
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის.
მცირე ნაპერწკალმაც კი შესაძლოა დიდი ფართობის ხანძარი გამოიწვიოს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით რისკის ზონებში გააძლიერა მონიტორინგი.
მეხანძრე-მაშველები ყველა საჭირო აღჭურვილობით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ ტყის მასივებში, რათა თავიდან აიცილონ საფრთხე.
სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა:
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა რისკის ზონებში მონიტორინგი. პრევენციის და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები, ყველა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ ტყის მასივებში პატრულირებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით