პროექტ „ვოისის“ გამარჯვებული და საქართველოს ხმა ევროვიზია 2023-ზე ირუ ხეჩანოვი გახდა. მის ამ მოგებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ულოცავდა ირუს გამარჯვებას, ზოგი კი აკრიტიკებდა და გასული სიუჟეტის გამო ამუნათებდა.
გამარჯვებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ვიდეო სიუჟეტი გავიდა, სადაც თითოეული მონაწილე საზოგადოებას თავის თავს აცნობდა. სწორედ ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიწყო ირუს გაკრიტიკება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი განცხადება ეგოისტურად და ამპარტავნულად მიიჩნია. ალბათ, ეს გახდა მისი გამარჯვების კრიტიკის დამსახურების მიზეზი.
ამ სიუჟეტის კომენტარებში ნათლად ჩანს ხალხის დამოკიდებულება მისი თვითშეფასებისადმი. საკუთარი აზრი ირუს შესახებ ცნობილმა მომღერლებმაც დააფიქსირეს და კონკურსში ასეთი ტონით საუბარი დაუწუნეს.
„მინახავს ცნობილი ადამიანების ამბიციები, ზედმეტი ამბიციებიც კი, ზოგმა მიაღწია რაღაცებს, ზოგიერთი მაგ ზედმეტმა ამბიციებმა დაღუპა და ჩაუძირა კარიერა.
მაგრამ შენ, როგორი უტაქტო ყოფილხარ.
ასე მთელ პროექტს და ამდენ ადამიანს თავზე გადაუარო… უბრალოდ არ მსმენია, თან ასე გახსნილად, პირდაპირ.
აპლოდისმენტებს იმსახურებ, ოღონდ სიმღერაში და ადამიანობაში ნამდვილად არა“, - წერს ვიდეოს კომენტარებში მომღერალი, ლიზა ყენია.
„ირუ ამპარტავანი ადმიანივით ალაპარაკდი უკვე.
სხვა კონკურსანტი უნდა შეაფასოს მაყურებელმა და არა შენ. არ უნდა გაჭირვებოდა შემოტრიალება, ესეც ზედმეტი იყო, შენი თავის ქება გამოგივიდა ძალიან“, - წერს ბექა ვარდოსანიძე.
„არასწორად ექცევით დანარჩენ კონკურსანტებს!
ძალიან უთანასწორო ფინალია. მონაწილეებისთვის ძალიან უხერხული და არასასიამოვნო იქნება ამ სიუჟეტის ნახვა. განსაკუთრებით ანის მიმართ ძალიან არასამართლიანი განცხადება იყო, ყველაფრის გათვალისწინებით“, - წერს მომღერალი ბარბარე სამხარაძე.
„როგორც მახსოვს მუსიკალური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, სწორედ ამ ჯგუფმა გაიმარჯვა „ევროვიზიაზე“, რატომ იჩემებს გამარჯვებას მხოლოდ საკუთარ თავზე? ამბიციურობასაც აქვს საზღვარი, გადამეტებული არაფერი ვარგა. ის რაც ფასობს ამქვეყნად, არის ადამიანობა და სხვისი შრომის დაფასების უნარი. შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რომ სხვაზე ასე აგდებულად საუბრობ და კოლეგას მოიხსენიებ დამაკნინებელ კონტექსტში?! ნულია შენი ფასი ამ ყველაფრის შემდეგ. იმღერე რამდენიც გინდა, არავის სჭირდება შენი ხმის იოგები, როცა ადამიანური არაფერი გაგაჩნია“, - წერს თამთა შერმადინი.
დიდი კრიტიკის შემდეგ კომენტარებში პირადი აზრი თავად ირუმაც დააფიქსირა:
„მაყურებლის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომ გულწრფელად მინდა ავხსნა ჩემი ნააზრევი. მესმის, ხანგრძლივობიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც ვისაუბრე, ვერ ჩაჯდებოდა ინტერვიუში, ამიტომ, მინდა ვრცლად დავწერო, თუ რა იგულისხმებოდა ჩემს ნათქვამში. მე და ანი ძალიან დავმეგობრდით კონკურსის პერიოდში და რინგის რთული ეტაპი, სწორედ ანის კარგმა ხასიათმა, კომფორტულობამ და დამოკიდებულებამ გამიმარტივა. ის დაძაბულობა, რაც მსგავს კონკურსებს ახლავს, ჩვენს შორის საერთოდ არ არსებობდა და მოუთმენლად ველი ანის გამოჯანმრთელებას, რომ ერთად უამრავი კარგი მოგონება დავაგროვოთ. რაც შეეხება ჩემს კომენტარს დათოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვისაუბრე იმაზე, თუ რატომ გაუადვილდა ჩემი აზრით დათოს გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, იმიტომ გადამიყვანა შემდეგ ტურში, რომ გაითვალისწინა ჩემი გამოცდილება კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს მომენტები სიუჟეტში არ მოხვდა და ასე დამოუკიდებლად ნამდვილად ცუდად გამოჩნდა, რისთვისაც ბოდიში პირველ რიგში ანის. არც ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემზე სუსტი მონაწილე იყო. დამერწმუნეთ, ნებისმიერი კონკურსი ძალიან სტრესულია ჩვენთვის, კონკურსანტებისთვის... თხოვნა მაქვს ყველასთან, განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებთან: ისიამოვნეთ კარგი პერფორმანსებით, კარგი შოუებით, რომელსაც ყველა მონაწილე დებს თქვენთვის, მაყურებლისთვის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მთელი გულით მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებით გამოსვლა. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაკავშირებს, ეს არის მუსიკა“.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა