Digest Logo

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის წამყვანები ლიზა წიკლაური და დავით ალადაშვილი იქნებიან

1762521644
ლიზა წიკლაური და დავით ალადაშვილი იქნებიან

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის, რომელიც საქართველოში 13 დეკემბერს გაიმართება, წამყვანები ჟურნალისტი ლიზა წიკლაური და პიანისტი დავით ალადაშვილი იქნებიან.

ლიზა წიკლაური არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი და ჟურნალისტი. ჟურნალისტურ საქმიანობას იგი 2008 წლიდან ეწევა, ხოლო 2014 წლიდან უძღვება საინფორმაციო პროგრამებს. წლების განმავლობაში ლიზამ უმასპინძლა მრავალ მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებას, კონცერტსა და სატელევიზიო პროექტს.

დავით ალადაშვილი არის პიანისტი. „სცენისთვის დაბადებულ მგრძნობიარე ვირტუოზად“ აღიარებულმა პიანისტმა პიანინოზე დაკვრა თერთმეტი წლის ასაკში დაიწყო. საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, დავით ალადაშვილი არის ტელეწამყვანი. ამჟამად საქართველოს პირველ არხზე მიჰყავს ტელეპროექტი „რანინა“.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ღონისძიება ოთხჯერ მოიგო: 2008 – „ბზიკები“, სიმღერით „ბზზ…“;  2011 – Candy, სიმღერით Candy Music; 2016 – მარიამ მამადაშვილი, სიმღერით „მზეო“; 2024 – ანდრია ფუტკარაძე, სიმღერით „დედას“.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებენ 9-დან 14-წლამდე შემსრულებლები მთელი ევროპის მასშტაბით და არამხოლოდ. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად.

ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ შოუში მონაწილეობას მიიღებენ: RTSH (ალბანეთი); AMPTV (სომხეთი); Ictimai (აზერბაიჯანი); HRT (ხორვატია); CyBC (კვიპროსი); France Télévisions (საფრანგეთი); საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო); TG4 (ირლანდია); Rai (იტალია); PBS (მალტა); RTCG (მონტენეგრო); AVROTROS (ნიდერლანდები); MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია); TVP (პოლონეთი); RTP (პორტუგალია); SMRTV (სან მარინო); RTVE (ესპანეთი); Suspilne (უკრაინა).

2025 წელს კონკურსში სამი ქვეყანა დაბრუნდა. მონტენეგრომ ბოლოს მონაწილეობა 2015 წელს მიიღო, ხოლო ხორვატიამ – 2014 წელს. 2021 წლის შემდეგ პირველად, ასევე, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე წარმოადგინა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენის დიზაინი. სცენა ღრმად არის შთაგონებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობიდან. მის ცენტრში დგას დოლი – ტრადიციული ქართული ხალხური დასარტყამი ინსტრუმენტი. ცენტრალური სცენის გარშემო სკულპტურული ფორმებია აღმართული, რომლებიც შთაგონებულია ქვეყნის შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტებით, ციხესიმაგრეებითა და კოშკებით, რომლებიც საქართველოს რელიეფზეა მიმოფანტული. სცენასთან ერთად, ასევე წარმოდგენილია 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თემატური ვიზუალური აიდენტიკა და სლოგანი „მუსიკა გვაერთიანებს“.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ანიტა აბგარიანი საქართველოს, საბავშვო „ევროვიზია 2025“-ზე სიმღერით „იბრწყინე ვარსკვლავივით“ წარადგენს

🎥 ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

🎥 „სოცქსელებში ხშირად მიწერენ: „ჩონჩხს დაემსგავსეო“...ზოგჯერ საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადების პროცესში დასვენებისთვის დრო არ მრჩება“ - გვანცა დარასელია ცხოვრების ჯანსაღ წესზე

წყარო: 1tv.ge