეწყობა მაქვს. თურმე, ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა. ეს ის ადამიანია, რომელიც მჭირდებოდა და ვამბობ ხოლმე: ნეტა, მანამდეც ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. მერწმუნეთ, უფრო მეტს მივაღწევდი, თუნდაც, ბიზნესის კუთხით. ასეთი ადამიანი იშვიათია. ვიღაცას უნდა ფინანსური ხელშეწყობა, მე კი მამაკაცი გვერდით სხვა კუთხით მჭირდება, ანუ მჭირდება ემოციური ხელშეწყობა, მჭირდება ფიზიკური ხელშეწყობა და უფრო მეტისთვის რომ მიმეღწია, თურმე, ასეთი ტიპი მჭირდებოდა, როგორიც ახლა მყავს გვერდით. რაც ერთად ვართ, ავაშენეთ სახლი, ამ დღეებში ანაკლიაში კოტეჯი გადაგვაქვს. ტიპს აქვს ოქროს ხელები და რკინის ნერვები, რომ ყველა ჩემი სიგიჟე აიტანოს. მე თუ მომინდება და გავაფრენ, ამ ამბავსაც კოსმოსური სიმშვიდით ხვდება (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2025 წლის ზაფხულში კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება
⭕მუსიკოსი ნატო მეტონიძე 53 წლის გახდა - როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს
წყარო: tbiliselebi.ge